გუშინ Vice Media Group-მა გაკოტრების შესახებ განაცხადი ოფიციალურად შეავსო. ციფრული მედიასააგენტოს აქტივებს Fortress Investment Group-ი და Soros Fund Management-ი შეისყიდიან. ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში შეტანილი გაკოტრების განცხადების თანახმად, კომპანია საკუთარ აქტივებს 500 მილიონიდან 1 მილიარდამდე აფასებს.
როგორც აღმოჩნდა, Vice Media-ს უმსხვილესი კრედიტორი Fortress Investment Group-ია, რომელიც გაკოტრებული მედიასააგენტოსაგან 475 მილიონ აშშ დოლარს ითხოვს. თუმცა კრედიტორთა კონსორციუმი Vice Media-ს აქტივების შესასყიდად მზად არის, $225 მილიონი გადაიხადოს.
საინტერესოა, რომ შეთანხმების მიხედვით, კრედიტორები Vice Media-სთვის დამატებით 20 მილიონი აშშ დოლარის სესხებას დათანხმდნენ, რათა აქტივების გაყიდვის პროცესში კომპანიამ საოპერაციო ხარჯები დაფაროს.
კომპანიის გაყიდვას მომდენო 2-3 თვის განმავლობაში ელოდებიან, თუკი Vice უკეთეს შეთავაზებას არ მიიღებს. ცნობისათვის, რამდენიმე წლის წინ კომპანიის ღირებულება 5.7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. Vice Media-მ Disney-სგან 3.5-მილიარდიანი შესყიდვის შეთავაზებაზეც უარი თქვა, თუმცა ბოლო პერიოდის განმავლობაში ფინანსური პრობლემები დაიწყო და კომპანია მოგებაზე გასვლას ვეღარ ახერხებდა. საბოლოოდ, Vice Media-ს გაკოტრების ოფიციალურად გამოცხადება მოუწია.