მიუხედავად სამუშაოს სპეციფიკისა და სირთულისა, პირადი ცხოვრებისა და მუშაობის შეთავსება არცთუ ისე მარტივია. სამსახურის დაკარგვის შიში ბევრს ზეგანაკვეთური მუშაობისკენ უბიძგებს, ტექნოლოგიებზე წვდომის გამარტივება კი სამუშაოსა და პირად დროს შორის არსებულ საზღვრებს კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის.
თუმცა, როგორც Forbes Advisor 2023-ის მონაცემებზე დაყრდნობით რეიტინგის შედგენისას აღმოჩნდა, მუშაობისა და პირადი ცხოვრების ბალანსის მიხედვით, მსოფლიოს ქალაქებს შორის განსხვავებული მდგომარეობაა. მეტიც, რეიტინგის სათავეში მოხვედრილ ქალაქებში წარმოდგენილი კომპანიები, დასაქმებულებს მუშაობა-ცხოვრების ბალანსის შესანარჩუნებლად სხვადასხვა ბენეფიტს, მათ შორის კარგ ჯანდაცვასა და ხანგრძლივ შვებულებებს სთავაზობენ. რეიტინგი ჯამში მსოფლიოს 128 ქალაქის მონაცემების გათვალისწინებითაა შედგენილი და ქალაქებს 100-ქულიან სკალაზე აფასებს – რაც უფრო მაღალია ქულა, მით მაღალია ცხოვრება-მუშაობის ბალანსის ხარისხი.
საინტერესოა, რომ რეიტინგის პირველი 25 ქალაქიდან ოცი ევროპაში მდებარეობს. ევროპის ქალაქებში კულტურისა და ცხოვრების სტილის მრავალფეროვანი სპექტრი მოქალაქეებისთვის პირად ცხოვრებასა და მუშაობას შორის ბალანსს უზრუნველყოფს. რეიტინგის ლიდერი 70.5/100 ქულით კოპენჰაგენი გახდა. დანიის დედაქალაქში უმუშევრობის დაბალი, ხოლო ცხოვრების ხარისხის მაღალი დონეა, დეკრეტული შვებულება 52 კვირით განისაზღვრება, ქალაქი კი, თავის მხრივ, მდგრადობასა და მწვანე სივრცეების განვითარებაზეა ფოკუსირებული.
ჯანსაღი ცხოვრების წესით, გრძელვადიანი შვებულებებითა და კარგი დეკრეტული პოლიტიკით გამოირჩევა სხვა სკანდინავიური ქალაქებიც, მათ შორის ჰელსინკი, სტოკჰოლმი და ოსლო, რომელთაც რეიტინგის ხუთეულში მოახერხეს თავის დამკვიდრება. ფაქტობრივად, ამ ქალაქებში დასაქმებულთა სამუშაო კვირა 30 საათს არ აღემატება, ჰელსინკიში კი დისტანციური მუშაობის წილი 50%-ს აჭარბებს.
ევროპის თითქმის სრული დომინირების მიუხედავად, რეიტინგის ტოპ-25-ში მუშაობასა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის მაღალი ხარისხი ოკეანეთის რამდენიმე ქალაქსაც გამოარჩევს. მაგალითად, მეხუთე პოზიციას ახალი ზელანდიის ოკლენდი იკავებს, სადაც დასაქმებულები კვირაში საშუალოდ მხოლოდ 26.3 საათს მუშაობენ, დეკრეტული შვეულება კი ერთი წლით განისაზღვრება.
ოკლენდის გარდა, ოკეანეთის სხვა ქალაქებშიც, მაგალითად, ბრისბენში (53.3), მელბურნსა (53.1) და სიდნეიში (51.4) სამუშაო კვირა საშუალოდ 32.4 საათიდან 38 საათამდე მერყეობს. აღნიშნული ქალაქების მაღალ ქულაზე მათთვის დამახასიათებელი მზიანი ამინდებიც დადებითაც მოქმედებს.
აზიის რეგიონს რეიტინგის წამყვან ოცდახუთ ქალაქს შორის მხოლოდ ერთი წარმომადგენელი, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ჰყავს. მართალია აბუ-დაბიში უძრავ ქონებაზე მაღალი ფასებია და რეიტინგის სხვა ქვეყნებთან შედარებით, შვებულებისთვის განკუთვნილი დღეებიც ცოტაა, ქალაქის მაღალ ქულას რამდენიმე ძირითადი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორისაა: უსაფრთხოება, მზიანი ამინდები და ცხოვრების მაღალი ხარისხი.
ცნობისთვის, Forbes Advisor-ის მიერ შედგენილი რეიტინგი რამდენიმე ძირითად ინდიკატორს ეყრდნობა, ესენია: მსოფლიო ბედნიერების ინდექსი, გენდერული თანასწორობის ინდექსი, სამუშაო საათები, კანონით გათვალისწინებული მინიმალური წლიური შვებულება, ქონების ფასის შეფარდება შემოსავალთან, დისტანციური სამუშაო ვაკანსიების რაოდენობა, დეკრეტული შვებულების პოლიტიკა, უმუშევრობის დონე, პარკებისა და ნაკრძალების რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე და მზიანი პერიოდები.
მუშაობისა და პირადი ცხოვრების ბალანსის მიხედვით საუკეთესო ქალაქების 2023 წლის რეიტინგი:
- კოპენჰაგენი, დანია – 70.5
- ჰელსინკი, ფინეთი – 65.1
- სტოკჰოლმი, შვედეთი – 64.8
- ოსლო, ნორვეგია – 63.2
- ოკლენდი, ახალი ზელანდია – 62.7
- გოტებურგი, შვედეთი – 60.7
- რეიკიავიკი, ისლანდია – 58.7
- ვენა, ავსტრია – 58.5
- ედინბურგი, შოტლანდია – 57.1
- ბელფასტი, ჩრდილოეთი ირლანდია – 57
- ლუქსემბურგი, ლუქსემბურგი – 56.7
- ამსტერდამი, ნიდერლანდები – 55.6
- ციურიხი, შვეიცარია – 55
- პრაღა, ჩეხეთი – 53.6
- მანჩესტერი, გაერთიანებული სამეფო – 53.4
- გლაზგო, შოტლანდია – 53.3
- ბრისბენი, ავსტრალია – 53.3
- მელბურნი, ავსტრალია – 53.1
- დუბლინი, ირლანდია – 52.8
- როტერდამი, ნიდერლანდები – 52.7
- მადრიდი, ესპანეთი – 51.9
- სიდნეი, ავსტრალია – 51.4
- ბარსელონა, ესპანეთი – 51.3
- ვალენსია, ესპანეთი – 50.6
- აბუ-დაბი, არაბთა გაერთიანებული საემიროები – 50.4