2022 წელი ფარმაინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებებით დაიწყო. წლის პირველი გამოწვევა GDP-ის სერტიფიკაციის პროცესი გახდა, რომელიც PSP-მაც გაიარა და დამადასტურებელ დოკუმენტს ელოდება. როგორ პასუხობს საქართველოს ფარმაციის ლიდერი ინდუსტრიაში მიმდინარე გამოწვევებს, ამას PSP-ის ადმინისტრაციული დირექტორი, მამუკა ბრეგვაძე მოგვითხრობს.
ბატონო მამუკა, რთული იყო GDP-ის სერტიფიკატისთვის საჭირო პროცედურების გავლა? რა იყო ის ძირითადი მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილებაც მოგიწიათ?
PSP წლებია, მაღალტექნოლოგიური საწყობით ოპერირებს. GDP-ის სტანდარტის მოთხოვნების დიდ ნაწილს უკვე წლის დასაწყისში ვაკმაყოფილებდით, 2021-2022 წლებში საწყობის პროცესების სრულად გაციფრულება და პროცესების ოპტიმიზაცია განხორციელდა. ახალი სტანდარტის შედეგად, უბრალოდ, უფრო მეტად დაკონკრეტდა პროცესები, გამოიკვეთა პასუხისმგებელი რგოლები და მათი სტატუსები. ამ სტანდარტის მთავარი მოთხოვნებია მედიკამენტების მიკვლევადობის სრული ჯაჭვის პროგრამული აღრიცხვა, რაც მანამდეც გვქონდა. ასევე მნიშვნელოვანია ტემპერატურისა და ტენიანობის პირობების დაცვა, რათა მომხმარებელს ხარისხიან მედიკამენტზე ჰქონდეს ხელმისაწვდომობა, რაც ასევე იყო. დამატებით გაკეთდა ის, რომ ნებისმიერი პროცესის დოკუმენტირება და აღრიცხვა დავიწყეთ, რათა კომპანიას ხარვეზების გამოვლენის, გამოსწორების და შესაბამისი სიახლეების დანერგვის შესაძლებლობა ჰქონდეს.
გარდა ამისა, ამ პროცესს დაემთხვა ისიც, რომ ჩვენ ორი საწყობიდან ერთი დავტოვეთ და ის გავაფართოვეთ. ამას ახალი სტანდარტი არ ითხოვდა, ეს უბრალოდ ჩვენი ბიზნესპროცესების ნაწილი იყო. ამასთან, დავნერგეთ საწყობის ახალი პროგრამა და პროცესების უფრო მეტად ოპტიმიზაციაც მოვახდინეთ. საწყობის გაერთიანებაზე მუშაობა გასული წლის ივლისში დავიწყეთ და წლის ბოლოს დავასრულეთ. შესაბამისად, 2021 წლის ბოლოს მზად ვიყავით GDP-ის სერტიფიკატისთვის საჭირო ინსპექტირების გასავლელად.
მსგავს პროცესებს სჭირდება ფინანსური რესურსიც. რა დაგიჯდათ GDP-სტანდარტის დაკმაყოფილება? ეს ფასებზეც აისახება?
შეიძლება ითქვას, რომ დამატებით განსაკუთრებული ხარჯი არ გვქონია, ვინაიდან ჩვენი ბიზნესპროცესები ისედაც ამ მოდელით იყო აწყობილი. მანამდეც ვფლობდით ISO-სერტიფიკატსაც, რომელიც ბიზნესპროცესებს უზრუნველყოფდა. ერთადერთი, რაც შეიძლება ხარჯად ჩაითვალოს, საწარმოს გაფართოებაა, თუმცა, როგორც აღვნიშნე, ეს GDP-ის სერტიფიკატისთვის არ ყოფილა, ამიტომაც მიმდინარე საოპერაციო ხარჯად ითვლება. შესაბამისად, ეს პროცესები ჩვენი პროდუქტის ფასზე არც ასახულა და არც მომხმარებლისთვის შეცვლილა რაიმე.
ფასებზე რომ გავაგრძელოთ საუბარი, უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოსთვის თურქული ფარმაბაზარი გაიხსნა. როგორია თქვენს ქსელში თურქულ და სხვა წარმოშობის მედიკამენტებს შორის ფასთა სხვაობა? რამდენად გრძნობს ამას მომხმარებელი?
საუბარია თურქეთში წარმოებელ ევროპულ მედიკამენტებზე, რომლებიც, უბრალოდ, თურქეთის ბაზრისთვისაა ნაწარმოები. თურქეთი 80-მილიონიანი ქვეყანაა, შესაბამისად, მათთან ფასწარმოქმნა სხვანაირია ბაზრის მოცულობის და ასევე სახელმწიფო რეგულაციების – რეფერენტული ფასების, სუბსიდირების გამო, ამიტომაც თურქეთში ევროპული წარმოების მედიკამენტებზე შედარებით დაბალი ფასია შენარჩუნებული. ჩვენნაირი ქვეყნებისთვის კი დიდ ევროპელ მწარმოებლებს ფასწარმოქმნის განსხვავებული პოლიტიკა აქვთ. შესაბამისად, ფასთა შორის სხვაობა ხშირად 30-70%-საც კი აღწევდა. დღეს კი ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ მედიკამენტები თურქეთის ბაზარზეც შევისყიდოთ და მთელი ქსელის მასშტაბით ევროპელი მწარმოებლების მიერ მოწოდებულ მედიკამენტებთან შედარებით მომხმარებელს უფრო იაფად შევთავაზოთ.
თურქული წარმოშობის მედიკამენტებზე მოთხოვნის შესახებ გარკვეული სტატისტიკა უკვე გექნებათ. როგორია მოთხოვნა?
ორთვიან პერიოდში მოთხოვნის სტატისტიკაზე საუბარი რთულია, თუმცა ადრინდელ პერიოდს თუ შევადარებთ, ნათელია, რომ მოთხოვნა გაზრდილია, ვინაიდან ბარიერები ახლა აღარ არსებობს. 2017 წლიდან თურქეთიდან მედიკამენტები შემოგვქონდა ინდივიდუალური მოთხოვნის საფუძველზე, კერძოდ, მომხმარებლები „ფორმა 100“-ით მოდიოდნენ და ჩვენ შემდეგ მათთვის თურქეთში ვუკვეთდით შესაბამის მედიკამენტს, რათა ის მათთვის სპეციალურად ჩამოგვეტანა. ახლა მათ ამ ბარიერების გარეშე შეუძლიათ თურქეთში წარმოებული მედიკამენტების შეძენა – შესაბამისად, მოთხოვნაც გაზრდილია.
მაგრამ საინტერესოა ისიც, რომ მოთხოვნა ევროპაში წარმოებულ წამლებზეც შენარჩუნებულია მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებელი და მედიკამენტების შემადგენლობაც ერთი და იგივეა. ამ დროისთვის დაახლოებით 40 დასახელებაზე მეტი მედიკამენტი გვაქვს თურქეთიდან შემოტანილი. თურქეთის ბაზარი დაახლოებით სამი თვის წინ გაიხსნა, თუმცა ეს დრო ჩვენ მაქსიმალურად ეფექტიანად გამოვიყენეთ იმისათვის, რომ ამ ქვეყნიდან დიდი ასორტიმენტი შემოგვეტანა და მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა. მუშაობას ვაგრძელებთ და მოთხოვნის შესაბამისად ასორტიმენტი გაფართოვდება.
როგორ იკვლევთ მომხმარებლის მოთხოვნას, და როგორ იღებთ გადაწყვეტილებას მედიკამენტების შემოტანასთან დაკავშირებით?
ვატარებთ კვლევებს, რა არის მოთხოვნადი, თუმცა მედიკამენტის მოთხოვნის ჩამოყალიბება ძირითადად ექიმის დანიშნულებიდან მომდინარეობს. როდესაც ჩვენ მომხმარებლები მოგვმართავენ ამა თუ იმ მედიკამენტის შესყიდვის თხოვნით, ამ ინფორმაციას ვაგროვებთ და შემდეგ ვიწყებთ მედიკამენტის მოძიებას და ხარისხისა და ფასის მიხედვით ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტის შემოტანას. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მსხვილ მწარმოებლებთან, რათა მოსახლეობას სიახლეებზე წვდომა მყისიერად ჰქონდეს.
PSP-მ რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ მუშაობთ ევროპელ მწარმოებლებთან ფასების კორექტირების კუთხით, რათა მომხმარებელს ევროპული წარმოშობის მედიკამენტებიც შედარებით ხელმისაწვდომ ფასად მიეწოდოს. რა ეტაპზე ხართ ამ კუთხით?
საქართველოს ბაზარი არ არის იმხელა, რომ ბაზრის მოცულობა მყარ არგუმენტად გვქონდეს ჩვენს პარტნიორ ევროპელ მწარმოებელ გიგანტ კომპანიებთან. წლებია, ევროპელ მწარმოებლებთან შემოსატანი ფასების შემცირების მიზნით მოლაპარაკებები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
და რას იყენებთ არგუმენტად?
რაც მომწოდებლებთან პირველად 2009 წელს გამოვიყენეთ, როდესაც პარალელური იმპორტის რეჟიმი გაამარტივეს. ამან მოგვცა შესაძლებლობა, რომ მომწოდებელი კონკურენციაში შეგვეყვანა, შესაბამისად, პარალელურმა იმპორტებმა მედიკამენტები გააიაფა. დღეს ეს შესაძლებლობა უკვე თურქეთის ბაზრის გახსნამაც მოგვცა. ამიტომაც ვეუბნებით ევროპელ მომწოდებელს, რომ ისინი კონკურენციაში არიან ახლა უკვე თურქული წარმოების მედიკამენტებთან. ვცდილობთ, რომ მომხმარებლისთვის მათი მედიკამენტები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.
თურქული შედარებით ხელმისაწვდომი მედიკამენტების შემოტანის შემდეგ სახელმწიფო წამლების გაიაფებას ე.წ. რეფერენტული ფასის შემოღებით აპირებს. რა ინფორმაცია აქვს კერძო სექტორს ამის შესახებ?
რეფერენტული ფასების შესახებ პირველადი რეკომენდაციები კონკურენციის სააგენტომ გასცა, როდესაც ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგი დაასრულა. რამდენიმე გადასადგმელი ნაბიჯი ჩამოთვალა, რის შედეგადაც მომხმარებლისთვის მედიკამენტები უფრო ხელმისაწვდომი შეიძლება, გახდეს. მათ შორის არის რეფერენტული ფასის შემოღება. თუმცა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სწორი მოდელის შერჩევა. არსებობს ორი ტიპის რეფერენტული ფასი: გარე და შიდა. შიდა რეფერენტული ფასი ადგილზე კონკრეტული გენერიკული დასახელების მედიკამენტის ფასების შედარებას და აქედან არჩევას გულისხმობს. გარე რეფერენტული ფასი კი სხვადასხვა ქვეყნის მონაცემების შეჯერება და ამის მიხედვით ფასის გამოყვანაა. მნიშვნელოვანია სწორი პრინციპის არჩევა, რათა მომხმარებლისთვის კარგი შედეგი დადგეს.
რაც შეეხება კერძო სექტორის ჩართულობას, ინფორმაცია ამის შესახებ გვაქვს. თუმცა მუშაობის მომდევნო ეტაპზე ჯერჯერობით არ გადავსულვართ. ჯანდაცვის სამინისტროსთან ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია ჯერ არ გვქონია.
თქვენ თავად გიცდიათ კომუნიკაცია?
ჩვენ თავად არ მიგვიმართავს. თუმცა როდესაც სამინისტრო დარგის ცვლილებების კუთხით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს, უზიარებს დარგის მოთამაშეებს, რათა პრაქტიკა, რომელიც არსებობს ბიზნესში, გათვალისწინებული იყოს. სამინისტროს მხრიდან ეს კომუნიკაცია ჯერჯერობით არ ყოფილა, ჩვენ ღია ვართ მუშაობისთვის. მთავარია, მომხმარებელმა ნახოს სარგებელი და უკუშედეგები არ მივიღოთ.
არსებობს მოსაზრება, რომ ახალი ინიციატივა ბაზარზე მედიკამენტების დეფიციტს შექმნის. თქვენ რა რისკებს ხედავთ?
არის რისკი, რომ რომელიმე მწარმოებელმა გადაწყვიტოს, რომ მისთვის საქართველოს ბაზარი საინტერესო აღარ არის. მსგავსი მაგალითი იყო აზერბაიჯანში, როდესაც რეფერენტული ფასწარმოქმნის შემოღების შემდეგ რამდენიმე მსხვილმა კომპანიამ აზერბაიჯანის ბაზარი დატოვა. ეს მომხმარებელზე, ბუნებრივია, უარყოფითად აისახება. ჩნდება ე.წ. შავი ხვრელები. მწარმოებლებს არ უნდა დაეკარგოთ ინტერესი, რომ იყვნენ საქართველოში, ვინაიდან ამან შეიძლება შექმნას საფრთხე, რომ გამოვტოვოთ რაიმე ისეთი სიახლე, რომელიც რომელიმე მსხვილ მწარმოებელს აქვს. შედეგად შესაძლოა, ჩვენს მომხმარებელს ხელმისაწვდომობა შეეზღუდოს.
ამიტომაც რეფერენტული ფასების შემოღებისთვის აუცილებელია პრაქტიკების გათვალისწინება, იმის სწორი გაანალიზება, რაც სხვა ქვეყნებში მოხდა, ჩვენი ბიზნესგარემოს სწორი შეფასება და ბოლოს უკვე სწორი მოდელის არჩევა.
აქვე გკითხავთ, როგორ უნდა შევინარჩუნოთ საერთაშორისო მოთამაშეების ინტერესი საქართველოს ბაზრის მიმართ?
უმნიშვნელოვანესია, რომ ყველასთვის უზრუნველყოფილი იყოს კონკურენტული გარემო, სადაც ბიზნესს განვითარების შესაძლებლობა უჩნდება. ნებისმიერი შეზღუდვა, რაც ბიზნესს უწესდება, დარგში ოპერირებად კომპანიებს დაბრკოლებებს უქმნის და ამ ბიზნესში შესვლის მოტივაცია მცირდება. მცირებაზრიან ქვეყანაში საერთაშორისო მოთამაშეებს ზედმეტი ბარიერები არ უნდა ჰქონდეთ, რათა შემოსვლისგან თავი არ შეიკავონ ან თუ უკვე არიან ამ ბაზარზე, არ გავიდნენ.
ბოლოსკენ პანდემიის ორი წელიც რომ შევაჯამოთ. რა კვალი დატოვა კორონავირუსმა PSP-ს სააფთიაქო ქსელზე? დადებითიც და უარყოფითიც…
პანდემიის პერიოდი ჩვენთვის, ისევე როგორც მთელი მსოფლიოსთვის, რთული იყო, ვინაიდან ჩვენ ერთ-ერთი სასიცოცხლოდ აუცილებელი ობიექტი ვართ, რომლის მუშაობის უწყვეტობაც მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ პირველივე დღიდან დავიწყეთ ზრუნვა იმაზე, რომ მომხმარებელსა და თანამშრომლებისთვის უსაფრთხო გარემო შეგვექმნა. ყველა თანამშრომელი შევინარჩუნეთ და, პირიქით, მათი რაოდენობა გავზარდეთ კიდეც, ვინაიდან უწყვეტობის შესანარჩუნებლად საჭირო იყო დამატებითი კადრები. უფრო მეტი დატვირთვით ვმუშაობდით, რისთვისაც თითოეულ თანამშრომელს მადლობას ვუხდი.
პანდემიამ ბიზნესსაქმიანობაში ცვლილებებიც გამოიწვია. მაგალითად, დაგვაჩქარებინა ონლაინსერვისის მიწოდება მომხმარებლისთვის, ვინაიდან როდესაც ადამიანები გარეთ ვერ გადიოდნენ წამლის შესაძენად, ჩვენ უმოკლეს ვადაში ონლაინმიწოდების უზრუნველყოფა შევძელით არა მარტო დედაქალაქში, არამედ სხვა დიდ ქალაქებშიც.
კომპანიის რიცხვებზე როგორ აისახა პანდემია?
2021 წლის მაჩვენებლები 2019 წლისას არ ჩამოუვარდება. პანდემიამ გავლენა გარკვეული კატეგორიის პროდუქციაზე მოახდინა, როგორც ფარმაციის, ისე პარაფარმაციის დარგში. მიუხედავად იმისა, რომ რიგ პროდუქციაზე მოთხოვნა შემცირდა, ეს კოვიდპანდემიის პერიოდში კონკრეტული კატეგორიის პრდუქციაზე გაყიდვების ზრდამ დააბალანსა.
რას ელით 2022 წლისგან?
2022 წელი მნიშვნელოვანი ცვლილებებით დაიწყო, საკმაოდ ძლიერი კონკურენციის პირობები და გაახლებული რეგულაციები ჩვენთვის დიდი გამოწვევაა. თუმცა ეს ყველაფერი საშუალებას გვაძლევს, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ფოკუსი მომხმარებელსა და მასზე ზრუნვაზე. ქსელის განვითარების პროცესი კიდევ გრძელდება. ამ დროისთვის საქართველოს ყველა კუთხეში 300-ზე მეტი აფთიაქი გვაქვს, მხოლოდ წელს 12 აფთიაქი უკვე დავამატეთ და წლის ბოლომდე კიდევ დაახლოებით 15-მდე ახალი აფთიაქის გახსნას ვგეგმავთ.
PSP (Paulatim Summa Petuntur) ლათინურიდან ითარგმნება როგორც „ნაბიჯ-ნაბიჯ მწვერვალისკენ“. რამდენად ახლოს ხართ მწვერვალთან?
PSP არის ლიდერი ფარმაცევტული კომპანია. ჩვენ საქმიანობა 1994 წლიდან დავიწყეთ. მაშინ პირველი გამოწვევა იყო ის, რომ ქვეყანაში მედიკამენტებზე ფიზიკური ხელმისაწვდომობა ყოფილიყო, ვინაიდან არც დარგი არსებობდა და არც აფთიაქები. შემდგომი მიზანი ჩვენი ქსელის გეოგრაფიულად გაფართოება იყო, რათა საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს აფთიაქში სასურველი მედიკამენტის შეძენა შესძლებოდა, ამის კეთება ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყეთ. დღეს კი უკვე 300-ზე მეტი აფთიაქი გვაქვს. სწორად დაგეგმილმა პროცესებმა, მოქნილმა საფასო პოლიტიკამ და პროფესიონალთა გუნდმა მოგვცა შესაძლებლობა, რომ PSP გვექცია ლიდერ კომპანიად. PSP არ არის მხოლოდ სახელი, ეს არის ჩვენი მუშაობის სტილი. ჩვენ ახალ-ახალ მწვერვალებს ვიპყრობთ, ეს მუდმივი პროცესია და ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარებისკენ სვლას გულისხმობს.
დატოვე კომენტარი