ივნისში რუსეთში ნაღდ ფულზე მოთხოვნა გაიზარდა, შედეგად რუსული ბანკებიდან გასულ თვეს თითქმის ნახევარი ტრილიონი რუბლი გაიტანეს. ამასთან, რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 100 მილიარდი რუბლი 23-25 ივნისს, ვაგნერის დაჯგუფების ამბოხის დროს იქნა გატანილი.
რუსეთის ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, რომ მიმოქცევაში ნაღდი ფულის ოდენობის ზრდა „მონეტარული პოლიტიკის წარმართვაში პრობლემებს არ იწვევს“.
ფინანსური ბაზრის რისკების მიმოხილვისას ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა აღნიშნა, რომ 23-25 ივნისს „შიდა პოლიტიკურმა მოვლენებმა რუსეთში“ უმნიშვნელო გავლენა მოახდინა რუბლის დინამიკაზე. მარეგულირებელმა არ დააკონკრეტა რა მოვლენებზეა საუბარი, თუმცა, სწორედ ამ დღეებში მიმდინარეობდა ვაგნერის დაჯგუფების სამხედრო ამბოხი.
რუსეთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრემიერი ანდრეი ბელუსოვის თქმით, პრიგოჟინის აჯანყების დროს სამხრეთ რუსეთში, მათ შორის როსტოვის, ვორონეჟისა და ლიპეცკის რეგიონებში, ნაღდი ფულის მოთხოვნა 70-80%-ით გაიზარდა. მისი თქმით, 25 ივნისს ნაღდ ფულზე მოთხოვნამ კლება დაიწყო და 26 ივნისისთვის კი ყველაფერი დასტაბილურდა.
შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს ვაგნერის დაჯგუფების დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა მოსკოვის წინააღმდეგ „სამართლიანობის მარში“ გამოაცხადა და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაქირავებულთა ბანაკზე თავდასხმაშიც დაადანაშაულა. შედეგად, ვაგნერის ქვედანაყოფები დონის როსტოვში შევიდნენ და მოსკოვისკენ დაიძრნენ. სამხედრო აჯანყება 24 ივნისის საღამოს დასრულდა, პრიგოჟინის რუსეთის ხელისუფლებასთან შეთანხმებით, რომლის თანახმადაც, პრიგოჟინი „ბელარუსში გადავიდოდა“.