“მეტი ქალი პარლამენტში”, – ეს არის სლოგანი, მესიჯი თუ გზავნილი, რომელმაც უკანასკნელ თვეებში საზოგადოების ნაწილში ერთ-ერთი ყველაზე ცხარე დისკუსია და კამათი გამოიწვია. დისკუსიები იმართებოდა და იმართება როგორც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასა თუ ექსპერტების წრეებში, ისე საკანონმდებლო ორგანოში, სამთავრობო წრეებში, საერთაშორისო ტრიბუნებსა თუ კონფერენციებზე… გაცილებით დიდ მასშტაბებს იძენდა და იძენს დისკუსია და კამათი სოციალურ ქსელებში. ეს რაც შეეხება წინა რამდენიმე თვეს, თუმცა უნდა ითქვას, რომ ფიქრი და ლაპარაკი ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის შესახებ გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ 2000-იანების პირველ წლებში დაიწყო. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ბრძოლა პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობისათვის, ცხადია, მხოლოდ 10-15 წელს არ ითვლის. ჯერ კიდევ თითქმის საუკუნის წინ მოითხოვდნენ და იბრძოდნენ ამისთვის ქალები…
ხმა ქალებისა საუკუნის წინ
ელეონორა ტერ-პარსეგოვა-მახვილაძისა, მინადორა ტოროშელიძე, ქრისტინე შარაშიძე, ელისაბედ ბოლქვაძე და ანა სოლოღაშვილი – ის პირველი ქართველი ქალი პარლამენტარები არიან, რომლებმაც 1919 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნებში გაიმარჯვეს. სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხუთივე წევრი აქტიურად ჩაება დამფუძნებელი კრების საქმიანობაში. 1919 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნებისთვის სხვადასხვა პარტიის საარჩევნო სიებში კანდიდატებად სულ ოცამდე ქალი დარეგისტრირდა, დამფუძნებელი კრების წევრის სტატუსი კი მხოლოდ ხუთმა ქალმა მოიპოვა.
დამფუძნებელი კრების არჩევნები საყოველთაო, პარიტეტული პრინციპით მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩატარდა. კრების დებულების მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდა ყველას, განურჩევლად სქესისა.
ქრისტინე შარაშიძემ კრების პრეზიდიუმის წევრისა და მდივნის თანამდებობა დაიკავა. ანა სოლოღაშვილი პირველ სხდომაზე სარედაქციო კომისიის წევრად აირჩიეს. ის ასევე იყო რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივის ავტორიც.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს ხელს სამი ქალი აწერს – ელისაბედ ბოლქვაძე, ანა სოლოღაშვილი და ელეონორა მახვილაძე. მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა, დამფუძნებელი კრების სხვა წევრებთან ერთად, კრების წევრი ქალები მუდმივ დევნას განიცდიდნენ. 1937 წლის რეპრესიებს ემსხვერპლნენ ანა სოლოღაშვილი და ელისაბედ ბოლქვაძე.
იმ პერიოდში კიდევ ერთ გამორჩეულ სახელსა და გვარზე შევაჩერებთ მკითხველის ყურადღებას. ეს კატო მიქელაძეა. მან განათლება საფრანგეთში მიიღო. კატო სწორედ პარიზში ცხოვრებისას გაეცნო ქალთა მოძრაობის ევროპულ გამოცდილებას, 1916 წელს საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი მაშინვე დაიწყო ფემინისტური აქტიურობა და თანამოაზრეების შემოკრება. 1917 წელს მისი ინიციატივით გამოვიდა პირველი და საქართველოში ჯერჯერობით ერთადერთი ფემინისტური გაზეთი “ხმა ქართველი ქალისა”. გაზეთი, რომელიც თითქმის ერთი საუკუნის წინ გამოდიოდა, ყველა იმ თემას აშუქებდა, რომლებიც ქალებისათვის დღესაც აქტუალურია: ოჯახში ძალადობა, პროსტიტუცია, უსაფრთხო სექსუალური ცხოვრება, ქალების პოლიტიკური აქტივობა, – ამ საკითხებზე წერდნენ ქალები 100 წლის წინ. პოლიტიკაში მონაწილეობის გაზრდას მოითხოვდნენ ქალები 100 წლის წინაც.
ფემიციდი – დრამა, რომელმაც ქალები გააერთიანა
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის შესახებ საუბარი განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც გასულ წელს საზოგადოება სამწუხარო რეალობის წინაშე დადგა: ოჯახში ძალადობის ფაქტების ზრდა, ქალთა მკვლელობების მაღალი მაჩვენებელი – ამ საზარელმა ფაქტებმა ქალები, და არა მარტო ქალები, გააერთიანა. თუმცა მხოლოდ ამ პრობლემებს არ გამოუწვევია საზოგადოების გააქტიურება. სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს საქართველოში ადრეული ქორწინება და შედეგად განათლებაწართმეული მოზარდები. გარდა ამისა, მიუხედავად შრომის კოდექსში შესული ცვლილებებისა, ჯერ კიდევ რჩება მასში გარკვეული საკითხები, რომლებიც დღეს საქართველოში ქალთა შრომის უფლებას სათანადოდ არ იცავს – მაგალითად, სამსახურში აყვანისას ორსულობა კვლავაც შემაფერხებელ გარემოებას წარმოადგენს, ისევ აწყდებიან ქალები სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციის ფაქტებს. ეს მხოლოდ ზოგადი და მცირე ნაწილია იმ ჩამონათვალისა, რის შესახებაც ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები, პროფესიული კავშირები თუ სხვადასხვა ტიპის საერთაშორისო ორგანიზაციები ლაპარაკობენ. ეს, და არა მხოლოდ ეს, თემები გახდა მიზეზი იმისა, რომ 2014 წლის მიწურულსა და 2015 წლის პირველ ნახევარში ქალთა მოძრაობა უპრეცედენტო აქტიურობით წარდგა საზოგადოების წინაშე. სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანია “25 ნოემბერი და მეტი”, რომელიც ფემიციდის გასაპროტესტებლად დაიგეგმა, მალე ფართომასშტაბიან კამპანიად გარდაისახა და მთელი საქართველო გააერთიანა.
“მეტი ქალი პოლიტიკაში”
“მეტი ქალი პოლიტიკაში” – ეს სლოგანიც სწორედ ამ ქალების გზავნილია საზოგადოებისადმი, ხელისუფლებისადმი, რომლის განსახორციელებლადაც ისინი მიზანმიმართულად იბრძვიან.
რატომ უნდა იყოს მეტი ქალი პოლიტიკაში? რის შეცვლას შეძლებენ ისინი? ყველაზე მეტად სწორედ ეს კითხვები ისმის იმ ქალების მისამართით, რომლებიც პოლიტიკაში ქალების მეტი წარმომადგენლობისთვის იბრძვიან. თუკი ცოტა ხნით მკითხველის ყურადღებას სტატისტიკურ მონაცემებზე შევაჩერებთ, მაშინ უნდა ითქვას, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობის 53%-ს ქალები შეადგენენ, მაგრამ პარლამენტში ქალები მხოლოდ 12%-ით არიან წარმოდგენილი. 59 გამგებლიდან მხოლოდ ორია ქალი. ჩვენს ქვეყანაში არც ერთი მერი და არც ერთი გუბერნატორი ქალი არ არის. საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის (IPU) გამოკვლევის მიხედვით, რომელშიც 141 ქვეყანა მონაწილეობდა, საკანონმდებლო ორგანოში ქალთა წარმომადგენლობის თვალსაზრისით საქართველო 106-ე ადგილს იკავებს.
დავუბრუნდეთმთავარ კითხვას: რას შეცვლიან ქალები, თუკი ისინი, მაგალითად, საკანონმდებლო ორგანოში არა 12 პროცენტით, არამედ, მაგალითად, 40 პროცენტით იქნებიან წარმოდგენილნი, ისევე, მაგალითად, როგორც სკანდინავიის ქვეყნებში. რომ აღარაფერი ვთქვათ რუანდაზე, სადაც დღეს პარლამენტში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა 64%-ს შეადგენს. ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და ქალთა აქტივისტებს მიაჩნიათ, რომ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდით, ქვეყანა არაერთ ისეთ საკანონმდებლო ცვლილებას მიიღებს, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყანაში ქალთა მდგომარეობას, ჯანდაცვის, განათლების სისტემას და მეტიც, გააუმჯობესებს როგორც ეკონომიკურ მდგომარეობას, ისე ხელს შეუწყობს ქვეყანაში სამშვიდობო პროცესის დამკვიდრებასა და გამყარებას.
ამ აზრს იზიარებს “ქალთა საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელი ელენე რუსეცკი, რომელიც ამბობს, რომ ქალები თანაბრად უნდა იყვნენ წარმოდგენილნი არა მხოლოდ პოლიტიკაში, არამედ ყველა სექტორსა და სეგმენტში, ბიზნესი იქნება ეს, ხელოვნება თუ სხვა: “ეს ქვეყნის განვითარებისთვისაა საჭირო. ნებისმიერი პრობლემის მოგვარებას ორი ხედვა სჭირდება – ქალისა და კაცის. მინდა დავაკავშირო ეს პროცესი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან, ომებთან… ომს ძირითადად კაცები იწყებენ, მაშინ როდესაც ომის მსხვერპლი მშვიდობიანი მოსახლეობა და მათ შორის ქალები და ბავშვები არიან. მიმაჩნია, რომ თუ პოლიტიკაში ქალების გადანაწილება თანაბრად მოხდება, იმ კრიზისების რაოდენობა, რაც დღეს მსოფლიოს აწუხებს, მნიშვნელოვნად შემცირდება”, – ამბობს ელენე რუსეცკი.
ასევე ფიქრობს ქალთა მოძრაობის კიდევ ერთი აქტივისტი თამარ დეკანოსიძე. პირველ რიგში, ის მიიჩნევს, რომ ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის გაზრდით, ქვეყანაში გაჩნდება სამართლიანობის განცდა. ამ შემთხვევაში, მისი აზრით, ქვეყანაში დემოკრატიულობის ხარისხი აიწევს. რაც შეეხება კონკრეტულ ცვლილებებს, აი, რას ამბობს თამარი: “პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის შემთხვევაში ბევრად მეტი შანსი არსებობს იმისა, რომ მოხდეს ისეთი საკანონმდებლო ცვლილებების ხელშეწყობა, რომლებიც ქალთა უფლებებს უკეთესად დაიცავს. დღესდღეობით, ის საკანონმდებლო ჩარჩო, რაც ქალებთან მიმართებით გვაქვს, გენდერულად ნეიტრალურია. გენდერულად ნეიტრალური კანონები კი იწვევს ქალის დისრიკიმინაციას. სკანდინავიის ქვეყნებში პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდამ მოიტანა ის, რომ ეს ქვეყნები ქალთა უფლებების რეალიზაციის მხრივ დღესდღეობით საუკეთესო ქვეყნებად მიიჩნევა. გარდა ამისა, რაც კვლევებითა და გაეროს დოკუმენტებით დასტურდება, ქალებს მშვიდობის დამყარებაში ძალიან დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ. მით უმეტეს მაშინ, როდესაც
ჩვენ გვაქვს კონფლიქტური რეგიონები და ქვეყნის შიგნითაც სხვადასხვა ჯგუფს შორის ხშირად ვაწყდებით გამწვავებულ მდგომარეობას, ქალებს შეუძლიათ ჩაერთონ მშვიდობის დამყარებისა და კონფლიქტის გადაჭრის პროცესში. ქალები ამ მიზანს, როგორც წესი, არაძალადობრივი გზით აღწევენ. ვფიქრობ, პოლიტიკაში ქალთა რაოდენობის გაზრდა მშვიდობის დამყარების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება”, – ამბობს თამარ დეკანოსიძე.
ქალთა აქტივისტების მოსაზრებებს ეთანხმება გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა, რომელსაც მიაჩნია, რომ ქალთა და კაცთა თანაბარი მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ძალთა თანაბარი გადანაწილება და წარმომადგენლობა, დემოკრატიის საფუძველია. მისი თქმით, ქალების წარმომადგენლობა პოლიტიკაში ისეთი პრობლემების მოგვარებას უწყობს ხელს, როგორიცაა კორუფცია, ჯანდაცვისა თუ განათლების სისტემაში არსებული ხარვეზები. მისი თქმით, ამ საკითხების მოგვარება ხელს უწყობს ქვეყანაში სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას: “მაშ ასე, და რა გზა არსებობს პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდისა? ერთ-ერთი ასეთი ნაცადი გზა – ეს გენდერული კვოტირებაა. იმისათვის, რომ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობა გაიზარდოს, აუცილებელია ამ დროებითი ზომის დამტკიცება და საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანა. და ეს არ არის მხოლოდ ადგილობრივი ორგანიზაციების სურვილი, ამას არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია თუ დოკუმენტი მოუწოდებს ქვეყანას”, – ამბობს ერიკა კვაპილოვა.
გენდერული კვოტირება – მისაღები თუ მიუღებელი ფორმა პოლიტიკაში ქალების როლის გაზრდისთვის?
და აი, მივადექით იმ თემას, რომელიც ბოლო თვეებია, აქტიური განსჯისა და განხილვის საგანია – გენდერული კვოტირება. “კვოტა” ლათინური სიტყვაა და ის რისამე დასაშვებ რაოდენობას, მიღებულ ნორმას ნიშნავს. ეს არის ნორმა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში, დავუშვათ, რელიგიური, ეთნიკური, ლინგვისტური უმცირესობებისათვის დაწესებულ შეღავათს გულისხმობს, რათა პარლამენტში მათი წარმომადგენლებიც მოხვდნენ და უმცირესობათა ინტერესებზე ყურადღების გამახვილება შეძლონ. იმავე პრინციპს ეფუძნება ქალთა კვოტები – მრავალ ქვეყანაში კვოტების მეშვეობით არის გარანტირებული პარლამენტში, მთავრობასა თუ პარტიულ სიაში ქალთა გარკვეული რაოდენობის მოხვედრა.
თავდაპირველად უნდა ითქვას, რომ ქალთა უფლებები, მამაკაცებთან ერთად, თანაბარ პირობებში, სრულფასოვნად ჩაერთონ ქვეყნის პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში, წარმოადგენს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას. ეს უფლებები აღიარებულია საერთაშორისო და რეგიონული სამართლის ისეთი ინსტრუმენტებით, როგორიცაა “ადამიანის უფლებების უნივერსალური დეკლარაცია”, “საერთაშორისო შეთანხმება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ”, “კონვენცია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ”, “გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუცია 1325 ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის” და ა.შ.
გასული წლის ზაფხულში თამარ დეკანოსიძე თავის კოლეგა ბაია პატარაიასთან ერთად ჟენევაში, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის სესიაზე იმყოფებოდა. სესიას საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. როგორც თამარ დეკანოსიძე ამბობს, სწორედ ამ სესიაზე მიმართეს კომიტეტის წევრებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს რეკომენდაციით, რომლის მიხედვითაც, პირველი – სახელმწიფომ უნდა მიიღოს ზომები, რომ ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა უსწრაფესად აღმოიფხვრას, და მეორე – იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა საგანგაშოდ დაბალია, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს სავალდებულო კვოტების შემოღებაზე, რათა ეს პრობლემა გადაიჭრას.
რატომ მაინცდამაინც სავალდებულო გენდერული კვოტები, მაშინ როდესაც სხვა გზებიც არსებობს პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდისა? თამარ დეკანოსიძე ამბობს, რომ, როგორც გამოცდილებამ აჩვენა, ე.წ. წამახალისებელი ფაქტორები ამ პრობლემის მოსაგვარებლად არ მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს სავალდებულო გენდერული კვოტირების იურიდიული მექანიზმი. საქართველოს ორგანული კანონი “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” აწესებს მხოლოდ ნებაყოფლობით, ფინანსურ წამახალისებელ ნორმას, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო სუბიექტი, რომელიც იღებს სახელმწიფო დაფინანსებას, მიიღებს 30%-ის ოდენობით დანამატს, თუკი მის მიერ წარდგენილ სიაში კანდიდატთა ყოველ ათეულში ერთიმეორისგან განსხვავებული სქესი იქნება წარმოდგენილი, სულ მცირე, 30%-ით. როგორც არაერთმა საპარლამენტო თუ ადგილობრივმა არჩევნებმა გამოავლინა, აღნიშნული ნორმა არასაკმარისია გენდერული ბალანსის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად. სწორედ ამიტომ მოითხოვენ ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისიდან ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები საარჩევნო კოდექსში ცვლილებასა და გენდერული კვოტირების შემოღებას.
გენდერული კვოტა პოლიტიკურ ინსტიტუციებში ქალთა მონაწილეობის გასაძლიერებლად კანონით განსაზღვრული ნორმაა და უმეტეს შემთხვევაში მოიაზრება როგორც დროებითი ზომა, რომელიც გენდერულ თანასწორობასა და წარმომადგენლობითი დემოკრატიის გაძლიერებას ემსახურება. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემაა, ქალთა უფლებადამცველები ფიქრობენ, რომ სავალდებულო გენდერული კვოტირების შემთხვევაში პროპორციული საარჩევნო სისტემა ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის კუთხით საუკეთესო შედეგს აჩვენებს. რაც შეეხება პროცენტულ მაჩვენებელს, გენდერული კვოტირების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ პარტიულ სიაში ყოველი მეორე წარმომადგენელი ქალი უნდა იყოს, ანუ 50% განსხვავებული სქესისა. ამ გათვლებით, თუკი საარჩევნო კოდექსში მოთხოვნილი ცვლილებები შევა, მომდევნო მოწვევის პარლამენტში 150 პარლამენტარიდან 38 ქალი უნდა იყოს: “ის კანონპროექტი, რომელიც ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ჯგუფმა შეიმუშავა, გულისხმობს ცვლილების შეტანას პროპორციულ საარჩევნო სისტემაში. 150 პარლამენტარიდან, დღესდღეობით, პროპორციული წესით 77 დეპუტატია არჩეული. და როდესაც პარტიები წარადგენენ საარჩევნო სიას, სწორედ ეს სია უნდა იყოს დაკომპლექტებული განსხვავებული სქესის წარმომადგენლებით, რაც გამოიწვევს, იმას, რომ 77 დეპუტატიდან 38 მაინც ქალი იქნება”, – განმარტავს თამარ დეკანოსიძე.
ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ სწორედ გენდერული კვოტირების შემოღების შემდეგ შეძლეს სკანდინავიის ქვეყნებმა პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა. ანალოგიურ ზომას მიმართა თავის დროზე რუანდამაც, რომელიც დღეს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის კუთხით ლიდერ ქვეყნებს 64%-ით უდგას სათავეში.
გენდერული კვოტირების იდეას ემხრობა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც. მარტში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც სწორედ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის საკითხებს მიეძღვნა, მან კვოტირების შემოღების აუცილებლობაზე ისაუბრა: “მოვუწოდებ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს, საზოგადოებას, აქტიურად ვიმუშაოთ ამ მიმართულებით. მე იმისიც მჯერა, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი კარგი იქნება, რომ ქალი იყოს და ამ მიმართულებითაც კარგი იქნება, რომ ერთად გადავდგათ ნაბიჯები”, – თქვა გიორგი მარგველაშვილმა.
ამავე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას კი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გენდერული კვოტირების თემას ასე გამოეხმაურა: “მე ვარ კვოტირების წინააღმდეგი, მაგრამ ამასთანავე ვარ თანასწორობის მომხრე და თუ თანასწორობის მიღწევა კვოტირების გარეშე შეუძლებელია, მაშინ მე ვარ კვოტირების მომხრე”. მან მოუწოდა საკანონმდებლო ორგანოს წევრებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, დროულად შეუდგნენ კანონპროექტზე მუშაობას, რათა ამ მიმართულებით უკვე ქმედითი ნაბიჯების გადადგმა გახდეს შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ ქალები დღეს მრავლად არიან პოლიტიკურ პარტიებში წარმოდგენილები, მაგრამ ისინი ძირითადად რუტინულ, ე.წ. “შავ” სამუშაოს ასრულებენ. “არჩევნების დროს პარტიები მათ კანდიდატურებს არ განიხილავენ და არ წამოაყენებენ – ქალები ან საერთოდ არ შეჰყავთ პარტიულ სიებში, ან შეჰყავთ, მაგრამ არა ე.წ.”გამსვლელ” ადგილებზე. “თანაპარტიელებისა და საკუთარი ოჯახების მხრიდან მხარდაჭერის ნაკლებობის გამო, პოლიტიკური წინსვლა გაცილებით უფრო რთულად მისაღწევია ქალებისათვის, ვიდრე კაცებისთვის”, – ამბობენ ქალთა უფლებების დამცველები.
ისინი იმაზეც თანხმდებიან, რომ დღეს საზოგადოება ქალს ისევ და ისევ ტრადიციულ, ოჯახურ გარემოში მოიაზრებს და არა პოლიტიკაში. “საქართველოში მიაჩნიათ, რომ პოლიტიკა “ბინძური” საქმეა და, შესაბამისად, იქ ქალის ადგილი არ არის – და მისი საქმე მხოლოდ ოჯახი და შვილებია. ჩვენს ქვეყანაში დღემდე თვლიან, რომ თუ ქალი მუშაობს, ის შედარებით უმნიშვნელო, უპრეტენზიო და დაბალანაზღაურებადი საქმით უნდა დაკავდეს”. მათი აზრით, ესეც არის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი იმისა, რომ საარჩევნო პროცესში სრულფასოვნად ჩართულობისათვის ქალებს არ გააჩნიათ პოლიტიკური თუ ეკონომიკური კაპიტალი. გარდა ამისა, კიდევ ერთი არგუმენტი, რომელსაც გენდერული კვოტირების მოწინააღმდეგეები იშველიებენ დისკუსიებში, არის ის, რომ, მათი თქმით, ქალები ადვილად მართვადები არიან და გადაწყვეტილებებს მათ მაგივრად კაცები მიიღებენ. აი, რას ამბობს ამ საკითხზე თამარ დეკანოსიძე: “ეს მოსაზრება იმთავითვე ძალიან დისკრიმინაციულია. რატომ და ვის უნდა ეგონოს, რომ ქალი უფრო ადვილად მართვადია, ვიდრე კაცი? რომელიმე გამოკვლევა ადასტურებს ამას? კი, ადამიანი შეიძლება იყოს ვინმესგან მართვადი, მაგრამ ის შეიძლება იყოს როგორც ქალი, ისე კაცი. არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ქალის მართვა უფრო მარტივად შეიძლება, ვიდრე კაცის”, – ამბობს თამარ დეკანოსიძე.
კიდევ რატომ აკრიტიკებენ გენდერული კვოტირების შემოღების იდეას?
თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ კვოტირების შემოღების მოწინააღმდეგეებს სხვა, უფრო მყარი არგუმენტებიც აქვთ. მაგალითად, ისინი მიიჩნევენ, რომ კვოტირება ეწინააღმდეგება თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს, და ამ შემთხვევაში, კაცებთან შედარებით, ქალებს ენიჭებათ უპირატესობა. გარდა ამისა, ისმის მოსაზრება იმის თაობაზეც, რომ კვოტირება არადემოკრატიული პროცესია და ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს უფლება, თავად გადაწყვიტოს, ვის აირჩევს. ისინი ამბობენ იმასაც, რომ კვოტირების შემოღების შემდეგ პოლიტიკოსებს აირჩევენ მათი სქესის და არა კვალიფიკაციის გამო, რის შედეგადაც უფრო კვალიფიციურ კანდიდატებს შეიძლება პარლამენტში მოხვედრის შანსი არ მიეცეთ. ბევრ ქალს არ სურს, მხოლოდ იმიტომ აირჩიონ, რომ ქალია.
სწორედ ამ აზრს იზიარებს “საქართველოს რეფორმების ასოციაციის” თანადამფუძნებელი ელენე ხოშტარია და მიიჩნევს, რომ გენდერული კვოტირების შემოღება ნიშნავს იმას, რომ ქალებს თავად არ შესწევთ უნარი, დაიკავონ ღირსეული პოზიციები ამა თუ იმ საფეხურზე და ამისთვის ხელოვნურად შექმნილი, განსაკუთრებული პირობები სჭირდებათ: “მგონია, რომ მივიღებთ არა უფრო მეტ მართლაც ღირსეულ ქალს პარლამენტში ან სხვა სახელმწიფო სტრუქტურებში, არამედ ვიღაცის ნათესავებსა და ახლობლებს, რომლებიც ბუნებრივად არ გამოირჩევიან იმ თვისებებით, რომ დაიკავონ შესაბამისი ადგილი სხვადასხვა თანამდებობაზე. ჩემთვის, პიროვნულად, როგორც ქალისთვის, შეურაცხმყოფელი იქნება იმის ცოდნა, რომ მე კვოტით უნდა დავიკავო ესა თუ ის პოზიცია და არა თავისუფალი კონკურენციის პირობებში”, – ფიქრობს ელენე ხოშტარია.
მიუღებელია გენდერული კვოტირების იდეა სცენარისტ ქეთი დევდარიანისთვისაც: “კვოტირების წინააღმდეგი ვარ, რადგან მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ხელოვნური წახალისება და მხოლოდ მოკლევადიან პერსპექტივაში ეფექტის მომტანი მოქმედება რეალურ პრობლემას, რომელიც გაცილებით ღრმაა, არ აგვარებს”.
კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე საარჩევნო კოდექსსა და კანონში “გენდერული თანასწორობის შესახებ” ცვლილებები უნდა შევიდეს, ჯერ პარლამენტისთვის არ წარუდგენიათ, თუმცა ქალთა პოლიტიკური საქმიანობის გაძლიერების საკითხზე მომუშავე ჯგუფმა კანონპროექტი უკვე შექმნა. ცხადია, კანონში ცვლილებების შეტანას სჭირდება მმართველი პარტიისა და პარლამენტში წარმოდგენილი სხვა პოლიტიკური ძალების მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ ჯგუფის წარმომადგენლები არ ჩქარობენ პარლამენტში კანონპროექტის შეტანას და ამბობენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტის მისაღებად ნიადაგის მომზადებას ელიან. რაც შეეხება გენდერული კვოტირების დასაწესებლად პარლამენტში არსებულ განწყობებს, უნდა ითქვას, რომ ამ მიმართულებით საკანონმდებლო ორგანოში ნამდვილად არ არის ერთსულოვანი დამოკიდებულება, ეს ეხება როგორც უმრავლესობას, ისე უმცირესობას.
რას ფიქრობს საზოგადოება გენდერული კვოტირების შემოღებაზე?
კვლევითი ორგანიზაცია “ეს-სი-თის” მონაცემებით, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, ათიდან ექვსი თბილისელი კვოტირების სისტემის მომხრეა ყველა დონეზე: პარლამენტში, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო სიებში და აღმასრულებელ თანამდებობებზეც. თუმცა გენდერულ ჭრილში კვლევის შედეგების ანალიზმა გამოავლინა, რომ კვოტირების პრინციპს მამაკაცების მხოლოდ ნახევარი (50%) უჭერს მხარს, მაშინ როცა ქალების უმრავლესობა ყველა დონეზე კვოტირების მომხრეა.
გასული წლის ბოლოს NDI-ის მიერ ჩატარებული გამოკვლევის “ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა საქართველოში” მიხედვით, მოსახლეობის 68% ამბობს, რომ მხარს უჭერს პარლამენტის მიერ სავალდებულო გენდერული კვოტის შემოღებას.
დატოვე კომენტარი