პუტინი: რუსეთის ბირთვული ძალები თითქმის სრულად მოდერნიზებულია

პუტინი: რუსეთის ბირთვული ძალები თითქმის სრულად მოდერნიზებულია

პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ინფორმაციით, რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალების 95% მოდერნიზებულია. საჰაერო ძალებში კი, ახლახან, ოთხი ზებგერითი ბირთვული ბომბდამშენიც მიიღეს.

პუტინმა კომენტარი რუსეთის ყოველწლიური “სამშობლოს დამცველის დღის” აღნიშვნისთვის ჩაწერილ მიმართვაში გააკეთა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი დღით ადრე, რუსეთის პრეზიდენტმა მოდერნიზებული Tu-160M-ის ბირთვული სტრატეგიული ბომბდამშენით იფრინა. გარდა ამისა, უკრაინაში ომის დაწყებიდან ორი წლის თავზე, პუტინმა “სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში” მონაწილე ჯარისკაცებიც შეაქო და მათ, “სიმართლისა და სამართლიანობისთვის” მებრძოლი გმირები უწოდა.

სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა პუტინმა, უმეტესად ქვეყნის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მიღწევებზე ისაუბრა. “რუსეთის ბირთვული ტრიადა – მისი სტრატეგიული სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო შესაძლებლობები – მოდერნიზებულია და კარგ მდგომარეობაში იმყოფება. ჩვენი რეალური საბრძოლო გამოცდილების გათვალისწინებით, ყველა შესაძლო გზით გავაგრძელებთ შეიარაღებული ძალების გაძლიერებას, მათ შორის მათი ხელახალი აღჭურვისა და მოდერნიზაციის მცდელობების ჩათვლით”, – განაცხადა პუტინმა.

პუტინის ინფორმაციითვე, რუსეთმა დაიწყო ცირკონის ჰიპერბგერითი რაკეტებისა და ახალი, შეტევითი სისტემების სერიული წარმოებაც, რომელიც ამ ეტაპზე ტესტირების პროცესშია. საზღვაო ფლოტს ახალი სტრატეგიული წყალქვეშა ნავები დაემატა, ხოლო შეიარაღებულ ძალებს – Tu-160M-ის ბირთვული ბომბდამშენები.