რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩინეთში იმყოფება, სადაც ჩინეთის სახელმწიფო მედია CGTN-ის ცნობით, „სარტყლისა და გზის ფორუმს“ დაესწრება. როგორც რუსული Interfax-ი იტყობინება, ვიზიტის ფარგლებში პუტინსა და სი ძინპინს შორის შეხვედრაც გაიმართება.
ვიზიტი ხაზს უსვამს მჭიდრო კავშირს პეკინსა და მოსკოვს შორის, რომელსაც უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ვაშინგტონი და ბრიუსელი განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება. ჩინეთმა, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთს მნიშვნელოვანი დიპლომატიური და ეკონომიკური მხარდაჭერა გაუწია, რამაც ქვეყანაზე დასავლეთის სანქციების გავლენაც შედარებით შეარბილა.
პუტინის ვიზიტი სი ძინპინის „სარტყლისა და გზის“ პროექტისადმი მოსკოვის ერთგვარ მხარდაჭერადაც შეიძლება იქნას აღქმული. ინიციატივა 2013 წელს ჩამოყალიბდა და მას შემდეგ ინფრასტრუქტურულ და სხვა პროექტებში $900 მილიარდზე მეტის ინვესტირება განახორციელა. თუმცა, ინიციატივა გამოწვევების წინაშე დგას, მათ შორის ვალის მდგრადობასთან და ჩინეთის ეკონომიკურ შენელებასთან დაკავშირებული საკითხების გამო.
მოგზაურობის წინ, ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელ CCTV-თან ინტერვიუში პუტინმა აღნიშნა, რომ ის ორმოცზე მეტჯერ შეხვედრია სი ძინპინს და „ბევრი სასიამოვნო მოგონებაც“ აკავშირებს ამ შეხვედრებთან.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჩინეთში პუტინის ვიზიტი რუსეთის ლიდერის ერთ-ერთი უიშვიათესი მოგზაურობაა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, უკრაინაში ჩადენილი ომის სავარაუდო დანაშაულისთვის, მასზე დაკავების ორდერი გასცა. მანამდე, ორდერის გაცემის შემდეგ პირველი ვიზიტით, პუტინი ყირგიზეთში იმყოფებოდა.