ვენჩურული კაპიტალის ლეგენდა ტედ დინტერსმიტი ამერიკული სასკოლო სისტემისთვის ძირის გამოთხრის, ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილისა და ერთი საგანმანათლებლო იდეის შესახებ, რომელშიც კაპიტალს დააბანდებდა.
თქვენ წარმატებული ვენჩურ-კაპიტალისტი იყავით. ახლა კოლეჯის განათლებაზე გსურთ იერიშის მიტანა. რატომ?
ჩემი შვილები სკოლაში რომ დადიოდნენ, ეს რა ჯანდაბააო, გაიძახოდნენ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს განმანათლებლებს უნდათ, ბავშვებს ყველა საჭირო უნარი და პრინციპი გამოაგლიჯონ.
რას აკეთებენ განმანათლებლები?
125 წლის მოდელით მუშაობენ. მაგრამ ახლა კიდევ უარესი მდგომარეობაა მთელი ამ „სამეფო კარის თამაშისებრი“ კონკურენციით საუკეთესო კოლეჯებში მოსახვედრად.
მაგრამ „სამეფო კარის თამაშების“ წნეხი ბავშვებს ხომ იძულებულს ხდის, უფრო აქტიურები იყვნენ?
აბსოლუტურად არ გეთანხმებით. ამერიკაში ტინეიჯერების თვითმკვლელობათა რიცხვი და დეპრესიისა და შფოთვის მაჩვენებლები იზრდება. ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიური სინდრომისთვის მსოფლიოში გამოწერილი წამლების უდიდეს ნაწილს სწორედ ამერიკელი ბავშვებში მოიხმარენ.
ონლაინგანათლება ხომ არ არის გამოსავალი?
მოდი, ამ საკითხში თეთრი ყვავი ვიქნები: ბავშვებს მათემატიკური პროცედურების ხანმოკლე მეხსიერებაში ჩატენის პროცესს თუ გაუადვილებ, ეს განათლების სისტემის ცვლილება არ იქნება. დრომოჭმული რამეების უკეთ კეთება არ გვჭირდება. საჭიროა, უკეთესი რამეები ვაკეთოთ.
რა არის უკეთესი რამეები?
გამოთვლები აღარ გვჭირდება, მე თუ მკითხავთ. გვჭირდება სტატისტიკა.
განმარტეთ.
აი, იკითხეთ: „ჰეი, Boeing, Microsoft, თქვენთან ინტეგრალებსა და წარმოებულებს ვინმე ხელით ითვლის?“ სასაცილოა. ამ ყველაფერს კომპიუტერი აკეთებს. მაგრამ აი, სტატისტიკა… ყველა კომპანია, ვისთანაც მისაუბრია, გამალებით ეძებს ადამიანს, რომელსაც მონაცემთა ანალიზის უნარი ექნება, მონაცემთა ანალიზისთვის კი სწორედ სტატისტიკაა საკვანძო. იქნება ეს დიდი სამედიცინო გადაწყვეტილებები თუ დიდი საინვესტიციო გადაწყვეტილებები, სტატისტიკური ჩარჩო გჭირდება.
ამას წინათ, ამ საკითხზე მოსწავლეთა კოლეჯში მიღებაზე პასუხისმგებელ 250 პირს ესაუბრეთ. რა გითხრეს?
თქვეს, გამოთვლები იმიტომ მოგვწონს, რომ რთულიაო, ეფექტიანი გზაა, ბავშვები ერთმანეთს შეადაროო. რა ცუდი არგუმენტია.
ვერ აცნობიერებენ, რამდენი ნიჭიერი ბავშვი ვერ ხვდება კოლეჯში?
იციან, მაგრამ არ აინტერესებთ. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა (MIT), დიდი ზარ-ზეიმით, განაცხადა, რომ აპირებს აპლიკანტების Maker Portfolio-ებს მიაქციოს ყურადღება – პროექტებს, რომლებსაც ბავშვები კლასგარეშე აკეთებენ. წარმოიდგინეთ მოსწავლე, რომელსაც ბრწყინვალე პორტფოლიო აქვს და კოლეჯში საბუთები შეაქვს. პოტენციური გენიოსია, ვთქვათ, თომას ედისონის მსგავსი. მაგრამ MIT-მა, შესაძლოა, მას მაინც უარი უთხრას, იმიტომ რომ, „კი, მაგარ რამეებს აკეთებდა, მაგრამ ჩვენი შესავალი კურსების გავლა მოუწევს და არ გვგონია, ეს შეძლოს“.
ისეთ დროს ხომ არ წინასწარმეტყველებთ, როცა დამქირავებლები, კოლეჯების ნაცვლად, თავის თავზე აიღებენ განათლების მიცემას?
დიახ, და გეტყვით, როგორც. დიდი კომპანიები, როგორიცაა, ვთქვათ, Xerox-ი, ჩივიან, რომ საუკეთესო კანდიდატებს მათ Google-ი ართმევს. მე რომ Xerox-ი ვიყო, გავაკეთებდი Xerox Academy-ს და ავიყვანდი ნიჭიერ, მოტივირებულ ბავშვებს შედარებით ღარიბი სკოლებიდან, ბავშვებს, რომლებსაც, სხვა შემთხვევაში, თავის გასატანად ბრძოლა მოუწევთ. აკადემიას სელექციურს გავხდიდი და ვეტყოდი მათ, დღეიდან Xerox-ის სტიპენდიატები ხართ-მეთქი.
საინტერესოდ ჟღერს, მაგრამ როგორ იმუშავებდა?
ოთხი წლის მანძილზე შეგირდი ადგილზე იცხოვრებდა, ბევრ ინტენსიურ სტაჟირებას გაივლიდა Xerox-ში, პლუს დამატებით რაღაცებსაც – სპორტსა და თეატრს, მაგალითად. შეგიძლიათ, ROTC-ის სტრუქტურა წარმოიდგინოთ: „ჩაერთე ამ საქმეში ოთხი წელი და აიღე Xerox-ის დიპლომი. საჭიროა, Xerox-თან ოთხი წელი გაატარო“. Xerox-ი, თავის მხრივ, სერიოზულად გამოცოცხლდებოდა ამ ახალი თაობის ლიდერების ხარჯზე, აი, იმ მიზანდასახული ბავშვის ხარჯზე, რომელიც ფორტ-ვეინში ცხოვრობს, რომლის ოჯახი კოლეჯში სწავლის საფასურს ვერ გასწვდება და რომელიც კედლებს გადადგამს, რაიმეს რომ მიაღწიოს. სათანადო ანტრეპრენიორი რომ მეპოვნა, ამ საქმისთვის დიდ ჩეკს გამოვწერდი.
დატოვე კომენტარი