ავტოინდუსტრია უმნიშვნელოვანესი ცვლილების წინაშეა – Volkswagen Group-მა შვილობილი კომპანიის, Porsche-ს აქციების ნაწილის საფონდო ბირჟაზე განთავსების გადაწყვეტილება მიიღო.
VW-ს შეფასებით, IPO-ს მოცულობა დაახლოებით 75 მილიარდი აშშ დოლარის ფარგლებში იქნება, რაც აღნიშნულ გარიგებას ევროპის ისტორიაში ერთ-ერთ უმსხვილეს ლისტინგად აქცევს.
გერმანული პრემიუმ-კლასის, სარბოლო და სპორტული ავტომობილების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლობა დარწმუნებულია, რომ საფონდო ბირჟაზე დალისტვის შემდეგ, Porsche-ს მიმართ ინვესტორთა დაინტერესება მაღალი იქნება.
საგულისხმოა, რომ Porsche ყველა დროის ყველაზე წარმატებულ სარბოლო ბრენდად მიიჩნევა, რომელსაც ლე-მანის 24-საათიან რბოლაში 19 აბსოლუტური გამარჯვება აქვს მოპოვებული, რაც მსოფლიო რეკორდია.
გარდა რბოლისა, Porsche-ს კომფორტიცა და ტექნოლოგიურობაც გამოარჩევს. Panamera და Cayenne-ი ამის თვალსაჩინო მაგალითებია. რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივას, გერმანული კომპანია ელექტრომობილების მზარდ ბაზარზეც გეგმავს ლიდერობის მოპოვებას, მაგალითად, Porsche Taycan-მა უკვე მოიპოვა Top Gear-ის, Drive-ისა და EVO-ს საუკეთესო ელექტრომობილის წოდება.
Porsche-თი დაინტერესებულ უმსხვილეს ინვესტორთა შორისაა: Qatar Investment Authority, T. Rowe Price Group-ი, Norges Bank-ი და Abu-Dhabi Developmental Holding Company.
Porsche-ს ლისტინგით მიღებული თანხის 49%-ს VW-ს აქციონერები დივიდენდის სახით მიიღებენ, დარჩენილი ნაწილი კი რეინვესტირებაზე დაიხარჯება.
დატოვე კომენტარი