გიორგი გახარია პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადადგა – ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თავად განაცხადა. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, გადაწყვეტილება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეს უკავშირდება.
“მოგეხსენებათ, გუშინ სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც დიდად არასოდეს სცემდა პატივს ქართულ კანონმდებლობას და რომელიც 20 ივნისს, ჩვენს მოქალაქებს მოუწოდებდა პარლამენტის შტურმისკენ. ის იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი პარლამენტში შეჭრის, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი აბსოლუტურად ურყევი პოზიციაა, რომ ერთი ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, ან ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი.
დღეს განსაკუთრებით, როცა პოლიტიკური დაძაბულობა და პოლარიზაცია, თვითონ ქვეყნის განვითარებას და შემდგომ ქვეყნის უსაფრთხოების და მომავლის რისკებს ქმნის, მაშინ, როცა ყველანი ერთად ვებრძვით გლობალურ პანდემიას, ეკონომიკურ კრიზისს, რეგიონულ გამოწვევებს და რაც მთავარია, ყველანი ერთად ვებრძვით პოლიტიკურ პოლარიზაციას, რათა უკეთესი მომავალი შევუქმნათ ჩვენს შვილებს, ასეთი ღონისძიება უნდა ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც გადაზღვეული იქნება ყველა სახის რისკი.
მე სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მე მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან. მე მჯერა და მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რამეთუ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება ჩვენს შორის არის ყველაზე დიდი რისკი ჩვენი ქვეყნისთვის, მისი ეკონომიკური განვითარების და ყველა სახის კრიზისის გამკლავებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერმინისტრის პოსტს გიორგი გახარია 2019 წლის სექტემბრიდან იკავებდა; 2019 წლის აპრილიდან 2019 წლის სექტემბრამდე იყო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი. 2017 წლის 13 ნოემბრიდან 2019 წლის სექტემბრამდე იკავებდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ასევე – საქართველოს ვიცე-პრემიერის თანამდებობას. 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის ნოემბრამდე იკავებდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას; 2014 წლის დეკემბრიდან 2016 წლის სექტემბრამდე იგი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში – ეკონომიკური საბჭოს მდივანი; 2013 წლის მარტიდან 2016 წლის ივლისამდე იყო საქართველოს ბიზნესომბუდსმენი.
დატოვე კომენტარი