ყოფილმა ნახევრად პროფესიონალმა პოკერის მოთამაშე ნიმა გჰამსარიმ გადაწყვიტა, რომ ფინანსური ტექნოლოგიები მხოლოდ სტარტაპების საქმე არ იყო. მან შექმნა Blend Labs-ი, $3 მილიარდზე მეტად ღირებული ბიზნესი, რომელმაც ქვეყნის უმსხვილესი იპოთეკური სესხების გამცემები თავიანთ ჩვეულ დიეტას – მკვდარი ხეების დასტებს ჩამოაცილა, და მალე ის საჯარო ბაზარზე გავა.
პანდემიური ეკონომიკის ერთ-ერთი დიდი სიურპრიზი უძრავი ქონების ბუმი იყო. მაშინ, როცა ქალაქიდან გაქცეული მოსახლეობა და გადაჭედილი სახლიდან მომუშავე ოჯახები გარეუბნების სახლებზე ფსონებს დებდნენ, უდაბლესი საპროცენტო განაკვეთები არსებულ მეპატრონეებს რეფინანსირებისკენ უბიძგებდა. გასული წლის ბოლოსთვის $4.3 მილიარდი ღირებულების 13.6 მილიონი იპოთეკური სესხი გაფორმდა, რამაც ნამსხვრევებად აქცია 2003 წლის $3.7-მილიარდიანი ყველა დროის რეკორდი. ეს სასწაულებრივი ტრიუკი იყო, თუ გავითვალისწინებთ, რომ გასესხების დიდი ნაწილი მაშინ მოხდა, როდესაც პირისპირ შეხვედრები ტაბუირებული იყო და გადატვირთული კრედიტის ოფიცრები სახელდახელო ოფისებიდან მუშაობდნენ, ფონად კი ძაღლების ყეფა და ბავშვების დისტანციური კლასების ხლაფორთი ჩაესმოდათ. სინამდვილეში, იპოთეკის ბაზარი სავარაუდოდ ჩამოიშლებოდა, რომ არა საიდუმლო იარაღი: ნიმა გჰამსარი, 35 წლის ირანელი იმიგრანტი, რომელმაც ასიათასობით დოლარი ონლაინპოკერის თამაშით იშოვა, სანამ სტენფორდში სწავლობდა; სწავლის დასრულების შემდეგ შეუერთდა ე.წ. დიდი მონაცემების იდუმალ სტარტაპს, Palantir Technologies-ს; და შემდეგ, 2012-ში, სულ რაღაც 26 წლისამ, მიატოვა საოცნებო სამსახური საკუთარი პროგრამული კომპანიის, Blend Labs-ის შესაქმნელად. „ყოველთვის ვგრძნობდი, რომ მინდოდა საკუთარი თავის გამოცდა. მინდოდა დიდი რისკის აღება“, – ამბობს ის სხვათა შორის.
იმის მიუხედავად, რომ სილიკონ-ველიში ჩვეულებრივი მსესხებლებისთვის უხილავი და შედარებით დაბალი პროფილისაა, Blend-ს გამაოგნებელი გავლენა აქვს. ის დღეს 287 აშშ ბანკის ციფრულ ინფრასტრუქტურას უზრუნველყოფს, მათ შორის ისეთ დიდ იპოთეკურ გამსესხებლებს, როგორიცაა Wells Fargo და First Republic Bank-ი. 2020-ში Blend-ის პროგრამამ გააპროცესა $1.4 ტრილიონის იპოთეკური და სამომხმარებლო სესხი – სამჯერ უფრო მეტი გასულ წელთან შედარებით. პანდემიის პერიოდში მისი თანამშრომლების რაოდენობა გაიზარდა 450-დან 750-მდე. Forbes-ის შეფასებით, Blend-ის შემოსავალი გასულ წელს დაახლოებით $100 მილიონამდე გაორმაგდა.
Blend-ის დიდი დამსახურებაა, რომ იპოთეკის აპლიკაციის, დაზღვევისა და დახურვის პროცესი – ერთ დროს კვირებისა თუ თვეების ქაღალდების, იმეილების, ფაქსებისა და სატელეფონო ზარების რუტინა – დღეს თითქმის მთლიანად ციფრულად კეთდება. საკონსულტაციო ფირმა MarketWise-ის შეფასებით, Blend-ი საშუალოდ ზოგავს 7.3 დღესა და ოპერაციული ღირებულების $520-ს თითოეულ სესხზე და ტიპურ ბანკს საშუალებას აძლევს, თვეში 14 იპოთეკა დახუროს. საკრედიტო ქულებისთვის Blend-ი უპრობლემოდ ინტეგრირდება CoreLogic-თან, Plaid-თან ბანკების ანგარიშის შესამოწმებლად და Google Maps-თან ადგილმდებარეობის მონაცემებისთვის. ეს ბანკებს საშუალებას აძლევს, წინასწარი იპოთეკები შესთავაზონ სახლების მაძიებლებს მაუსის სულ რამდენიმე დაწკაპუნებით, რაც უდიდესი პლუსია ცხელი უძრავი ქონების ბაზრისთვის.
„გასულ წელს მოცულობების ვარდნამ ყველანი ძალიან გაგვსტრესა“, – ამბობს ტომ უინდი, US Bank Home Mortgage-ის პრეზიდენტი, Blend-ის ერთ-ერთი უმსხვილესი კლიენტი. – Blend-ის ეფექტიანობის ხარჯზე ჩვენ გასულ წელს მეტი კლიენტის მომსახურება შევძელით“. 2020 წელს US Bank-მა იპოთეკური გადახდების 136%-ით გაზრდა პერსონალის დამატების გარეშე შეძლო.
გჰამსარიმ და Blend-მა შედეგებს Sand Hill Roadზე ტრადიციული მეთოდებით მიაღწიეს. ბანკებთან კონკურენციაში შესვლის ნაცვლად (რაც ხშირად ფინანსური ტექნოლოგიების მიზანია), გჰამსარიმ მათი მოდიფიკაცია და მომსახურების გადასახადის მიღება ამჯობინა. მისი ლოგიკა: არ დასჭირდებოდა დროისა და ფულის ხარჯვა სამომხმარებლო მარკეტინგისთვის და ფინანსურ სერვისებს პოტენციურად უფრო მარტივად ხელმისაწვდომს გახდიდა 100 მილიონი კლიენტისთვის, ალბათ მილიონი ან ორი მილიონის ნაცვლად.
იანვარში, საჩვენებელი წლის დასრულებისთანავე, Blend-მა $300 მილიონი მოიზიდა აღიარებული კომპანიებისგან, მათ შორის ჩეიზ კოლმანის Tiger Global-ისა და ფილიპ ლაფონტის Coatue Management-ისგან $3.3 მილიარდად შეფასების პირობებში, რითაც ხუთი თვის მონაკვეთში საკუთარი ღირებულება გააორმაგა. აპრილში Blendმა გააფორმა კონფიდენციალური დოკუმენტები ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიასთან შესაძლო პირველადი საჯარო შეთავაზებისთვის, რომელსაც (თუ გავითვალისწინებთ, რომ Blend-ის Tesla-ს მსგავს წამახალისებელი კომპენსაციებით გაჯერებულ სტრუქტურას) შეუძლია, გჰამსარი მილიარდერის სტატუსის გზას გაუყენოს – იმ შემთხვევაში, თუ Blend-ი წარმატებული იქნება. მოარული ხმების თანახმად, სპეციალური დანიშნულების შესყიდვათა კომპანიებმა (SPAC-ება) გამოხატეს Blend-თან გაერთიანების ინტერესი მისი ახლანდელი შეფასების გაორმაგებული ღირებულებით, თუმცა გჰამსარიმ ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა.
Blend-ი გამოირჩევა წლევანდელი Forbes-ის Fintech 50-ში, რომელიც წარმოადგენს ფინანსური სერვისების გარდამქმნელ 50 კერძო სტარტაპს. Fintech 50-იდან 20 კომპანია ახალია, რაც ასახავს იმ ენერგიასა და რეკორდულ ვენჩურულ კაპიტალს, რომელიც სექტორში შეედინება, ისევე როგორც Covid-19-ის გავლენასა და იმ ფაქტს, რომ გასული წლის სიიდან ექვსი, მათ შორის კრიპტობირჟა Coinbase-ი და Opendoor Technologies-ი, რომელიც ქეშის სანაცვლოდ სწრაფად ყიდულობს სახლებს, საჯარო გახდა. Blend-ის ჩათვლით, Fintech 50-ის მინიმუმ ოთხი ამჟამინდელი წევრი საჯარო ბაზარზე გაყიდვას აპირებს.
თუმცა ცოტას თუ ჰქონია ამხელა გავლენა უბრალო ხალხის ცხოვრებაზე. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან მოყოლებული, სახლის ქონა ამერიკული ოცნების მთავარი ნაწილი იყო – ისევე როგორც გჰამსარის ოჯახისთვის. ის ირანიდან აშშ-ში საცხოვრებლად 1987 წელს, ერთი წლისა გადმოვიდა, როცა მისი მშობლები აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად მიჩიგანის უნივერსიტეტში სწავლობდნენ. ისინი ცინცინატში დასახლდნენ. დედამისი Xavier University-ში ქიმიას ასწავლიდა. წლების განმავლობაში ქირით ცხოვრების შემდეგ, 1998 წელს, გჰამსარის მშობლებმა ბოლოს იპოთეკური სესხი დაამტკიცეს დაბალი წინასწარი შენატანის პირობით და $100,000-ად შეიძინეს უბრალო ორსართულიანი სახლი ცინცინატში. ეს ის ქვაკუთხედი იყო, რაზეც მათი ოჯახის კეთილდღეობა აეწყო. მოგვიანებით ისინი სასწავლო კომპანიის ფრანშიზის მფლობელები გახდნენ და თავიანთ ტვინიკოსა თინეიჯერ შვილს სტუდენტების შეფასებისა და კერძო გაკვეთილებისთვის ასაქმებდნენ.
გჰამსარისთვის ეს არ იყო დროის გაყვანის ერთადერთი გზა, სანამ სკოლას კლასის საუკეთესო მოსწავლის სტატუსით დაასრულებდა. ის მუშაობდა McDonalds-ში, Starbucks-ში, Circuit City-ში Dell-ის კომპიუტერების შემკეთებლად და კოდირებას სწავლობდა. სტენფორდში, სტიპენდია დაეხმარა სწავლის საფასურის გადახდაში, მაგრამ გჰამსარიმ საცხოვრებელი ხარჯების დასაფარად ბედი ონლაინპოკერში სცადა. მალე, სწავლისგან თავისუფალ დროს, ის დღე და ღამე თამაშობდა და მისი მოგება ექვსციფრიან რიცხვებში საკმაოდ ღრმად იყო შესული. „აქ პირველად გავუგე გემო, თუ რამდენად კარგი შედეგები შეიძლება მოიტანოს გრძელვადიან პერსპექტივაში დიდი ენერგიისა და მცდელობის ჩადებამ საკუთარ განვითარებაში“, – ამბობს ის.
პოკერისთვის მეტი დროის გამოსანახად, გჰამსარიმ შეიძინა გაზზე მომუშავე გოლფის მანქანა სტენფორდის უზარმაზარ, 8,000-აკრიან კამპუსში სწრაფად გადასაადგილებლად. „იმის საკეთებლად, რისი კეთებაც მსურს, ჩემი დროის მაქსიმალურ ოპტიმიზებას ვახდენ. ვცდილობ, იმას, რისი კეთებაც არ მსურს, რაც შეიძლება ეფექტიანად ავარიდო თავი“, – განმარტავს ის. (სტივ ჯობსის მიბაძვით, მას 30 შავი მაისური აქვს, რადგან, როგორც ამბობს, „არ მიყვარს დროის კარგვა იმაზე ფიქრში, თუ რა უნდა ჩავიცვა“.)
ბრწყინვალე სტუდენტის ძვირფასი დროის მიმართ გულგრილმა კამპუსის პოლიციამ გჰამსარის აკრძალული გოლფის მანქანა ჩამოართვა. „ახლა რომ ვუყურებ, ჩემი მხრიდან ეს საშინელი საქციელი იყო“, – აღიარებს ის. თუმცა ამას მნიშვნელობა არა აქვს. 2008 წელს უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების ხარისხით დამთავრების დროს მას უკვე ნაყიდი ჰქონდა Aston Martin-ი და მუშაობდა ზეგასაიდუმლოებული big-data სტარტაპ Palantir Technologies-ში, რომელიც თავდაპირველად ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს ვენჩურულმა ნაწილმა დააფინანსა. მისი მოვალეობა იყო, განეხორციელებინა Palantir-ის პროგრამის ინტეგრაცია ამერიკის იმ პერიოდში მორყეულ დიდ ბანკებში, რომლების უთავბოლო, ათწლეულების სიძველის ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა საშუალებას არ იძლეოდა, შეექმნათ ცხადი სურათი თავიანთი პრობლემური საიპოთეკო აქტივობის შესახებ. გჰამსარიმ კარგად დაინახა ბანკებისთვის ზიანის მიყენების, ან მათი ტრანსფორმაციის უდიდესი შესაძლებლობა.
„Palantir-ის შეფასებით, აღინიშნებოდა ორგანიზაციების მიერ შეგროვებული მონაცემების უკიდეგანო ზრდა, მაგრამ არ არსებობდა ამ მონაცემების ორგანიზების არანაირი საშუალება ოპერაციული მიზნებისთვის, – ამბობს ის. – შენ, გაზვიადების გარეშე, უნდა წაგეკითხა ქაღალდის ფურცლები, რადგან მონაცემები საიპოთეკო ინდუსტრიაში ანალოგიურად იქმნებოდა“.
სხვა თანამშრომლების მსგავსად, გჰამსარის stock options-ი ჰქონდა და შეეძლო ნაღდი ფული მიეღო 2020-ში, როცა Palantir-ი, საბოლოოდ, საჯარო კომპანია გახდა. ამის ნაცვლად, 2012 წელს მან, თავის ორ ახალგაზრდა კოლეგასთან (ყოფილი კვანტ-ტრეიდერი როსკო ჰილი და ინჟინერი იუჯინ მარინელი), და ერინ კოლარდთან, მილიარდერ პიტერ ტილის ჰეჯ-ფონდის Clarium Capital-ის მთავარ ტრეიდერთან ერთად, დააარსა Blend-ი, რათა შეექმნათ ქლაუდზე დაფუძნებული ტექნოლოგია დამიწებული ბანკებისთვის. მათ თავდაპირველი მხარდაჭერა მიიღეს ტილისგან და მაქს ლევჩინისგან, $1.4 მილიარდის ქონებით, რომელიც ახალი საჯარო ფინანსური ტექნოლოგიების კომპანია Affirm-ით იშოვა. Affirm-ი საშუალებას აძლევს ადამიანებს, შენაძენი ნივთებისთვის საფასური განვადებით გადაიხადონ. ოთხი დამფუძნებელი თავიდან სან-ფრანცისკოში, გჰამსარის ვიწრო ბინიდან მუშაობდა, სანამ მათ მეზობლები უჩივლებდნენ. შემდეგ მათ იქირავეს ბინა მიშენ-ბეიში, რომელსაც ოფისად იყენებდნენ და სადაც კარადაში შეჰქონდათ საძილე ტომრები 24-საათიანი კოდირების სესიებს შორის გამოსაძინებლად.
თავდაპირველად ვენჩურული კაპიტალისტები, რომლებიც სწრაფ, დამანგრეველ ზრდაზე იყვნენ ორიენტირებული, Blend-ის მიდგომას სკეპტიკურად უყურებდნენ. მოუქნელი ბანკებისგან ბიზნესის გადმოტანა სათუო საქმე იყო, აფრთხილებდნენ ისინი, და თავად იმ ბანკების რაოდენობაც შეზღუდული იყო, რომლებსაც მომსახურებას მიჰყიდდი. „ვენჩურული კაპიტალისტები ეჭვის თვალით გვიყურებდნენ. ვერც კი ვიტყვი, რამდენჯერ გამიგია მათგან სიტყვები, ‘ეს არასდროს იმუშავებს’, ან ‘[ბანკები] რეალურად ამას არ გამოიყენებენ’“, – იხსენებს გჰამსარი. თუმცა საიპოთეკო ბაზარზე დამდგარმა ცვლილებებმა ყველაფერი გჰამსარის სასარგებლოდ შემოაბრუნა. 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ Bank of America-სა და Wells Fargo-ს მსგავსმა დიდმა გამსესხებლებმა რისკების შემცირების მიზნით დაიწყეს ასობით მილიარდის იპოთეკების მესამე-მხარის სერვისებზე გადაბარება. ამ სერვისებს სჭირდებოდათ დახმარება მასობრივი ახალი პორტფოლიოების მართვაში და, ბანკებთან შედარებით ბევრად უფრო ღია იყვნენ ამ დახმარების ახალი ტექნოლოგიური ჯადოქრებისგან მისაღებად.
Blend-ის პირველი კლიენტი იყო Nationstar Mortgage-ი (დღეს Mr. Cooper-ი), ქვეყნის სიდიდით მესამე იპოთეკური პროვაიდერი. თუმცა Blend-ის დიდი გარღვევა კონკურენტის დამსახურებით მოხდა. 2015 წელს Quicken Loans-ის მილიარდერმა დან გილბერტმა გახსნა Rocket Mortgage-ი, რომელმაც იპოთეკის გაცემის დრო 40 დღიდან მხოლოდ ერთ თვემდე შეამცირა – Blend-ის შეთავაზების მსგავსად. „ყველა ბანკის საბჭომ გამოიღვიძა და თქვა, ‘ღმერთო ჩემო, ჩვენ უნდა გამოვძებნოთ ამასთან გაჯიბრების საშუალება, იმიტომ რომ, თუ ამას არ ვიზამთ, მოცულობას Rocket-ს დავუთმობთ. Blend-ი იყო ამ საშუალებებიდან ერთ-ერთი”, – იხსენებს ჯეფრი რეიტმანი, Blend investor Canapi Ventures-ის პარტნიორი.
2017 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში Blend-მა გარე დაფინანსებით მხოლოდ $67 მილიონი მიიღო. მაგრამ მას შემდეგ, რაც ვენჩურულმა კაპიტალისტებმა დაინახეს, რომ მან კლიენტებად გაიფორმა Wells Fargo, აშშ ბანკი და იპოთეკების გამცემი Movement Mortgage-ი, მათ რეკვა დაიწყეს. 2017 წლის აგვისტოში Blend-მა მიიზიდა $100 მილიონი, ნახევარმილიარდიანი დოლარის შეფასებით ისეთი კომპანიებისგან, როგორიცაა Emergence Capital-ი, 8VC, Lightspeed Venture Partners-ი და Nyca Partners-ი, Greylock-ის თაოსნობით გამართულ რაუნდში.
ამ ნაღდი ფულით გჰამსარიმ ასობით მცირე ბანკის კლიენტებად დამატება შეძლო. მან ასევე გააფართოვა ფუნქციები, მისცა რა მსესხებლებს დოკუმენტების ატვირთვის, ხოლო ბანკებს ხელშეკრულების პროცესის, ასევე აპლიკაციის ციფრულად მართვის საშუალება. 2019 წელს Blend-მა დამატებით მოიზიდა $130 მილიონი და Fannie Mae-ს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, დღეს 62 წლის ტიმ მეიოპულოსი პრეზიდენტად აიყვანა, რითაც სანდოობა შესძინა კომპანიას ბანკებისა და ვაჭრობაში GSE-ებად ცნობილი, მთავრობის მიერ მხარდაჭერილი იპოთეკური ფინანსური სააგენტოების თვალში. გჰამსარი „მოვიდა და მომინახულა ჩემს ოფისში, მოუწესრიგებელმა ყმაწვილმა შავ მაისურში, – იხსენებს მეიოპულოსი. – მაგრამ ცხადი იყო, რომ მას ისეთივე წარმოდგენა ჰქონდა სისტემის მუშაობაზე, როგორიც მე: ის მთლიანად უნდა ეყრდნობოდეს სანდო მონაცემებს, რომლებიც ზიარდება პროცესის ყველა მთავარი მონაწილის მიერ, მომხმარებლით დაწყებული, გამსესხებლითა და საკრედიტო რისკის მფლობელით დამთავრებული (GSE-ებით)“.
Blend-ი არ აპირებს იპოთეკებზე გაჩერებას – არც ბანკებზე. 2019 წლისთვის მას გაშვებული ჰქონდა ქაღალდის მოხმარების შემამცირებელი პროგრამა სახლების მეპატრონეთა დაზღვევის, ასევე სახლების სააქციო კაპიტალისა და ავტოსესხებისთვის. მან ასევე იპოთეკების შეთავაზების საშუალება მისცა სამშენებლო ფირმა Lennar-ს. მარტში მან თანხმობა განაცხადა, შეეძინა სადაზღვევო და ავტოსესხების კომპანია Title365 $422 მილიონად, იმ მიზნით, რომ მოახდინოს სახლის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული კიდევ უფრო მეტი პროცესის ინტეგრაცია საკუთარ სერვისებში – და აკრიფოს დაზღვევის გადასახადიც.
გჰამსარის ხედვას მოკრძალებულს ვერ ვუწოდებთ. ის ამტკიცებს, რომ პროგრამას შეუძლია ფინანსური სისტემიდან არასაჭირო ფრაქციების სახით არსებული წელიწადში ათობით მილიარდი დოლარის გაქრობა. „10 წელიწადში ფინანსები იქნება ნამდვილად ციფრული და პროაქტიული რეალურ დროში“, – ამბობს ის. მომხმარებლები გახსნიან აპლიკაციას და რეალურ დროში მიიღებენ რეკომენდაციებს მათი ინდივიდუალური ფინანსური სურათიდან გამომდინარე, ამ ყველაფერს კი Blend-ი გააკეთებს. თუ ეს მოხდა, დასძენს იგი, „ეს იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კომპანია“.
დატოვე კომენტარი