რუსული მედიასაშუალების ინფორმაციით, სახელმწიფო უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ, მოკავშირეობრივი სახელმწიფოს შექმნის განკარგულებას მოაწერეს ხელი. პოლიტიკოსებმა სექტემბერში დადებული მოსკოვისა და მინსკის 28 მოკავშირეობრივი პროგრამა და 2021-2023 წლებში მოკავშირეობრივი სახელმწიფოს შექმნის შესახებ ხელშეკრულების დებულებების განხორციელების ძირითადი მიმართულებები დაამტკიცეს.
გარდა ამისა, პუტინმა და ლუკაშენკომ სამხედრო დოქტრინა და საიმიგრაციო პოლიტიკაც შეათანხმეს. საინტერესოა, რომ მანამდე ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსეთი და ბელარუსი უახლოეს მომავალში ერთობლივი ეკონომიკური სივრცის გადატვირთვას დაიწყებენ. ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ გაჟღერებული ინიციატივა ეკონომიკურ თანამშრომლობაში ახალი მიდგომების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და გადაწყვეტილების მიღების მეთოდების დანერგვას გულისხმობს.
მოკავშირეობრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების იდეა პუტინსა და ლუკაშენკოს დიდი ხანია, აქვთ. სექტემბრის დასაწყისში კი, შეიძლება ითქვას, აღნიშნულის განსახორციელებლად მრავალი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა. ისინი მოკავშირეობრივი სახელმწიფოს ფარგლებში სექტემბრის დასაწყისში, კრემლში, 28 პროგრამაზე შეთანხმდნენ.
ზემოთ აღნიშნული პროგრამები მიზნად ისახავს რუსეთისა და ბელარუსის საკანონმდებლო მიდგომების გაერთიანებას ეკონომიკის, ბიზნესისა და ტრანსპორტის სფეროებში, გარდა ამისა, სახელმწიფოები გეგმავენ, გადავიდნენ ერთიან სამრეწველო პოლიტიკაზე, ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა სახელმწიფო შესყიდვებზე და შექმნან ბუნებრივი აირის ერთიანი ბაზარი.
დატოვე კომენტარი