პორტფელების მენეჯერი ფონდების ქვეყანაში

პორტფელების მენეჯერი ფონდების ქვეყანაში

ბექა ფიფიას მიზნების დამოუკიდებლად მიღწევის სურვილმა საქართველოდან წასვლა უბიძგა და ფრანგულ-ამერიკული განათლების მიღების შემდეგ კარიერა ლუქსემბურგში გააგრძელა. ახლა იგი 1.5 მილიარდამდე ევროს კაპიტალიზაციის მქონე THREESTONES-ის პორტფელებს ხელმძღვანელობს და საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს.

უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა უცხო­ურ უნივერ­სი­ტე­ტებ­ში მი­ი­ღეთ და წლე­ბი­ა, ლუქ­სემ­ბურ­გ­ში ცხოვ­რობთ. რა­ტომ ლუქ­სემ­ბურ­გი და არა სხვა რო­მე­ლი­მე ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნა?

2000 წელს ჩვენი ოჯახი საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად. მე და ჩემმა და-ძმამ კი საერთაშორისო სკოლაში გავაგრძელეთ სწავლა. მშობლებმა ყველანაირი პირობა შეგვიქმნეს იმისთვის, რომ ევროპული განათლება მიგვეღო. ბრიტანეთში, ნოტინგემის ბიზნესსკოლაში ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი გავხდი, შემდეგ კი, მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად, მეუღლესთან ერთად ბოსტონში, აშშ-ში გავემგზავრე, სადაც MBA და MSF-ი ვისწავლე. როდესაც სამი შვილის მშობლები გავხდით, დასახლება გადავწყვიტეთ ლუქსემბურგში – ქვეყანაში, რომელიც ცხოვრების მაღალი სტანდარტით გამოირჩევა.

ლუქსემბურგს აქვს აყვავებული და სტაბილური ეკონომიკა, ერთ სულ მოსახლეზე მაღალი მშპ, არის მთავარი ფინანსური ცენტრი ძლიერი საბანკო და ფინანსური მომსახურების სექტორით. არის ძალიან უსაფრთხო, მრავალფეროვანი, მრავალენოვანი და მიუხედავად მცირე ზომისა, მას მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა აქვს, მათ შორისაა მუზეუმები, თეატრები და ფესტივალები, რაც ჩვენთვის მიმზიდველი იყო.

პრო­ფე­სი­უ­ლი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბაში სხვა­დას­ხ­ვა სა­ფი­ნან­სო კომ­პა­ნია­ში მუ­შა­ობ­დით. რა­ტომ და­ინ­ტე­რესდით ამ სფე­რო­თი?

ბავშვობიდან ჩემთვის მოტივაციის მომცემი იყო მამა, რომან ფიფია, რომელმაც, მიუხედავად უამრავი სირთულისა, წარმატებული ბიზნესი სულ მარტომ, დამოუკიდებლად შექმნა. მისი მიზანდასახულობა და სასარგებლო საქმის კეთების სურვილი ყოველთვის შთამაგონებდა.

საინვესტიციო სფეროში მუშაობა ადრეული ასაკიდანვე მინდოდა. სწორედ მამამ მირჩია, რომ სანამ ასეთ საპასუხისმგებლო საქმიანობას დავიწყებდი, გამოცდილების მისაღებად გაყიდვების, მოლაპარაკებებისა და პროექტების მენეჯმენტში, ისეთ კომპანიებში მემუშავა, რომლებიც ცოდნის გარღმავებაში დამეხმარებოდა.

კარიერა „საქართველოს ბანკში“ კორპორაციული ბანკირის პოზიციაზე დავიწყე, რასაც შემდგომ კერძო საავიაციო კომპანია Luxaviation-ი და საინვესტიციო ორგანიზაცია LCG მოჰყვა. ლუქსემბურგში მუშაობისას მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ საინვესტიციო ინდუსტრიაში კარიერის სწრაფად განვითარების საშუალება მომცა.

ამ­ჟა­მად მუ­შა­ობთ ალ­ტერ­ნა­ტი­ულ საინ­ვეს­ტი­ციო ფონდ Threestones Capital Management S.A.-ში პორ­ტ­ფე­ლის მე­ნეჯმენ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე. რას გვეტყ­ვით ამ კომ­პა­ნი­ის შე­სა­ხებ? რას გუ­ლის­ხ­მობს „ალტერნატიული საინ­ვეს­ტი­ციო ფონ­დი“ და რო­მელ ქვეყნებ­ში ოპე­რი­რებს ის?

Threestones Capital-ი ინვესტიციების მართვის დამოუკიდებელი ჯგუფია, რომლის სათავო ოფისი ლუქსემბურგში მდებარეობს და კერძო კაპიტალს ლუქსემბურგის ფინანსური ორგანოების (CSSF) ზედამხედველობის შესაბამისად მართავს. ფონდის ამჟამინდელი კაპიტალიზაცია 1.5 მილიარდ ევრომდეა. კომპანია ინვესტიციებს ახორციელებს ჯანდაცვის სფეროში, უძრავი ქონების აქტივებში და ფოკუსირებულია მოხუცთა სახლებსა და სპეციალიზებულ ჯანდაცვაზე.

ფონდი მოზიდულ ინვესტიციებს აბანდებს და ინვესტორებს სარგებელს უბრუნებს, თუმცა ეს ხდება არა უვადოდ, არამედ ყოველ 6-8 წელიწადში ერთხელ. პირველ პორტფელზე მოგებამ 13% შეადგინა, დაახლოებით ამდენივე იყო მოგება მეორეზეც. უნდა ითქვას ისიც, რომ ახლანდელი პორტფელი რამდენიმე ქვეყანაში ერთდროულადაა დაბანდებული, რაც პირველად მოხდა. კომპანია ახლა ფინანსების მოზიდვის რეჟიმშია, რაც აქ მუშაობას ძალიან რთულს, მაგრამ, ამავე დროს, საინტერესოს და შემოსავლიანს ხდის.

რო­გორ მუ­შა­ობს მო­ხუც­თა თავ­შე­საფრებ­ში ინ­ვეს­ტი­რე­ბის მო­დე­ლი, რა უპირა­ტე­სო­ბა და რის­კი ახ­ლავს თან?

Threestones-ის სტრატეგია გულისხმობს უძრავი ქონების შეძენას და წამყვანი ოპერატორებისთვის მის მიქირავებას 20-25-წლიანი იჯარით, რომელიც ინფლაციისგან დაცულია. ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, სადაც მოთხოვნა ბევრად აღემატება მიწოდებას, საშუალებას გვაძლევს, ინვესტიცია პატარა ქალაქებში განვახორციელოთ. ინვესტიციის ღირებულება არა მხოლოდ უძრავ ქონებაში, არამედ იჯარის ხელშეკრულებაშიცაა, რომელსაც მხარს უჭერს სხვადასხვა საპენსიო სქემა და დაზღვევა.

მრავალწლიანი გამოცდილება და ბაზრის ცოდნა Threestones-ს გარიგებებისას მაღალ მოგებაზე გასვლის საშუალებას აძლევს. ბიზნესმოდელი ძალიან სტაბილურია, თუმცა თვითონ ოპერატორები არ არიან მთლად დაზღვეულები ხელფასების ზრდის, ენერგიის დანახარჯებისა და ჰიპერინფლაციური რყევებისგან. რისკი პროფესიონალი კადრების ნაკლებობაც შეიძლება იყოს.

შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა ამ მო­დე­ლის სა­ქარ­თ­ვე­ლოს რე­ა­ლო­ბა­ში გად­მო­ტანა?

დასავლეთ ევროპის სხვა მრავალი ქვეყნის მსგავსად, საქართველოშიც იგივე დემოგრაფიული ტენდენციებია, რაც ამ ბიზნესმოდელს შეუწყობს ხელს. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ქართველები, ისევე როგორც იტალიელები, თავს არიდებენ მოხუცთა თავშესაფარში ოჯახის წევრების გაგზავნას და ამ იდეას ხშირად ნეგატიურად უყურებენ, თუმცა ეს განწყობა სწრაფად იცვლება.

უამრავ მოხუცს აწუხებს იმგვარი დაავადებები, როგორიცაა ალცჰაიმერი, პარკინსონი ან დემენცია, რაც ოჯახებისთვის მათ მოვლას თითქმის შეუძლებელს ხდის. მოხუცთა სახლებს კი სპეციალიზებული პერსონალი ჰყავს და ასეთი პაციენტების მოსათავსებლად ხელსაყრელი პირობებია. შენობები იმგვარადაა მოწყობილი, რომ ადამიანები თავს სახლში გრძნობენ და არა საავადმყოფოში.

მსგავსი ბიზნესმოდელის წარმატებას საქართველოში კანონმდებლობის ცვლილებაც სჭირდება, ჯანდაცვაზე ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს წვდომა. სახელმწიფომ უმწეო მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება უნდა უზრუნველყოს, ხოლო კერძო დაზღვევამ – გადახდილი აანაზღაუროს.

კი­დევ რის­გან შედ­გე­ბა კომ­პა­ნი­ის პორ­ტ­ფე­ლი?

გარდა ჯანდაცვისა, Threestones-ი ინვესტირებას ახორციელებს კლასიკურ საცხოვრებელ სექტორში, იძენს შენობებს და ქირაობს ცალკეულ ერთეულებს. ჩვენ ფოკუსირებული ვართ იმ ქალაქებზე, სადაც მსხვილი უნივერსიტეტებისა თუ მწარმოებელი კომპანიების მხრიდან დიდი მოთხოვნაა. ცოტა ხნის წინ დავიწყეთ ინვესტირება ბიზნესის ოპერაციულ ნაწილში და ვცდილობთ, ლიცენზია მივიღოთ, რათა არსებულ ტენდენციებს სრულად მოვერგოთ.

ფი­ნან­სუ­რი თვალ­საზ­რი­სით ლუქ­სემბურ­გი ერ­თ­-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნელო­ვა­ნი ქვე­ყა­ნაა და აშ­შ­-ის შემ­დეგ მე­ო­რე უმ­ს­ხ­ვი­ლე­სი ცენ­ტ­რია სა­ინ­ვესტი­ციო ფონ­დე­ბის­თ­ვის. რა მდგო­მარე­ო­ბაა ამ კუთხით სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბით მუ­შა­ო­ბენ სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფონ­დე­ბი და რა არის ქვეყ­ნის პრობ­ლე­მა?

საქართველოს, გეოგრაფიული უპირატესობისა და მყარი ფინანსური სექტორის გათვალისწინებით, პერსპექტივა აქვს, საფონდო ინდუსტრიის რეგიონული ცენტრი გახდეს. შეიძლება გაკეთდეს იმგვარი რამ, რაც ლუქსემბურგმა ორი ათწლეულის წინ გააკეთა – განვითარდეს ბიზნესმეგობრული გარემო ახალი რეგულაციებითა და საგადასახადო რეჟიმებით. ამან შეიძლება საფონდო ინდუსტრია გააფართოოს და მეზობელი ქვეყნები რეგულირებადი ფონდების გასახსნელად მოიზიდოს.

რა ტენ­დენ­ცი­ით ხა­სი­ათ­დე­ბა სა­ინვეს­ტი­ციო სექ­ტო­რი მსოფ­ლი­ო­ში? რა შე­იც­ვა­ლა რუ­სე­თის­თ­ვის და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქ­ცი­ე­ბის შემ­დეგ?

ერთ-ერთი თვალში საცემი ფაქტორი – უძრავი ქონების გაძვირებაა, რაც ბევრი ქვეყნის ბაზარზე შესვლას ართულებს. სწორედ ამიტომ დავიწყეთ ახალი ბაზრების ძიება და ახლა ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანა – პოლონეთია.

Threestones-ს არავითარი ბიზნესურთიერთობა არა აქვს რუსეთთან, მაგრამ რუსეთისთვის დაწესებულმა მკაცრმა ეკონომიკურმა სანქციებმა მოკლევადიან პერიოდში ენერგიის ფასების ზრდა გამოიწვია, რამაც ჩვენი ოპერატორების შემოსავლებზე მოახდინა გავლენა.

ამ ფორსმაჟორული სიტუაციის პროგნოზირება რთული იყო ჩვენი ბიზნესმოდელისთვის და იძულებულნი გავხდით, ახალი სტრესტესტები შემოგვეღო. ამის მიუხედავად, ევროკავშირმა საოცრად კარგად შეძლო პრობლემასთან გამკლავება, რასაც ბევრი შეუძლებლად თვლიდა.

გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დი „საქართველოს ბან­კ­შიც“ მუ­შა­ობ­დით – რით გან­ს­ხ­ვავდე­ბა ქარ­თუ­ლი სა­ბან­კო სექ­ტო­რი ლუქსემ­ბურ­გუ­ლის­გან?

ლუქსემბურგი ევროპაში უმსხვილესი ცენტრია საინვესტიციო ფონდებისთვის, აქ არის 3,600-ზე მეტი ფონდი და 120-ზე მეტი საერთაშორისო ბანკი. უმეტეს შემთხვევაში, ისინი მომხმარებელს კლასიკურ საბანკო მომსახურებას სთავაზობენ. განსხვავებით საქართველოსგან, რომლის საბანკო სექტორში გაციფრულების მაღალი სტანდარტია დანერგილი, ლუქსემბურგში ფინანსურ ინსტიტუტთან ურთიერთობა კვლავ ფიზიკურად, დოკუმენტებით გვიწევს.

საქართველოში კომერციული ბანკები, გარდა საბანკო მომსახურებისა, ფლობს სხვადასხვა ბიზნესს, რაც ლუქსემბურგში გამორიცხულია. საქართველოში ბანკების არეალი ბაზრის მონოპოლიზებისა და ახალი მოთამაშეებისთვის ბარიერების შექმნამდე გაფართოვდა. თუ საინვესტიციო ფონდების მოსაზიდად რეგულაციები იქნება მიღებული, ეს კონკურენციასაც გაზრდის და ბანკებიც თავიანთ ძირითად საქმიანობაზე გადაერთვებიან.

რა სარ­გე­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ტა­ნოს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რობის კან­დი­და­ტის სტა­ტუს­მა?

ერთ მარტივ მაგალითს მოვიყვან. ჩვენი კომპანიის ვებგვერდის განახლებისთვის პროფესიონალს საქართველოში ვეძებდით და იმის გამო, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი არაა, პროცესი ძალიან ხანგრძლივი და ჩახლართული იყო. კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ კი კანონმდებლობები უფრო მეტად ჰარმონიზდა და პროცესი ბევრად უფრო გამარტივდა.

დიდი იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან, საქართველო ევროკავშირის წევრიც გახდება, რაც ბიზნესისთვის, სოფლის მეურნეობისა და სხვა დარგებისთვის ფინანსებზე წვდომას მოიტანს. საპროცენტო განაკვეთები იქნება კონკურენტული, ეს კი განვითარებისთვის აუცილებელია და უამრავი სარგებელი მოაქვს მთლიანად ქვეყნისთვის, ბიზნესისთვის და თითოეული მოქალაქისთვის. რაც მთავარია, გაიზრდება დაცულობის ხარისხი და კანონის უზენაესობა.

გა­და­ვი­დეთ სას­ტუმ­რო Hyatt Regency Tbilisi-ზე, რო­მელ­ზე მუ­შა­ო­ბაც წლე­ბის წინ და­იწყეთ. მი­სი გახ­ს­ნა ჯერ კი­დევ 2017 წელს იგეგ­მე­ბო­და, თუმ­ცა თა­რი­ღი გა­და­ი­დო – რა­ტომ შე­ფერ­ხ­და პრო­ცე­სი და რა ეტაპ­ზეა პრო­ექ­ტი ახ­ლა?

სასტუმროსთვის შენობა 2013 წელს შევიძინეთ, თუმცა, სამწუხაროდ, გარკვეული პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემების გამო პროექტი შეჩერდა. ჩვენს ახალ პარტნიორებთან ერთად მთლიანად დავასრულეთ აღდგენითი სამშენებლო სამუშაოები. ინვესტიცია 80 მილიონ აშშ დოლარამდეა და ვიმედოვნებთ, რომ ობიექტი 2-3 წელიწადში გაიხსნება. ეს შენობა უნიკალურია თავისი ისტორიით, სილამაზით და შევეცდებით, მომხმარებელს საინტერესო პროექტი შევთავაზოთ.

რა გეგ­მე­ბი გაქვთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბით? ხომ არ აპი­რებთ დაბ­რუნე­ბას და საქ­მი­ა­ნო­ბის აქ გაგ­რ­ძე­ლებას?

სიმართლე გითხრათ, ახლო მომავალში ამას არ განვიხილავ, რადგან განვითარებისთვის ნაკლები პირობებია. Threestones Capital-ში მიღებული გამოცდილება კარიერულ წინსვლაში ძალიან დამეხმარა და წინ კიდევ ახალი გეგმებია, რაც ჩემთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. თუმცა ვაპირებ, ჩემს ოჯახთან ერთად გავხსნა საინვესტიციო ფონდი, რომელიც ევროპის გარდა საქართველოზეც იქნება ორიენტირებული.

ფოტო: ოქსანა სტარიკოვა

S

დატოვე კომენტარი

6 კომენტარი

  1. Heyy I know this iss off tkpic buut I wwas wondering
    if you knew of any idgets I could addd to mmy blog
    thjat automatically tweet my newest twitter updates.
    I’ve bren loiking foor a plug-in like this
    forr quite some time and was hoping maybe yyou wouod have some expereience witth
    soimething lie this. Please let me know iif you runn innto anything.

    I truly enjoy reeading your blog andd I look forward to yur new updates.

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *