მიჩ დენიელსს სურს, კოლეჯი უფრო ხელმისაწვდომი გახადოს და თავის უნივერსიტეტში სტუდენტთა ჩარიცხვის მაჩვენებელი გაზარდოს. უმაღლესი განათლების ტრადიციული ფრთა შოკშია.
სანამ მიჩ დენიელსს ელოდები, ვესტ- ლაფაიეტში (ინდიანა), მის ოფისში ტელეფონის ზარს რომ უპასუხოს, PURDUE-ს მუსიკალური გუნდის ჩანაწერს ისმენ, რომელსაც ერთი ძნელად დასაჯერებელი განცხადება მოჰყვება: “2019-ის ჩათვლით, PURDUE ყველა ბაკალავრი სტუდენტისთვის სწავლის საფასურს 2012 წლის დონეზე ყინავს”.
შემდეგ ტელეფონს ინდიანის ფლაგმანი საჯარო უნივერსიტეტის პრეზიდენტი, დენიელსი, პასუხობს და რაღაც კიდევ უფრო გასაოცარს ამბობს: ინფლაციაზე მორგებულ დოლარებში, PURDUE $4,000-ით ნაკლები ღირს სხვა შტატის სტუდენტებისთვის, ვიდრე 2013-ში ღირდა, როცა მან იქ მუშაობა დაიწყო. ხოლო შტატის მცხოვრებლები ამ აკადემიურ წელს თითქმის $3,000-ით ნაკლებს იხდიან – $23,000-ზე ნაკლები უჯდებათ სწავლის საფასური, ოთახი, ცხოვრება და სხვა ხარჯები.
2013-ში, აწ უკვე 69 წლის დენიელსს წყალში ჩაეყარა რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატად ყოფნის იმედები და ნაცვლად ამისა – ინდიანის პოპულარული ზომიერი რესპუბლიკელი გუბერნატორის რანგში გატარებული ორი ვადის შემდეგ – PURDUE-ს პრეზიდენტად მოგვევლინა და უმაღლესი განათლების დაზიანებული ბიზნესის “შეკეთებასაც” შეუდგა. მისი პირველი პრიორიტეტი: შეასრულე დანაპირები და PURDUE გრანტის სახით მიწის მიმღებ უნივერსიტეტად აქციე – იმად, რადაც ის ჯერ კიდევ სამოქალაქო ომის დროს იყო ჩაფიქრებული, როცა ფედერალური მთავრობა მიწასა და ფონდებს იმ უნივერსიტეტებს ურიგებდა, რომელთაც მუშათა კლასის ამერიკელებისთვის სოფლის მეურნეობა და მექანიკური ოსტატობა უნდა ესწავლებინათ.
დენიელსის აზრით, PURDUE ამ მისიას არ ასრულებდა. “ერთადერთი ხარჯები, რაც ბოლო ოცდაათ წელიწადში ჯანდაცვისას უსწრებს, კოლეჯში სწავლის, ოთახისა და ცხოვრების ხარჯებია”, – ამბობს ის. მან გამოსავალიც იპოვა: სტუდენტების ხარჯების 2012-ის დონეზე გაყინვა. PURDUE-ს მიმღები განყოფილების პერსონალი მას შეეწინააღმდეგა. “ვუთხარი, მისმინეთ, ეს- ესაა, აქ მარსზე დავეშვი და შემიძლია, გითხრათ, რომ ხალხი დედამიწაზე თვლის, რომ კოლეჯის ხარჯები ზედმეტად გაბერილია- მეთქი”.
2016-ში დენიელსმა ხელმისაწვდომობის საკითხს სხვა მხრიდან შეუტია და ე.წ. შემოსავლების გაზიარების ხელშეკრულებები შემოიტანა. სტუდენტებს, რომლებიც ფედერალურ სესხებს ამოწურავენ, შეუძლიათ, თავიანთი განათლება ამ ხელშეკრულების მეშვეობით დააფინანსონ, ანუ თავიანთი მომავალი შემოსავლის გარკვეული პროცენტი უკან დააბრუნონ; როგორც წესი, ეს 3%-დან 5%-მდე მერყეობს და მისი გადახდა სწავლის დამთავრებიდან დაახლოებით ათ წლამდე პერიოდშია შესაძლებელი (გადასახადების ზედა ზღვარი საწყის ხარჯებს, მაქსიმუმ, 2.5-ჯერ აღემატება). კრიტიკოსებს სძულთ ეს შემოსავლის გაზიარების ხელშეკრულებები მათი არარეგულირებადობისა და არააპრობირებულობის გამო. როგორც ამბობენ, იდეა მილტონ ფრიდმენს ეკუთვნის, თუმცა მას ისიც აღუნიშნავს, რომ მსგავსი ხელშეკრულებები “ნაწილობრივი მონობის… ეკონომიკური ეკვივალენტია”. დენიელსი ამბობს, რომ “თუ კონტრაქტით უზრუნველყოფილი მონობა გვინდა, მაშინ სტუდენტური სესხების პროგრამა იდეალურია. შემოსავლის გაზიარების ხელშეკრულებების შემთხვევაში კი რისკი მთლიანად გამსესხებელზე გადადის”, ვინაიდან კურსდამთავრებულები, რომლებიც სამუშაოს ვერ პოულობენ, არც არაფერს იხდიან.
დენიელსის მესამე თამამ ნაბიჯს ყველაზე მეტი კრიტიკა უმაღლესი განათლების ტრადიციული ფრთისგან ერგო. გასულ წელს მან, არც მეტად, არც ნაკლებად, $1-ად კომერციული, შეჭირვებული და დიდწილად ონლაინ KAPLAN UNIVERSITY შეიძინა WASHINGTON POST-ის ყოფილი მფლობელის, GRAHAM HOLDINGS CO.-საგან. KAPLAN-ის 30,000 სტუდენტის წყალობით, PURDUE-მ მყისვე გაზარდა ჩარიცხვათა მაჩვენებელი; მათი უმეტესობა ქალია, 30-იდან 60 წლამდე, და თავიანთ ოჯახში პირველები არიან, კოლეჯში ვინც აბარებს, ახლა კი უკვე ხარისხის მოპოვებაზე მუშაობენ ახალსახელდარქმეულ PURDUE GLOBAL UNIVERSITY-ში. როცა PURDUE ოპერაციულ ხარჯებს დაფარავს და სწავლის საფასურის სახით $50 მილიონს მოაგროვებს, KAPLAN-ს PURDUE GLOBAL-ის შემოსავლიდან 12.5% შეხვდება.
ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. დენიელსის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ აპლიკანტთა რიცხვი 67%-ით გაიზარდა. ჩარიცხვის მაჩვენებელი ყველა დროის საუკეთესო ნიშნულზეა, ისევე როგორც სწავლის დამთავრების მაჩვენებელი და PURDUE-ს მკვლევართა მიერ ჩაშვებული სტარტაპების რიცხვი. ამასთან, PURDUE-მ FORBES-ის ამერიკის წამყვან კოლეჯთა რეიტინგში შარშანდელი 143-ე ადგილიდან წელს 126-ზე გადმოინაცვლა. მაშინ, როცა სხვა ინსტიტუციები უვადო კონტრაქტით გათვალისწინებულ აკადემიურ შტატს ამცირებენ, PURDUE-მ 75 ასეთი პოზიცია დაამატა ინჟინერიის პროფესორებისთვის, ხოლო STEM-ის (მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის) ხარისხის მომპოვებელ სტუდენტთა რიცხვი 33%-ით გაზარდა (უმცირესობათა რიცხვი 50%-ითაა გაზრდილი).
ჰო, და ნუ დაგვავიწყდება BOILER GOLD-იც – შინამრეწველთა ლუდი, რომლისთვისაც PURDUE-ს სვიისა და ხარშვის ანალიზის ლაბორატორია ადგილობრივ ლუდსახარშთან თანამშრომლობს. “ეს საქმე კვლევითი პროექტის სახით დაიწყო , – ამბობს დენიელსი, – დღეს კი დამზადებას ვერ ვასწრებთ, ისე სწრაფად იყიდება”
დატოვე კომენტარი