ღვინის ეროვნული სააგენტოს მიხედვით, 2021 წლის პირველ კვარტალში ქართული ღვინის ექსპორტი 2%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. მიმდინარე წელს საქართველოდან 19 მილიონამდე ბოთლი ღვინო გავიდა ექსპორტზე. იმ ქვეყანათა რიცხვი, რომლებმაც ქართული ღვინო შეიძინეს, ამჟამად 52-ია. რაც შეეხება ექსპორტირებული ღვინის ღირებულებას, ის $44 მილიონ დოლარს აღწევს.
შეგახსნებთ, რომ ღვინის ეროვნული სააგენტო „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზეა შექმნილი. სააგენტოს უშუალო მოვალეობა ღვინის წარმოების ხარისხის კონტროლი და სერტიფიცირება, ღვინის კულტურის კვლევა და პოპულარიზაციაა. მნიშვნელოვანია სააგენტოს როლი ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობაში.
აღსანიშნავია, რომ ღვინის ექსპორტი ასევე გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე, რომელთა შორისაცაა: ჩინეთი – 29%, ლიეტუვა – 38%, ესტონეთი – 22%, იაპონია – 11%, აშშ – 3%, დიდი ბრიტანეთი- 2%. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ექსპორტის რაოდენობა ასევე მზარდია: კანადაში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და ისრაელში.
შესაბამისად, პანდემიის მიუხედავად, ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია, რაც დისტანციურ ფორმატში ჩატარებული მარკეტინგული ღონისძიებებითაა განპირობებული. თუმცა, გლობალურად ღვინის ბაზრებზე ფასების შემცირების გამო, ქართული ექსპორტირებული ღვინის ღირებულებაც 5%-ითაა შემცირებული.
დატოვე კომენტარი