„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

„ათ კაცში ერთს ვერ შეხვდებით ახლანდელ დროში, რომ არ წუწუნებდეს, არ სჩიოდეს ყველაფრის სიძვირეზედ, ცხოვრების გაჭირვებაზედ და უსაშვალობაზედ. ყველა უკმაყოფილოა, ყველა სჩივის, ვალში და ვახშში ვარდებიან, რომ ცხოვრების საშუალება, ლუკმა-პური მოიპოვონ. ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ ეს სიძვირე გავლილ ომიანობის წყალობით ჩამოვარდაო. ხალხს ომმა ის მოუტანა, რომ ყველაგვარი ხორაგის ფასი ერთი-ორად და სამად აიწია და ისე დაგვიტოვა ფას-აწეული; მოგვიტანა კიდევ ის, რომ ამ აწეული ფასების მიცემა მხოლოთ რამდენსამე კაცს შეაძლებინა და დანარჩენები კი გაჭირებაში ჩააგდო…“

გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებული სტატიის ავტორი ომში 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის სამხედრო კონფლიქტს გულისხმობდა, მოვლენას, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში გამეფებული სიძვირისა და საყოველთაო გაჭირვების მიზეზად იქცა.

მძიმე ეკონომიკური ვითარების ფონზე, სიძვირე და გაჭირვება თფილისელთათვის მრავალ ასპექტში გამოვლინდა, თუმცა განსაკუთრებით საგრძნობი 1880 წელს ფქვილის დეფიციტი, შესაბამისად, კატასტროფულად გაზრდილი ფასი და პურ-პროდუქტებზე ხელმისაწვდომის შემცირება იყო.

ბუნებრივია, თფილისში ერთი-ერთი მთავარი სავაჭრო პროდუქტი ფქვილი იყო, რადგან „პურს ჩვენი არსობისას“ მთელი ქალაქი მოიხმარდა. ფქვილის დეფიციტი და გაზრდილი ფასი აძვირებდა პურ-პროდუქტებსაც.

წესით, „მეფურნეები“, ქალაქის პურით მომარაგების საქმის ავანგარდში რომ იდგნენ, თავიანთი სურვილითა და ბაზარზე არსებული ვითარების გათვალისწინებით, პროდუქტზე ფასს ვერ გაზრდიდნენ, რადგან ორ მთავარ პროდუქტზე – პურსა და ხორცზე, შესაბამისი სამსახურების მიერ, თვეში ერთხელ, საგანგებოდ წესდებოდა ვაჭრობის ნიხრი, ანუ „ტაქცია“. ამგვარი მოცემულობა კი მეფურნეებს არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში აყენებდა, შესაბამისად, ისინიც სხვადასხვა მანქანებით ცდილობდნენ დაწესებული ტაქციის გვერდის ავლას, რაზეც ვრცლად ქვემოთ ვისაუბრებთ.

მანამდე კი ვახსენოთ ცნობა, რომელმაც 1880 წელს „შეძრა“ თფილისი, რადგან ამ ცნობის მიხედვით, ფქვილის დეფიციტის გამო, ეს პროდუქტი, ჩვენს ქალაქში, ერთი ადგილობრივი ვაჭრის სახელზე, შორეული „ამერიკიდამ“ მოსულა:

„ამასაც მოვესწარით, რომ პურითა და ღვინით განთქმულს საქართველოში, საქართველოში, რომელიც ორ თავის ოდენა ქვეყანას უნდა არჩენდეს, ცხრა მთა და ცხრა ზღვა გარდაღმიდამ მოაქვთ პური გასასყიდლათა!“ – წერდა „დროება“.

გაზეთი იმასაც დასძენდა, რომ თუკი ფქვილის მიმღები ამხელა გზაზე, ამოდენა ტვირთის [„სამი ვაგონი სავსე“] ტრანსპორტირების ხარჯს არ მორიდებია, დიდი მოგების იმედიც უნდა ჰქონდესო…

და რა გასაკვირია, რომ ფქვილით მოვაჭრეებს დიდი მოგების იმედი ჰქონოდათ, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქში ფქვილი უფრო და უფრო დეფიციტური ხდებოდა, შესაბამისად, პროდუქტის ფასი დღითიდღე იზრდებოდა?!

მაინც საიდან „წარმოსდგებოდა“ ეს დეფიციტი?

თფილისელები, ვაჭრობის საქმე კარგად რომ სცოდნიათ, თურმე ამბობდნენ, ხორბალი, სიმინდი და ღომი, კავკასიაში, ბლომად თუ არა, იმდენი მაინც არის, სიძვირე არ იყოს და ხალხი არ „დაიმშეს“, მაგრამ ქალაქში ფქვილის სიძვირე ვაჭრებისაგან „წარმოსდგებაო“.

ფქვილისა და ბურღულეულის ბაზარი / ძველი თბილისი / ეროვნული ფოტომატიანე

ამ საკითხთან დაკავშირებით ხშირად ვრცელდებოდა ხმები, რომ თფილისელი ვაჭრები, როგორც სხვა პროდუქტებზეც სჩვევიათ, დიდი რაოდენობით ფქვილს სარდაფებში ინახავენ, ფასის კიდევ უფრო მატებას უცდიან, რომ მხოლოდ შემდეგ გამოიტანონ ბაზრებში გასაყიდადო:

„საზოგადოთ, ამბობენ, რომ ფქვილი ქალაქში ბლომათ არისო, მაგრამ ეს ვაჭრობა ამ ჟამად ისეთის ხალხის ხელში არის ჩავარდნილიო, რომ თუ მთავრობამ და ქალაქის გამგეობამ რაიმე ენერგიული საშუალება არ იხმარეს, თავის დღეში არ გაიეფდება პურიო“.

ამგვარ, „ენერგიულ საშუალებად“ თფილისში ჩარჩებისა და ფქვილით მოვაჭრეთა საწყობების გაჩხრეკა მიაჩნდათ, რადგან მოსახლეობა დარწმუნებული იყო, რომ შესაბამისი უწყებები საწყობებში დიდი ოდენობით ფქვილს მიაგნებდნენ და თუკი ამ ვაჭრებს „ძალა-უნებურად გამოატანინებდნენ მაედანზე და დანიშნულის ტაქციით“ გააყიდვინებდნენ ფქვილს, არსებული ვითარება მცირედით, მაგრამ უკეთესობისკენ აუცილებლად შეიცვლებოდა:

„როდესაც ამისთანა სიძვირეა, როდესაც ხალხი ასე გაჭირებულია, როდესაც რამდენიმე უსინდისო პირი ცდილობს ისარგებლოს ამ სიძვირისაგან, ამ გვარ ძალ-დატანებას არც ღმერთი გვიწყენს და არც კაცი…“

მართლაც, როგორც ჩანს, პრესაში ხშირად გამოქვეყნებული ცნობები იმის შესახებ, რომ ვაჭრები ფქვილს „მალავდნენ“ და უკეთესი დროისთვის ინახავდნენ, სრული სიმართლე იყო. ყოველ შემთხვევაში, როდესაც სამართალდამცავებს იმ ვაჭრების სარდაფები გაუჩხრეკიათ, სადაც ფქვილი ეგულებოდათ, ვაჭრების მიერ „ნაჩვენებზე“ ბევრად მეტი პროდუქტი აღმოუჩენიათ:

„ყველაზე უფრო მომეტებული ფქვილი აღმოუჩნდა გურგენოვს [20 000 ფუთი1], უთაულოვს [16 000 ფუთამდინ], პეპინოვს, სიტოვს და სხვებს“.

ამგვარი ვითარების მიუხედავად, ქალაქში მაინც გასჩენიათ ფქვილის, შესაბამისად, პურის გაიაფების იმედი, რადგან, მეფისნაცვლის ბრძანებით კავკასიაში „დამშეულთა შემწეობისთვის“ დანიშულ კომისიას რუსეთში 250 000 ფუთი ფქვილი შეუძენია:

„ფქვილი ამ დღეებში უნდა ჩამოიტანონ ქალაქშიო; ეს ფქვილი დამოჟნასთან იქნება დაწყობილი და გაისყიდება იმ ფასათაო, რა ფასათაც ის კამისიას დაუჯდაო.

რასაკვირველია, ორას ორმოც-და-ათი ათასი ფუთი ფქვილი ბევრი არაფერია, თუ ის მარტო თფილისისთვის არ არის მოტანილი და ყველას შეეძლება ამ ფქვილის ყიდვა. მაგრამ, რაც უნდა იყოს, ეს გარემოება ამტკიცებს, რომ კამისია ცდილობს დააკმაყოფილოს ხალხის მოთხოვნილება.

უნდა ვიფიქროთ, რომ გაისყიდება თუ არა ეს პური, [და რომ რამდენსამე დღეში გაისყიდება ამაში ეჭვი არ არის], კამისია ამოგებულ ფულს იმ წამსვე გაგზავნის კიდევ რუსეთში და ახალ პურს მოიტანს. თუ ამ ნაირად, ამ ზაფხულამდინ სამჯერ მაინც მოიტანეს ჩვენს ქვეყანაში ამდენი ფქვილი, უპურობისაგან გაჭირებულის ხალხის მდგომარეობა, უეჭველია, ძალიან შემსუბუქებული იქნება“.

მეიდანი. პურის საცხობი / ეროვნული ფოტომატიანე

ეს ცნობა, რამდენადაც მოსახლეობის დიდ ნაწილს გაახარებდა, იმდენად საფიქრალს გაუჩენდა ქალაქელ ვაჭრებს, „იაფობის დროს ნაყიდს ფქვილს“ სარდაფებში იმ იმედით რომ ინახავდნენ, გაძვირდება და მაშინ გავყიდითო:

„ამ გვარ უსინიდისო პირებისათვის, რომელთაც თავის ჯიბე ღმერთად მიაჩნიათ და სხვისი, ქვეყნის გაჭირება კი ქალამნად, სამწუხაროდ დარჩება ეს რუსეთიდამ პურის მოტანა იმიტომ, რომ დღეის შემდეგ ქალაქში პურის ფასი უეჭველად დაიწევს“.

აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან შემოტანილი ფქვილის გასაყიდ ფასად ფუთში – შვიდი-რვა აბაზი იყო ნავარაუდევი, ანუ საშუალოდ მანეთ-ნახევარი, მაშინ როდესაც იმ დროს ბაზარზე ფუთი ფქვილის ფასი მინიმუმ ორმანეთ-ნახევარი იყო.

ამ ფონზე, მეგაზეთეები ურჩევდნენ ვაჭრებს, დროულად გამოეტანათ საწყობებში დამალული ფქვილი გასაყიდად, თორემ როდესაც ზემოხსენებული 250 000 ფუთი ფქვილი ქალაქამდე მოაღწევდა, „გაწუწკებული“ ვაჭრები იმის მესამედსაც ვეღარ მოიგებდნენ, რისი იმედიც ჰქონდათ.

ამას ემატებოდა ისიც, რომ თფილისში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ნელ-ნელა „უცხოელ“ ვაჭრებსაც დაუწყიათ თფილისში ფქვილის შემოტანა, რათა ამ მოგებიანი საქმით მათაც ეხეირათ, თუმცა გარკვეულ სირთულეებს ისინიც წასწყდომიან:

„ოდესის და ქერჩის ზოგიერთ ვაჭრებმა დაიწყეს ჩვენს ქალაქში ხორბლის მოტანა და რკინის გზის სტანციაზედვე გაჰყიდვა. რადგან კანონითა და ადგილობრივ მთავრობისაგან დამტკიცებულის ინსტრუქციით დადებულია, რომ პურის და საზოგადოთ ხორაგეულის ვაჭრობა უნდა დანიშნულს ადგილებზე, ბაზარში და იარმუკაში მოხდეს, ამის ამო ქალაქის გამგეობამ თავის სავაჭრო ჩინოვნიკი გაგზავნა ვაგზალზე და აუკრძალა იმ რუსის ვაჭრებს იქ ვაჭრობა, აუკრძალა აგრეთვე ამათი პურის ყიდვა მეფურნეებსა და გლეხებს, რომელნიც ურმით მოდიოდნენ.

ერთმა აგენტმა რუსის ვაჭრებისამ ბატონმა როზენმა იჩივლა ამაზედ ადმინისტრაციის წინაშე; პოლიციმეისტერმა თფილისის ღუბერნატორს შეატყობინა ეს ამბავი, ღუბერნატორმა კავკასიის ნამესტნიკს მოახსენა. ადმინისტრაციასა და ქალაქის გამგეობას შუა დიდი და გაცხარებული მიწერ-მოწერა გაიმართა ამ საგნის შესახებ. ბატონმა ღუბერნატორმა თავის ნებით მოახდინა განკარგულება, რომ ვაგზალზე პურის გაყიდვის უფლება მიეცეს რუსის ვაჭრებსაო და ქალაქისაგან დაყენებული ზედამხედველი ვაჭრობისა კანდელაკი დაითხოვონ იქიდამაო“.

ქალაქის გამგეობის ამგვარი პოზიციის მიზეზი, როგორც ჩანს, ის უნდა ყოფილიყო, რომ რკინიგზის სადგურზე ფქვილს „პარტიობით“ და იაფად, ძირითადად, ჩარჩები ყიდულობდნენ, შემდეგ ეს ფქვილი ბაზრებში გაჰქონდათ და „წვრილ-წვრილად“, ძვირად ჰყიდდნენ.

ჩარჩების გარდა, ქალაქის გამგეობის ერთი დიდი თავის ტკივილი თფილისელი მეფურნეები იყვნენ, რომლებიც არათუ ფქვილზე არსებული დეფიციტის, არამედ მშვიდობიანობის დროსაც დაწესებულ „ტაქციაზე“ ძვირად ჰყიდდნენ პურს, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა – „წესიერი ყურის მგდებელი არავინა ჰყავთ, ტაქციას არ უყურებენ, როგორც უნდათ ისე ჰყიდიან პურს და არც ხალხის წონაში მოტყუებას ერიდებიანო“.

თბილისი. პურის საცხობი / დიმიტრი ერმაკოვის ფოტო / ეროვნული ფოტომატიანე

ასეთი შემთხვევები, რომლებიც მრავლად იყო, ქალაქში დიდ უკმაყოფილებას იწვევდა. საილუსტრაციოდ ერთი თავნება სოლოლაკელი მეფურნის საქციელიც გამოდგება, რომელსაც ხალხი ეჩხუბებოდა „რატომ ტაქციაზედ არა ჰყიდი პურს, როგორც იარმუკაზეო“. მეფურნე კი თურმე ჩხუბითვე პასუხობდა – „იარმუკაზედ ბევრი მეფურნეები არიან და აქ კი ერთის მეტი არა ვარო“.

პურის „ტაქციაზე“ ძვირად გაყიდვა და ხალხის წონაში მოტყუება მეფურნეთათვის ჩვეული ამბავი უნდა ყოფილიყო, ყოველ შემთხვევაში, პრესაში მათი მისამართით გამოთქმულ საჩივრებს თუ მივიღებთ მხედველობაში.

თუმცა 1880 წელს, ქალაქში ფქვილის დეფიციტის გათვალისწინებით, თავად მეფურნეებიც მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილან, განსაკუთრებით კი იმის გამო, რომ ქალაქის გამგეობა პურზე ისეთი „ტაქციის“ დაწესებას ცდილობდა, მოსახლეობის ჯიბე ყოველდღიურად ასე საჭირო და აუცილებელი პროდუქტის ყიდვას რომ გასწვდომოდა.

ამის გამო, თფილისელ მეფურნეებს არაერთხელ მიუმართავთ ქალაქის რჩევისთვის თხოვნით, რომ პურით ვაჭრობაზე დაწესებული ნიხრი ცოტათი მაინც მოემატებინათ. მაგალითად, 2 მარტის სხდომაზე, ქალაქის რჩევას განუხილავს მეფურნეთა ერთი ამგვარი თხოვნა, „პირველ ხარისხის პურზე ქალაქმა ექვსის მაგივრად, შვიდი კაპეიკი დანიშნოს გირვანქაზე და მეორე ხარისხის პურზე, შაურის მაგივრად – ექვსი კაპეიკიო.

რჩევას მიუღია მხედველობაში, რომ ამ ჟამად თან-და-თან უნდა გაიაფდეს ფქვილიო და ამის გამო არ შეუწყნარებია მეფურნეთა თხოვნა“, – იუწყებოდა „დროება“.

ასეთ დროს მეფურნეები უკვე აპრობირებულ ტაქტიკას მიმართავდნენ – ერთი მხრივ, „ტაქციაზე“ ძვირად ჰყიდდნენ პურს, მეორე მხრივ კი, „პურს ღირსებას“, ანუ ხარისხს უკარგავდნენ: „გაუცრელის ფქვილით ზელავენ პურსა ასე, რომ განსაკუთრებით შავ პურში ხშირად ჭილობი, ბალანი, რაღაც ნაჭრები შეხვდება, რომელიც ადამიანს ჭამის მადას უკარგავს“.

ასევე, როცა ქალაქის მიერ პურზე დაწესებული „ტაქცია“ მათ საზიანოდ იცვლებოდა, მეფურნეები პურს კვლავ ძველი ნიხრით, ანუ მაღალ ფასად ჰყიდდნენ.

ყველაფერთან ერთად კი, როცა ვაჭრობის საქმე ცუდად წაუვიდოდათ, არც რადიკალური ზომების მიღებას ერიდებოდნენ – თფილისში კარგად იცოდნენ, რომ „ქალაქის მეფურნეები ხშირად პირს აძლევდნენ ერთმანეთს და ერთბაშად სპობდნენ პურის ცხობას, თუ ტაქციას მოუკლებდნენ“.

ამგვარი ნიშნები ქალაქში სხვადასხვა სიხშირით ჩნდებოდა, მაგალითად, 1880 წლის თებერვლის დასაწყისში თფილისში ხმა გავარდნილა, „სოლოლაკის მეფურნეებს თუმცა ღია ჰქონდათ თავიანთი ფურნეები, მაგრამ პურს არა ჰყიდდნენ. ჩვენ გვითხრეს, ვითომც დღეს, 7 თებერვალს, უსტაბაშს ჩამოევლოს და გამოეცხადებინოს ამათთვის, რომ დაკეტონ ფურნეები“.

ასეთი ცნობების უტყუარობაზე ვერავინ დადებდა თავს, მაგრამ ამგვარი შემთხვევები ნამდვილად რომ ხდებოდა, ამას კონკრეტული ფაქტები ადასტურებდა. მაგალითად, მოვლენა, რომელიც 1880 წლის სექტემბრის დასაწყისში მოხდა და მრავლის მნახველი თფილისელებიც კი გააოგნა.

1880 წლის 3 სექტემბერს, იმის გამო, რომ ქალაქის გამგეობა არ დათანხმდა მათ მოთხოვნას – „პურის ფასის მომატებას გირვანქაზე კაპეიკისას“, მეფურნეებმა პურის ცხობა შეწყვიტეს, რის შედეგადაც „მთელს ქალაქში მთელი დღე ფურნის პური არ იშოვებოდა. ყველა ფურნები დაკეტილი იყო; მხოლოთ რამდენსამე ალაგას პოლიციამ ჩაამტვრია ფურნის კარები, გამოატანინეს პურები და გააყიდვინეს“.

ეს გაუგონარი ამბავი იყო, რამაც ქალაქში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია; მომხდარის გამო რამდენიმე მეფურნე პასუხისგებაშიც კი მისცეს!

„მეფურნეების საქმე“ 6 სექტემბერს დასრულდა, დატუსაღებული ხაბაზები გამოუშვეს და პურიც ყველგან დადგენილი ნიხრით იყიდებოდა. თუმცა ქალაქისთვის ეს არ ყოფილა ერთი ჩვეულებრივი ამბავი – „ყველა მეფურნეებს რომ ერთბაშათ დაეკეტნოსთ ფურნეები და ერთბაშათ მოესპოთ ხალხისთვის პური – არასოდეს არ ყოფილა!“

ხაბაზები და პურით მოვაჭრეები ავლაბარში / დიმიტრი ერმაკოვის ფოტო / ეროვნული ფოტომატიანე

ამგვარ ვითარებაში, გამგეობა ალტერნატიული გზების ძიებაში იყო, რომ ერთ დღესაც მეფურნეებს კვლავ არ შეეკრათ პირი და ქალაქი უპუროდ არ დაეტოვებინათ.

ამ და არაერთი სხვა მიზეზის გამო, 1881 წელს, ქალაქს, საკუთარი ხარჯით, „პურის საცხობი მაშინა გაუკეთებია“, რომლის შემწეობითაც იმდენი პურის გამოცხობა იყო შესაძლებელი, რომ ნახევარი თფილისის მოთხოვნილებას დააკმაყოფილებდა.

ეს „მაშინა“, ანუ „ახალი სისტემის ფურნე“, რომელიც ინჟინერ რაკინტს გაუმართავს ქალაქის ხარჯით, ქალაქს თავად რაკინტის, ტოცკის და ამხანაგობისთვის მიუცია იჯარით, რადგან ამ უკანასკნელთ პირობა დაუდიათ, ჩვენ მიერ გამომცხვარი პური არსებულზე უკეთესი ხარისხისაც იქნება და იაფადაც გავყიდითო.

1881 წლის 16 მაისს გაზეთი „დროება“ წერდა:

„ეს მეხუთე დღეა, რაც ჩვენ ქალაქში იყიდება ახალი პური, რომელიც ქალაქის ხარჯით გამართულს ახალი სისტემის ფურნეში ცხვება.

ამ პურის ცხობა მელქუმოვს, სტოცკის და რაკინტს აქვსთ იჯარით აღებული.

ხალხი იტაცებს ამ პურს, რადგან ნახევარ კაპეიკ ნაკლებ იყიდება და განსაკუთრებით პირველი ხარისხის პური, 5 კაპეიკიანი, კარგათ გამომცხვარიც არის და გემრიელიც. მაგრამ მეორე ხარისხის, 3 ½ კაპეიკინი კი, გუშინ და გუშინწინ თითქმის სრულებით უმი იყო და არ იჭმებოდა.

საჭიროა, რომ ქალაქის გამგეობამ მიაქციოს ყურადღება ამ გარემოებას, თორემ ხალხი დაფთხება და სულაც აღარ მიიკარებს ამ პურს. კაცი უნდა იყოს ფურნეში დაყენებული და ყური უგდოს, რომ გამოუმცხვარი პური გასასყიდლად არ გამოიტანონ.

ეს ახალი პური ამ ჟამად მეწვრიმალის დუქნებში ისყიდება თითქმის მთელს ქალაქში, ყველა უბნებში. შემდეგში კი ქალაქი ბუტკებისათვის ადგილს მისცემს კომპანიას და იქ გაიყიდება“.

თუმცა, ბუნებრივია, ეს ახალი „მაშინა“ თფილისის ფურნეების სისტემას ვერ ჩაანაცვლებდა, მით უფრო მათ რაოდენობას და მნიშვნელობას თუ გავითვალისწინებთ, რის დემონსტრირებასაც არც თავად მეფურნეები ერიდებოდნენ, ისევე როგორც პურის დაწესებულ „ტაქციაზე“ ძვირად გაყიდვას, მიუხედავად იმისა, რომ ფქვილი ქალაქში უკვე ბლომად იშოვებოდა:

„ქალაქში არაფერს აკლდება ფასიო. ეს რომ მართალია, ჩვენს ქალაქშიაც კარგად ვხედავთ და ვბრძნობთ: სიძვირის დროს, როდესაც ფქვილი ქალაქში ორ მანეთ ნახევრად და მეტადაც ისყიდებოდა, გირვანქა პური შაურად იყო და ახლა, როდესაც ფქვილი თითქმის ნახევარ ფასად ღირს, გირვანქა პურის ფასმა მარტო ნახევარ კაპეიკი დაიკლო.

რისგან არის ეს? ერთი უმთავრესი მიზეზი ამ გასაკვირველ გარემოებისა, უეჭველია, ვაჭრები არიან. ესენი ასე ჰფიქრობენ: ერთხელვე ერთს ფასზე არის ხალხი მიჩვეული, ქალაქის ხალხმა რა იცის, თუ სოფელში ჩვენ ფქვილს იაფად ვყიდულობთო, და არ უკლებენ ფასს“.

 

***

1 – ფუთი, მასის საზომი ერთეული, 1 ფუთი უდრის 16,38 კილოგრამს

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *