მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 3 920 771 მგზავრს მოემსახურა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 3 920 771 მგზავრს მოემსახურა. გასული წლის 9 თვესთან შედარებით, მგზავრთნაკადი 22.55%-ით, ხოლო 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 79.71%-ით არის გაზრდილი.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 951 218 მგზავრს მოემსახურა, რაც 20.94%-ით (510 897 მგზავრით) მეტია, ვიდრე გასული წლის 9 თვის მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა.
გასული თვეების განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 513 732 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 19.94% ით (85 418 მგზავრით) მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 38.73%-ით გაიზარდა. სულ გადაყვანილ იქნა 450 417 მგზავრი – 125 740 მგზავრით მეტი ვიდრე 2017 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში.
მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 2 618-ით მეტი რეისი განხორციელდა. სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ იყო – 18 837, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 16 689, ხოლო ჩარტერების 2 148. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 16.14%-ს შეადგენს.
8.18%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელმა. 2017 წლის ცხრა თვიან პერიოდში ერთეული გადაფრენების რაოდენობა იყო 109 032, მიმდინარე წლის განვლილ თვეებში კი საქართველოს საჰაერო სივრცეში 117 949 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა.
რაც შეეხება საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიების პროცენტულ წილებს, 2018 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, სამ ავიაკომპანიას – Turkish Airlines-ს, Georgian Airways-ს და Wizz Air-ს თანაბარი, 11%-იანი წილი აქვთ.. სხვაობა სამი ავიაგადამზიდველის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას შორის უმნიშვნელოა.
რეგულარული და მრავალჯერადი ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:
- ავიაკომპანია “Turkish Airlines” – 440 060 მგზავრი 11%;
- ავიაკომპანია “Georgian Airways” – 433 805 მგზავრი 11%;
- ავიაკომპანია “Wizz Air” – 425 991 მგზავრი 11%;
- ავიაკომპანია “Ural Airlines” – 219 245 მგზავრი 6%
- ავიაკომპანია “Fly Dubai” – 203 073 მგზავრი 5%
დანარჩენ ავიაკომპანიებზე კი მთლიანი წილის 56% მოდის.
დატოვე კომენტარი