რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ღაზაზე ისრაელის სახმელეთო თავდასხმის შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი „აბსოლუტურად მიუღებელი“ იქნება. ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.
პრეზიდენტმა პუტინმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ისრაელის სამხედროებმა 24 საათის განმავლობაში, ღაზის ტერიტორიიდან მილიონობით ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გასცეს. თუმცა მისი მოწოდების პარალელურად საინტერესოა ის ფაქტი, რომ რუსეთი უკრაინაში ომს კვლავ აგრძელებს, სადაც მის სამხედროებს მშვიდობიანი მოქალაქეების წამებასა და სიკვდილით დასჯაში ედებათ ბრალი.
პუტინი სიტყვით ყირგიზეთში, ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოების ჯგუფის, „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის“ (დსთ) სამიტზე გამოვიდა. განცხადებისას რუსეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელს აქვს უფლება, თავი დაიცვას „უპრეცედენტო სისასტიკის თავდასხმისგან“, თუმცა მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი „მიუღებელი“ იქნება. კრემლის ლიდერის თქმით, საცხოვრებელ რაიონებში მძიმე იარაღის გამოყენებას „ყველა მხარისთვის სერიოზული შედეგები მოჰყვება“ და „ახლა მთავარი სისხლისღვრის შეჩერებაა“.
ამის შემდეგ პუტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა კრემლის მოწოდება ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების შესახებ. მისივე განცხადებით, რუსეთი მზადაა, იმუშაოს „ყველა კონსტრუქციულად მოაზროვნე პარტნიორთან“ საომარი მოქმედებების მოსაგვარებლად.
სამიტის მსვლელობისას, პუტინმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მოსკოვის პოზიციაც, რომ მხარეებმა უნდა იმუშაონ ორი სახელმწიფოს იდეაზე, რომელიც ითვალისწინებს დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს, და მის დედაქალაქად – აღმოსავლეთ იერუსალიმს. წინა კომენტარების მსგავსად პუტინმა ამერიკის შეერთებული შტატებიც გააკრიტიკა და ხაზი გაუსვა ვაშინგტონის პოლიტიკის წარუმატებლობას ახლო აღმოსავლეთში.