სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ, მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ ე,წ პროდაქშენ კომპანია დაარსეს და იდეის განსახორციელებლად Netflix-თან ხელშეკრულება გააფორმეს. გარიგება რამდენიმეწლიანია და იგი ითვალისწინებს მეგანისა და ჰარის კომპანიის მიერ წარმოებული პროექტების Netflix-ზე გაშვებას.
ეს გადაწყვეტილება ჰარისა და მეგანის მიერ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ვალდებულებებისგან ჩამოშორებას მოჰყვა, რის შემდეგაც წყვილი ლოს-ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად. მიუხედავად იმისა, რომ მათ ახლა კინოინდუსტრიაში გადაინაცვლეს, მეგანმა თავისი სამსახიობო კარიერის გაგრძელებაზე უარი თქვა.
“ჩვენი მიზანია შევქმნათ კონტენტი, რომელიც როგორც ინფორმაციულია, ასევე შთამაგონებელი და იმედისმომცემია. როგორც ახალბედა მშობლებისთვის, ჩვენთვის შთამაგონებელი კინო პროექტები მნიშვნელოვანია,” – განაცხადეს მათ New York Times-თან ინტერვიუში.
“Netflix-ის დიდი აუდიტორია დაეხმარება ჩვენს კინო-პროექტებს, რომ უფრო მეტი გავლენა იქონიონ და მაყურებლები შთააგონონ”, – დასძინეს მათ.
შეგახსენებთ, რომ Netflix-ს ამ დროისთვის 193 მილიონი გამომწერი ჰყავს მთელ მსოფლიოში.
დატოვე კომენტარი