სათავეებთან…
ადამიანმა სამეურნეო საქმიანობაზე, ანუ მონადირეობა- შემგროვებლობიდან მცენარეთა მოყვანასა და ცხოველების მოშენებაზე გადასვლა დაახლოებით 12-10 ათასი წლის წინ, ნეოლითის (ახალი ქვის) ხანაში, დაიწყო. ეს პერიოდი დიდი კულტურული გარდაქმნის – ნეოლითური რევოლუციის – სახელითაა ცნობილი და სწორედ ამ ხანას უკავშირდება კულტურულ მცენარეთა წარმოშობა. კულტურულ მცენარეთა მოშინაურება დიდწილად რამდენიმე კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში მოხდა – იქ, სადაც სამეურნეო მნიშვნელობის ველურ მცენარეთა დიდი მრავალფეროვნება და მიწათმოქმედების განვითარებისათვის ხელსაყრელი კლიმატური პირობები იყო.
მეცნიერები ამ გეოგრაფიულ რეგიონებს კულტურული მცენარეების წარმოშობის კერებს უწოდებენ. გასაკვირი არ არის, რომ კულტურული მცენარეების წარმოშობის კერები ძირითადად ემთხვევა უძველეს ადრესამიწათმოქმედო ნამოსახლარებსა და პირველი ცივილიზაციების წარმოშობა- განვითარების კერებს.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მცენარეთა და ცხოველთა მოშინაურებისა და სოფლის მეურნეობის წარმოშობის ერთ- ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი კერა წინა აზიაა. მცენარეთა მოშინაურების წინააზიური კერა საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას მოიცავს – იგი აერთიანებს მცირე აზიას, სამხრეთ კავკასიას, ირანსა და თურქმენეთის მთიანეთს. საქართველოს ტერიტორიას კულტურულ მცენარეთა წარმოშობის წინააზიურ კერაში ერთ- ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.
უძველესი კულტურებისა და მათი ველური ნათესავების დღემდე არსებული დიდი მორფოლოგიური და გენეტიკური მრავალფეროვნება საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ საქართველოს ტერიტორია თავად წარმოადგენს რიგი უმნიშვნელოვანესი კულტურული მცენარის წარმოშობის ერთ-ერთ კერას. საინტერესოა, რომ განსაკუთრებული მრავალფეროვნებით საქართველოში ხორბლის კულტურა გამოირჩევა.
საქართველოში აღრიცხულ იმ მცენარეთა შორის, რომლებიც უძველესი კულტურების ველურ ნათესავებს წარმოადგენენ, არის ხორბლის ველური მონათესავე სახეობა Aegilops tauschii.
ამასთან, მსოფლიოში გავრცელებული ხორბლის ოცამდე სახეობიდან საქართველოში თხუთმეტი მოჰყავდათ და, მათ შორის ხუთი – ჩელტა ზანდური (Triticum timopheevii), კოლხური ასლი (Triticum palaeocolchicum), მახა (Triticum macha), ჰექსაპლოიდური ზანდური (Triticum zhukovskyi) და დიკა (Triticum carthlicum) – საქართველოს ენდემია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სახეობები საქართველოს გარეთ სხვაგან არსად გვხვდება. ხორბლის მრავალფეროვნება გენეტიკურ დონეზეც შთამბეჭდავია – სამეცნიერო გამოკვლევების მიხედვით, საქართველოში წარმოდგენილია ხორბლის გვარში არსებული ყველა გენომი.
მეცნიერების მიერ კი სხვადასხვა დროს საქართველოში ხორბლის ასამდე ადგილობრივი ჯიში და ფორმა იყო აღწერილი. ჩვენში გავრცელებული ხორბლის ზოგიერთი ადგილობრივად განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახეობები და მათი ადგილობრივი ჯიშებია:
- პურის (რბილი) ხორბალი (Tr. aestivum L.) და მისი ადგილობრივი ლენდრასები: ახალციხის წითელი დოლის პური, კახური დოლის პური, ქართლის თეთრი დოლის პური, ხულუგო, იფქლი, გომბორულა და სხვ.;
- თავთუხი (Tr. durum Desf.) და მისი ადგილობრივი ლენდრასები: თეთრი, წითელი, შავფხა და სხვ.;
- გვაწა ზანდური (Tr. monococcum L.);
- ასლი (Tr. dicoccum Schuebl.);
- ინგლისური ხორბალი (Tr. turgidum L.) და მისი ადგილობრივი ლენდრასა კახური დატოტვილი.
საინტერესოა, რომ ხორბლის ხუთი ენდემური სახეობიდან ოთხის აღწერა (გარდა დიკასი) დასავლეთ საქართველოში, ისტორიულ კოლხეთში, რაჭა- ლეჩხუმის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ეს სახეობები ჯერ კიდევ 1960-იან წლებამდე ითესებოდა. დასავლეთ საქართველოში აღწერილი სახეობები ე.წ. კილიანმარცვლიან ფორმებს მიეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მარცვალი აპკში – „კილშია“ მოთავსებული და მას გალეწვასთან ერთად, გამოცეხვაც სჭირდება, რაც ხორბლის უძველესი ჯიშების დამახასიათებელი ნიშანია.
მიუხედავად ხორბლის ამ სახეობების აღება- დამუშავებასთან დაკავშირებული სირთულეებისა, მათი შენარჩუნება განაპირობა იმან, რომ მრავალ სასარგებლო თვისებასა და განსაკუთრებულ გემოსთან ერთად, ისინი კარგად ეგუებოდნენ დასავლეთ საქართველოს მაღლობ ფერდობებს, მწირ ნიადაგებსა და ტენიან ჰავას. მართლაც, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქართული ენდემური სახეობები, მაგალითად, ჩელტა ზანდური, უნიკალურია იმით, რომ სოკოვანი დაავადებების მიმართ განსაკუთრებული გამძლეობით გამოირჩევა.
კულტურული მცენარეების წარმოშობის დასადგენად უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას იძლევა არქეობოტანიკური, ანუ პალეოეთნობოტანიკური მასალაც. საქართველოს ტერიტორიაზე, მარნეულის ველზე ნეოლითურ ნამოსახლარებში – არუხლოში, ხრამის დიდ, შულავრისა და იმირის გორებზე აღმოჩენილ მასალას შორის, რომლებიც რადიოკარბონულმა კვლევებმა ძველი წელთაღრიცხვის VI-V ათასწლეულით დაათარიღა, გამოვლინდა ხორბლის რამდენიმე სახეობა – მათ შორის: რბილი ხორბალი, კულტურული ერთმარცვალა, კულტურული ორმარცვალა, სპელტა, დიკა, მაგარი ხორბალი და ქონდარა ხორბალი.
ნამოსახლარებზე აღმოჩენილი მცენარეული ნაშთები საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ძველი წელთაღრიცხვის VI ათასწლეულში აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებობდა განვითარებული მწარმოებლური მეურნეობა. ხორბლის გვარი ბოტანიკურად უკვე დიფერენცირებული იყო, და კილიანმარცვლიან ფორმებთან ერთად შიშველმარცვლიანი რბილი და მაგარი ხორბალიც გვხვდებოდა. ეს გვაფიქრებინებს, რომ მიწათმოქმედების ჩასახვა საქართველოს ტერიტორიაზე კიდევ უფრო ადრეულ ხანაში დაწყებულა და 8000 წელზე უფრო დიდ პერიოდს მოიცავს.
განვითარებული მიწათმოქმედება დასტურდება აგრეთვე მომდევნო პერიოდებში – ბრინჯაოს და ანტიკურ ხანაში, ასევე შუა საუკუნეებში, რაც საშუალებას გვაძლევს, შევისწავლოთ მიწათმოქმედების ევოლუცია და უწყვეტი სასოფლო- სამეურნეო საქმიანობის ისტორია საქართველოს ტერიტორიაზე. ასეთი გენეტიკური მრავალფეროვნების გამო, მეცნიერების აზრით, საინტერესოა საქართველოს ენდემური სახეობების დნმ-ის კვლევა და მათი როლისა და ადგილის განსაზღვრა ხორბლის გვარის ევოლუციაში, მათ შორის, რბილი, იმავე „პურის“ ხორბლის წარმოშობაში, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ 8000 წლის წინანდელ ნამოსახლარებშია აღმოჩენილი და რომელიც დედამიწაზე თანამედროვე ხორბლის ნათესების 95%-ს შეადგენს.
ამდენად, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქართველო კულტურული ხორბლის წარმოშობის ერთ- ერთი უძველესი, უმნიშვნელოვანესი და, ამავე დროს, ფართო საზოგადოებისათვის შედარებით უცნობი კერაა. საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ტომების მიერ ხორბლის მოყვანა სიძველით ვაზის კულტურის მოშენებას უტოლდება. როგორც ვაზი მოჰყავს ქართველ გლეხს 8000 წელია, ისე ყოველ წელს თესავს ხორბალს და აცხობს პურს. შესაბამისად, გარდა ქართული ვაზის გენეტიკური მრავალფეროვნებისა, არც ერთ სასოფლო- სამეურნეო კულტურის ადგილობრივ სახეობებსა და ჯიშებს არა აქვთ ისეთი მნიშვნელობა საქართველოს და მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობისა და სასურსათო უსაფრთხოებისათვის, როგორც ხორბალს!
პური ჩვენი არსობისა…
ხორბალი და პური ქართული სამიწათმოქმედო კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილი და ჩვენი წინაპრების თაყვანისცემის ობიექტი იყო. ამიტომ პური და ხორბალი ქართული საკრალური და სადღესასწაულო რიტუალების ერთ- ერთი მთავარი ნაწილია. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ხორბლისაგან სხვადასხვა პროდუქტის მომზადების მდიდარი და საინტერესო ტრადიციებია შემორჩენილი. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ თავდაპირველად ადამიანი ხორბალს ფაფეულის სახით მიირთმევდა.
ხორბალს ბეგვავდნენ, მოგვიანებით კი ფქვავდნენ და მისგან ფაფეულს – წანდილს, კორკოტს, ხალიფაფას ან ქუმელს ამზადებდნენ. ხორბლის ნამზადის განვითარების მეორე ეტაპი მარტივი ფორმით, საფუარის გარეშე, ე.წ. ხმიადის ცხობა იყო. საბოლოოდ პურის დედის საშუალებით მივიღეთ დღევანდელი პური. დღეს საქართველოში ხორბლის სამივე ტიპის ნამზადია შემორჩენილი.
საქართველოში პურის ორი ტიპის საცხობი იყო გავრცელებული – ფურნე და თონე. ფურნე დიდი ქვის ღუმელია, რომელიც ძირითადად მაღალმთიან რეგიონებში იყო გავრცელებული; ბარში ფურნეებს თონეები – ვერტიკალური პურსაცხობები ცვლიდა. ფურნეები ამჟამად ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში – ქვემო ქართლსა და სამცხე- ჯავახეთშია შემორჩენილი, ხოლო თონე და მასში გამომცხვარი შოთის ან „დედას“ პური დღემდე საქართველოს ყოფის ყოველდღიური ნაწილია.
ხორბლის სახეობებისა და ჯიშების მრავალფეროვნებასთან ერთად, მრავალგვარი იყო ხორბლის მოვლა- მოყვანის ტრადიციები და სამეურნეო იარაღებიც, მაგალითად, ე.წ. კილიანი ხორბლის – მახასა და ზანდურის ასაღებად სპეციალურ ხელსაწყოს – შნაკვს იყენებდნენ. შნაკვი – ეს არის ორი ჯოხი, გადაბმული ბოლოში ზონრით, რომლითაც ხორბალს მომკის ნაცვლად თავებს წააწყვეტდნენ ხოლმე და ტომარაში ყრიდნენ, რადგან ამ უძველესი ხორბლის თავთავი მარტივად სტყდება ღეროს და ნამგლით აღებისას მოსავლის ნაწილი ნიადაგში იფანტებოდა. მრავალგვარი იყო მიწის დამუშავების იარაღებიც – სახვნელები, იგივე გუთნები – ისინი განსხვავდებოდა კუთხეების, რელიეფისა და ნიადაგის მიხედვით.
განვითარების სახელით…
საბჭოთა გეგმური ეკონომიკისათვის დამახასიათებელმა სპეციალიზაციის პოლიტიკამ ჩათვალა, რომ საქართველოს ხორბლის მოყვანაზე ნაკლები რესურსი უნდა დაეხარჯა, რათა უზარმაზარი საბჭოთა ბაზარი ისეთი პროდუქტით მოემარაგებინა, რომელთა წარმოებაც საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებში ნაკლებად იყო შესაძლებელი. ამასთან, სახელმწიფო დაგეგმვა მოითხოვდა ინდუსტრიულ, მაღალმოსავლიან ჯიშებზე გადასვლას, რის გამოც გლეხებს, რომლებიც ადგილობრივ ხორბალს თესდნენ, გადასახლება ემუქრებოდათ.
ასეთმა პოლიტიკამ, განსაკუთრებით 1950- იანი წლებიდან, ხორბლის ადგილობრივი გენეტიკური რესურსების კატასტროფული შემცირება გამოიწვია. 1990-იანი წლებისათვის ხორბლის ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების უმრავლესობა ფაქტობრივად განდევნილი იყო ადგილობრივი მეურნეობებიდან და მხოლოდ თესლეულის გენბანკებსა და სამეცნიერო ინსტიტუტების კოლექციებში იყო შემორჩენილი.
ამას თან დაერთო ისიც, რომ, ადგილობრივ ჯიშებთან ერთად, მათ მოყვანასა და გადამუშავებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ცოდნა და ტრადიციაც დაიკარგა და ეს დარგები ტექნოლოგიურად ჩამორჩა. ეს ეხება როგორც თესლის წარმოებისა და სელექციის ხალხურ ტრადიციებს, რაც ხარისხიანი და მაღალმოსავლიანი წარმოების წინაპირობაა, ისე გალეწვა- გამოცეხვის, ცხობისა და სხვა ტექნოლოგიებს, რომელთა გარეშეც ადგილობრივი ხორბლის წარმოების განვითარება უკიდურესად არის გაძნელებული. დღეისათვის ადგილობრივი ჯიშების თესლეულის ძალზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა, მათი აგროტექნიკის შესახებ ფერმერთა ცოდნის დეფიციტი და დაბალი ცნობადობა საქართველოს პურის ყანებიდან ადგილობრივი ჯიშების გაქრობის ძირითადი მიზეზია.
“მარცვლეულის კიდობანი“…
1996 წელს ბოტანიკის ინსტიტუტის კულტურული ფლორის განყოფილების ხელმძღვანელი, ბატონი ტაიულ ბერიშვილი მიხვდა, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის იმ უმნიშვნელოვანეს ნაწილს, რომელიც მისი განყოფილების საცავებში ინახებოდა, სამუდამო გაქრობის საფრთხე დაემუქრა და დახმარებისათვის ახლად დაარსებულ არასამთავრობო ორგანიზაციას – ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანას“ მიმართა. საქმე ის იყო, რომ, აგრარული ბიომრავალფეროვნების კარგვის პროცესი განსაკუთრებით ინტენსიური გახდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც მწირი დაფინანსებისა და მუდმივი რეფორმების პირობებში სამეცნიერო ინსტიტუტებში შენახული კოლექციების შენარჩუნებაც გაჭირდა – ვეღარ ხერხდებოდა თესლეულის რეგულარული განახლება.
საბედნიეროდ, აღმოჩნდა, რომ სწორ მისამართზე მოხვდა – ასოციაცია „ელკანაში“ მისი წუხილი სერიოზულად მიიღეს და პირველი მცირე პროექტიც განახორციელეს. საბოლოოდ აგრარული ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ ერთ- -ერთი მთავარი მიმართულება გახდა და უკვე 23 წელია, რაც “ელკანა“ არა მარტო ქართული ხორბლის კონსერვაციასა და პოპულარიზაციას უწყობს ხელს, არამედ ცდილობს, ამ საქმიანობაში რაც შეიძლება მეტი ენთუზიასტი მეურნე ჩართოს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისში მდებარე საკოლექციო ნაკვეთში, ასოციაცია “ელკანა“ ახალციხის წითელი დოლისა და დიკას კონსერვაციის შემდეგ, ხორბლის სხვა სახეობების კონსერვაციაზეც მუშაობს. ამ საქმეში მრავალი ადამიანია ჩართული, რომელთა დაუღალავმა შრომამ საგრძნობლად შეცვალა ჩვენი წარმოდგენა ქართული ხორბლის მნიშვნელობასა და პოტენციალზე და მრავალ მეურნეს გადააწყვეტინა, ქართული ხორბლის მოყვანისა და პურის ცხობისთვის მოეკიდა ხელი. “ელკანას“ პროგრამის მენეჯერი, თამაზ დუნდუა იხსენებს, რომ წითელი დოლის კონსერვაციის პროგრამის დაწყება ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული.
წნისის მეურნეობაში გასამრავლებლად სულ რამდენიმე კილოგრამი თესლის მოძიება ჯავახეთის პლატოს ერთ- ერთ სოფელში შეძლეს, შემდეგ ამ მასალით მიღებულ მოსავალს დაინტერესებულ ფერმერებს უსასყიდლოდ უზიარებდნენ, რომლებიც, თავის მხრივ, ვალდებული იყვნენ, მოსავლის ნაწილი უკან დაებრუნებინათ სხვებისათვის გადასაცემად – ასე გაშენდა წითელი დოლის ყანა.
ასოციაცია „ელკანას“ მეურნეობის გარდა, ამჟამად ქართული ხორბლის ნიმუშები ინახება საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო- კვლევითი ცენტრის წილკნის ბაზაზე, ასევე უცხოეთის გენბანკებსა და ზოგიერთი დაინტერესებული პირის კერძო კოლექციებში. 2019 წელს საქართველომ იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის „მსოფლიო გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ნუსხაში” შესატანად ქართული ხორბლის კულტურა წარადგინა, თუმცა, მიუხედავად მეცნიერებისა და ენთუზიასტი ფერმერების ძალისხმევისა, ქართული ენდემური ხორბლის ჯიშების უმეტესობა დღეს ფაქტობრივად აღარ ითესება და მათი დაკარგვის საფრთხე რეალურია.
ადგილობრივი ხორბლის საბაზრო პოტენციალი
მეთესლეობის დაბალი დონე, აგროტექნიკის ცოდნის სიმწირე და ადგილობრივი ხორბლის მეშვეობით პურის ცხობის ტექნიკის დახვეწის მხრივ არსებული პრობლემები ამ მიმართულების განვითარების მთავარი შემაფერხებელი ფაქტორებია, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივ ხორბალსა და მისგან გამომცხვარ პურზე მოთხოვნა მზარდია როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე. დღეისათვის ახალციხის წითელ დოლს 40-მდე ფერმერი თესავს, დიკას – ჯერ სულ რამდენიმე.
ამ ფერმერების ნაწილი დაკავშირებულია ახალციხის წითელი დოლის პურის მწარმოებელ საცხობებთან ან ფქვილს საბოლოო მომხმარებელებს მიჰყიდის, რომლებიც სახლში აცხობენ პურს. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევში მცხოვრებ ბიოფერმერ ანზორ მაისურაძეს უძველესი ქართული ხორბალი 2007 წლიდან მოჰყავს. როგორც მოყვარულმა, ჯერ ნახევარ ჰექტარზე მოაშენა წითელი დოლი და ახლა უკვე 30 ჰექტარზე თესავს წითელ დოლს, თეთრ დიკას და შავფხას.
თუმცა იგი ბაზრის მოთხოვნის დაკმაყოფილებას წელიწადში მხოლოდ ცხრა თვის განმავლობაში ახერხებს. მიუხედავად იმისა, რომ ხალხური სელექციით მიღებული ძველი ჯიშები მაღალმოსავლიანობით არ გამოირჩევა, ანზორ მაისურაძის გამოცდილება გვარწმუნებს, რომ ადგილობრივი ხორბლის მოყვანა შესაძლოა, სხვა მაღალმოსავლიანი ხორბლის მოყვანაზე მეტად მოგებიანი იყოს.
ინტერესი „ტრადიციული“ ხორბლის ჯიშების მიმართ მსოფლიოში ყოველდღიურად იზრდება, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:
- სასურსათო უსაფრთხოება: კლიმატის ცვლილება და დაავადებების გავრცელება, რომელთა მიმართ ადგილობრივი ჯიშები განსაკუთრებული გამძლეობით გამოირჩევა, მთელ მსოფლიოში ზრდის ინტერესს ძველი, გარემოსთან კარგად ადაპტირებული ხორბლის ჯიშების მიმართ;
- ჯანმრთელობა – ადგილობრივი ჯიშები ნაკლებად ინტენსიურია და მათი წარმოება ხელსაყრელია ბიომეურნეთათვის და საინტერესოა ბიოპროდუქტების მომხმარებლებისათვის. ამასთან ეს ჯიშები, როგორც წესი, გლუტენის დაბალი შემცველობით ხასიათდება და, მზარდი ალერგიული ფონის გამო, მათზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება;
- ბიოწარმოებისა და ადგილწარმოშობის პროდუქტების ბაზრის განვითარება;
- აგრო- და კულინარიული ტურიზმის განვითარება – თანამედროვე ტურისტებს სულ უფრო მეტად აინტერესებთ ადგილობრივი, განსხვავებული გემოს მქონე პროდუქტები, რომლებიც ადგილობრივ კულტურულ ტრადიციებს უკავშირდება, შესაბამისად, იზრდება ტურისტული შემოსავალი იმ ფერმერებისა და მცირე საცხობებისათვის, რომლებიც ასეთ პროდუქტს აწარმოებენ.
ქართული ხორბლის საბაზრო პოტენციალის შესახებ მსჯელობისას საინტერესოა ქვევრის ღვინის მაგალითი: 2000-იანი წლების შუა ხანებამდე ქვევრის ღვინო მხოლოდ ეთნოგრაფიულ ტრადიციად ითვლებოდა, თუმცა ბოლო წლებში მცირე მეღვინეების, დონორების, სახელმწიფოსა და სხვა ორგანიზაციების მიზანმიმართული ძალისხმევით განხორციელებულმა ინვესტიციებმა შესანიშნავი შედეგი გამოიღო: ქვევრში ღვინის დაყენება იუნესკოს მიერ აღიარებულ იქნა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის არამატერიალურ ძეგლად, რამაც ქვევრში დაყენებული ღვინო საქართველოს მეღვინეობისა და ღვინის ტურიზმის სავიზიტო ბარათად აქცია. ამან ქართულ ღვინოზე მოთხოვნა გაზარდა მაღალფასიან საექსპორტო ბაზრებზე და ეს ტრადიცია ყოველწლიურად უამრავ ტურისტს იზიდავს. მზარდი მოთხოვნის გამო დღეს ქვევრის დამზადების ტრადიციას გაქრობა აღარ ემუქრება და სულ უფრო მეტი მეღვინე აყენებს ღვინოს ქვევრში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.
ამავე დროს, ქვევრის ღვინის აღორძინებამ გაზარდა ინტერესი შედარებით უცნობი ქართული ჯიშების მიმართ და მნიშვნელოვნად გაამრავალფეროვნა ადგილობრივი ასორტიმენტი, ხოლო ღვინის ტურიზმის განვითარებით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები უამრავი მევენახე და მეღვინე უკეთეს შემოსავალს იღებს და მოტივირებულია, შეინარჩუნოს და განავითაროს უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა.
პური და ღვინო – ეს ორი პროდუქტი როგორც ქართული, ისე ზოგადად ევროპული იდენტობის, ყოფისა და მატერიალური კულტურის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია, რაც დიდწილად განსაზღვრავს ევროპული კულტურისთვის ჩვენს მიკუთვნებას. ხორბლის ადგილობრივ სახეობებს/ჯიშებს და მათგან დამზადებულ პურს დიდი პოტენციალი აქვს, კიდევ უფრო გაზარდოს ტურისტული ინტერესი საქართველოს მიმართ, დამატებითი შემოსავალი მოუტანოს მეხორბლე ფერმერებს, პურის მწარმოებლებს და მომავალში საექსპორტო პროდუქტიც კი გახდეს.
ხორბლის კულტურის მკვლევრები და „ტრადიციული“ ხორბლის მოყვანით დაინტერესებული საერთაშორისო საზოგადოება კარგად იცნობს ქართულ ხორბალს. ქართული ხორბალი, განსაკუთრებით ჩელტა ზანდური, აქტიურად გამოიყენება მსოფლიო სელექციონერების (აშშ, იაპონია და სხვ.) მიერ ფუზარიოზისა სხვა დაავადებების მიმართ უნიკალური რეზისტენტობის გამო; საფრანგეთში, დანიაში, აშშ- სა და სხვა ქვეყნებში კი ხორბლისა და პურის მწარმოებლებს სხვადასხვა ქართული ჯიში მოჰყავთ – მაგალითად, საფრანგეთში წითელი დოლი Caucasus rouge-ის სახელითაა ცნობილი.
Heritage Grain Conservancy-ის დამფუძნებელი, ამერიკელი მკვლევარი და ბიომეურნე ელი როგოზა, რომელსაც მასაჩუსეტში თავისსავე მიწაზე მოჰყავს ქართული ხორბალი, გვიზიარებს, თუ რატომ მიაჩნია ასე მნიშვნელოვნად ქართული ხორბლის კონსერვაცია: „ჩემმა მრავალწლიანმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ქართული ხორბალი არის ელიტური, გამორჩეული და დაავადებების მიმართ მდგრადი, საუკეთესო არომატის მქონე და უვნებელი გლუტენზე ალერგიის მქონე ადამიანებისათვის; ის ბუნების საჩუქარია, რომელიც სამეურნეო კულტურის მდიდარ ნიადაგზე აღმოცენდა; ეს არის ის, რამაც გააერთიანა ჩემი, როგორც მეცნიერის, ინტერესი გამორჩეული გენეტიკური მასალისადმი და სიყვარული მისი მსგავსი, უხვი და ჯანსაღი ქართული კულტურისა და ხალხის მიმართ, რაც ასე გვაკლია დღევანდელ გაბზარულ სამყაროში!“
დატოვე კომენტარი