რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თანახმაა, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს 1.5 მილიარდი აშშ დოლარი ასესხოს. ამის შესახებ ინფორმაციას Neweurope.eu ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, ბელარუსში გამართული სადავო არჩევნების შემდეგ, ორი ქვეყნის პირველი პირი ერთმანეთს სოჭში შეხვდა. მისივე ცნობით, რუსეთსა და ბელარუსს შორის არსებობს ეგრეთწოდებული „კავშირის ხელშეკრულება“, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, მჭიდრო პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს.
”ბელარუსი არის ჩვენი უახლოესი მოკავშირე და უპირობოდ შევასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს“, – უთხრა პუტინმა ლუკაშენკოს.
შეგახსენებთ, ბელარუსში ხუთკვირიანი საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც საარჩევნო კომისიამ 9 აგვისტოს არჩევნებში გამარჯვებულად ალექსანდრე ლუკაშენკო გამოაცხადა, რომელიც ქვეყნის სათავეში 1994 წლიდან არის. არჩევნების ოფიციალური შედეგების გამო, ბელარუსის მთავრობა მკაცრად გააკრიტიკეს ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმაც. ამასთანავე, ქვეყნის ოპოზიციური სპექტრი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია არჩევნების ლეგიტიმური გამარჯვებულია, თუმცა საარჩევნო კომიტეტის მონაცემებით, ტიხანოვსკაიამ მხოლოდ ხმების 10% მოაგროვა, ხოლო ლუკაშენკომ – 80%.
დატოვე კომენტარი