Volkswagen-ის ძვირად ღირებული სპორტული მანქანების მიმართულება Porsche ელემენტების მწარმოებელ გერმანულ კომპანია Customcells-თან თანამშრომლობით მაღალხარისხიანი ელემენტების წარმოებას აპირებს, რაც ელექტრომობილებს შესაძლებლობას მისცემს, დამუხტვისთვის საჭირო დრო მნიშვნელოვნად შეამციროს. ამის შესახებ Volkswagen-ი იტყობინება.
როგორც Reuters-ი წერს, აღნიშნული პროექტი გააუმჯობესებს ელემენტების ხარისხს, შეამცირებს ელემენტების წარმოების ხარჯებს და ელექტრომობილებს უფრო ხელმისაწვდომს გახდის.
ევროპელი ავტომწარმოებლები ამ ნაბიჯით აზიურ კომპანიებზე დამოკიდებულების შემცირებას შეეცდებიან, ვინაიდან ევროპაში ეტაპობრივად ყველა ავტომწარმოებელი ცდილობს, მაქსიმალურად ეკომეგობრული მანქანების წარმოებაზე გადავიდნენ, რაც დაეხმარება მათ, გამონაბოლქვის შემცირების შესახებ ევროკავშირის სამიზნე მაჩვენებელს მიუახლოვდნენ.
Porsche აცხადებს, რომ Customcells-თან ერთობლივ პროექტში მილიონობით ევროს ინვესტირებას აპირებს. ბიზნესში მისი წილი 80% იქნება.
ცნობისთვის, კომპანია Customcells-ი გერმანიის ქალაქ ტიუბინგენში მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ Porsche-ს მფლობელი კომპანია Volkswagen-ი ევროპის მასშტაბით რამდენიმე ელემენტების მწარმოებელი ქარხნის აშენებას და ელექტრომობილების ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გლობალურად მუშაობას აპირებს.
დატოვე კომენტარი