პრეზიდენტი ერდოღანი: თურქეთი კრიპტოვალუტებს ებრძვის

პრეზიდენტი ერდოღანი: თურქეთი კრიპტოვალუტებს ებრძვის

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით მთავრობის პოზიცია განმარტა და განაცხადა, რომ ქვეყანა კრიპტოვალუტებთან ომში იმყოფება. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თურქეთი საკუთარი ვალუტით სარგებლობას გააგრძელებს.

თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თურქეთის 81 პროვინციის უნივერსიტეტებიდან მოწვეული სტუდენტების კითხვებს „ახალგაზრდებთან შეხვედრის“ პროგრამის ფარგლებში უპასუხა. აღნიშნული ღონისძიება თურქეთის სამხრეთით მდებარე საპორტო ქალაქში გაიმართა, რომელიც ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ ჰაბს წარმოადგენს.

ღონისძიების მსვლელობისას ერთ-ერთმა სტუდენტმა პრეზიდენტს კითხვა სწორედ კრიპტოვალუტების შესახებ დაუსვა. „ჩემი შეკითხვა კრიპტოვალუტებს უკავშირდება. ცოტა ხნის წინ, თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა ციფრული ლირის პლატფორმა შექმნა. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ თურქეთი კარებს უხსნის კრიპტოვალუტებს?“ – იკითხა სტუდენტმა.

საპასუხოდ კი რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ რეალურად ყველაფერი პირიქითაა და თურქეთი მათ წინააღმდეგ ცალკე ომშია ჩაბმული. მან განმარტა, რომ კრიპტოვალუტები პრივილეგიებს ვერ მიიღებენ და სახელმწიფო საკუთარი ვალუტით სარგებლობას განაგრძობს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ვიცე-თავმჯდომარემ, ბინალი ილდირიმმა, გამოხატა და აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტებს დიდი უკმაყოფილება მოჰყვება, ამიტომაც მისი მკაცრი კონტროლია საჭირო.

თურქეთის მთავრობის უმაღლეს პირებს აღნიშნული დამოკიდებულების არგუმენტად კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული თაღლითობის შემთხვევები მოჰყავთ. შეგახსენებთ, რომ აგვისტოში თურქეთში Dogecoin-თან დაკავშირებული თაღლითური სქემის გამოვლენის შემდეგ, რომელმაც 1500 ინვესტორი დააზარალა,  გამოძიება მიმდინარეობს.

 

ფოტო: AA

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *