რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთის ბირთვულ წვრთნებს ბელარუსიც შეუერთდება.
„ვინაიდან ბელარუსის ტერიტორიაზე არასტრატეგიული ბირთვული იარაღია განლაგებული, ამჯერად ჩვენ მოვიწვიეთ ჩვენი მეგობრები, მოკავშირეები და, ბელარუსის პრეზიდენტმაც ითხოვა, მონაწილეობა მიეღოთ ამ წვრთნების ერთ-ერთ ეტაპზე“, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა 9 მაისს ჟურნალისტებთან საუბრისას.
პუტინის ინფორმაციით, წვრთნები, რომელსაც, მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია რეგულარულად ატარებს, სამ ეტაპად გაიმართება. ბელარუსის მხარე კი წვრთნებს მეორე ეტაპზე შეუერთდება.
6 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ პრეზიდენტის დავალებით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაიწყო მზადება სამხრეთის სამხედრო ოლქის სარაკეტო ფორმირებებთან წვრთნების ჩასატარებლად ავიაციისა და საზღვაო ძალების მონაწილეობით. უწყების ცნობით, წვრთნებისას არასტრატეგიული ბირთვული იარაღის მომზადება და გამოყენება მოხდება.
„სწავლება მიზნად ისახავს ქვედანაყოფების პერსონალისა და აღჭურვილობის მზადყოფნის შენარჩუნებას არასტრატეგიული ბირთვული იარაღის საბრძოლო გამოყენებისთვის, რათა უპირობოდ უზრუნველყონ რუსეთის სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ცალკეული დასავლელი ოფიციალური პირების მხრიდან რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ პროვოკაციული განცხადებებისა და მუქარის საპასუხოდ“, – ნათქვამია რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქი ასტრახანისა და ვოლგოგრადის რეგიონებს მოიცავს.