ახალი ვადით არჩეულმა რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორების მმართველობაში ძირეული და ბევრისთვის მოულოდნელი ცვლილებები განახორციელა. ვლადიმირ პუტინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრი და უშიშროების საბჭოს მდივანი დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლა.
პუტინმა სერგეი შოიგუს ნაცვლად თავდაცვის მინისტრად 65 წლის ეკონომისტი ანდრეი ბელოუსოვი დანიშნა. ანდრეი ბელოუსოვი წარსულში ქვეყნის ვიცე-პრემიერის თანამდებობას იკავებდა და მას თავდაცვის სექტორში გამოცდილება არა აქვს. სამხედრო და პოლიტიკური ანალიტიკოსების მოსაზრებით, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრად ეკონომისტის დანიშვნასთან დაკავშირებით ომის ხასიათის შეცვლით აიხსნება. კონფლიქტის დაწყებიდან ორწელიწად-ნახევრის შემდეგ რუსეთის სამხედრო ეკონომიკა მნიშვნელოვნად შესუსტდა და, როგორც ჩანს, ანდრეი ბელოუსოვს სწორედ აღნიშნული მდგომარეობის გამოსწორება დაევალება. მისი კომპეტენციიდან გამომდინარე, მთავარი ფუნქცია რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტის უკეთ განაწილება იქნება.
რაც შეეხება თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და პუტინის ნდობით აღჭურვილ პირს, სერგეი შოიგუს, ის აღნიშნულ თანამდებობას 2012 წლიდან იკავებდა. აღსანიშნავია, რომ ვლადიმირ პუტინს სერგეი შოიგუ უსაფრთხოების სექტორს არ ჩამოუშორებია. ამიერიდან, შოიგუ ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს. აღნიშნულ პოზიციაზე ის ნიკოლაი პატრუშევს ჩაანაცვლებს და უშიშროების საბჭოს მართვასთან ერთად, მას რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მენეჯმენტიც დაევალება.
ნიკოლაი პატრუშევის უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობიდან გათავისუფლება სფეროს ექსპერტებისათვის მოულოდნელი აღმოჩნდა. პატრუშევი ამ პოზიციაზე 2008 წლიდან მსახურობდა. მანამდე კი 1999-დან 2008 წლამდე რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (FSB) დირექტორის თანამდებობას იკავებდა. კრემლის განმარტებით, პატრუშევი ახალ თანამდებობაზე მალე დაინიშნება, თუმცა სად – ჯერჯერობით უცნობია.
2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ეს რუსეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორებში განხორციელებული ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებებია. კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, ცვლილებები ლოგიკურია, რადგან რუსეთი ამჟამად 80-იანი წლების სსრკ-ის მსგავს სიტუაციაში იმყოფება, როდესაც მშპ-ის 7.4% სამხედრო და სამართალდამცავ უწყებებზე მოდიოდა.