ქართული ინვესტიციები ყაზახეთის ფეროშენადნობთა წარმოებაში | ინტერვიუ დავით ქემერტელიძესთან

ქართული ინვესტიციები ყაზახეთის ფეროშენადნობთა წარმოებაში | ინტერვიუ დავით ქემერტელიძესთან

დავით ქემერტელიძის ბიზნესსაქმიანობა საქართველოს საზღვრებს გასცდა. ყაზახეთის ქალაქ ყარაგანდაში კომპანია YDD Corporation-მა ფეროსილიციუმის წარმოების სფეროში მსოფლიოში სიდიდით მეხუთე, 95 მლნ დოლარის ღირებულების ქარხანა აამოქმედა, რისთვისაც დავით ქემერტელიძემ ყაზახეთის პრეზიდენტისგან “მეგობრობის ორდენი“ მიიღო.

[MAINPICTURE]

კომპანია YDD Corporation-ი – 95 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია, 550 დასაქმებული და წლიურად წარმოებული 180,000 ტონა მაღალხარისხიანი ფეროსილიციუმი – მოკლედ ასე შეგვიძლია აღვწეროთ ქართველი და ყაზახი ინვესტორების მიერ ყაზახეთში, 2019 წლის ივლისში ამოქმედებული, მსოფლიოში სიდიდით მეხუთე ფეროსილიციუმის მწარმოებელი ქარხანა.

დავით ქემერტელიძემ პარტნიორებთან, ერლან ნიგმატულინთან და ჟარმუჰამედ აპაზთან ერთად ყარაგანდაში ფეროსილიციუმის ქარხანა წარმატებით აამუშავა და იქ წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე ყაზახეთიდან დღეს უკვე 37 ქვეყანაში გადის.

ქარხნის ამუშავებიდან ერთ წელიწადში ადგილობრივი წარმოება ყაზახეთის პრეზიდენტმა მოინახულა, დავით ქემერტელიძეს აქტიური საინვესტიციო პოლიტიკის გატარებისთვის მადლობა პირადად გადაუხადა და “დოსტიკის“ II ხარისხის ორდენითაც დააჯილდოვა. ამ ჯილდოს ყაზახეთში სხვაგვარად “მეგობრობის ორდენსაც“ უწოდებენ. პრეზიდენტ კასიმ-ჟომართ ტოკაევის შეფასებით, ასეთი ადამიანები საქართველოსა და ყაზახეთს შორის კავშირებს ამყარებენ.

დავით ქემერტელიძემ ბიზნესსაქმიანობა 2000 წელს, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ იურიდიული კომპანიის მართვით დაიწყო და 2008 წლიდან “ჭიათურმანგანუმ ჯორჯიას“ მმართველობაში ჩაება. მისი ინტერესები ფეროშენადნობთა გარდა სოფლის მეურნეობასაც მოიცავს – ლურჯი მოცვის პლანტაციებს დასავლეთ საქართველოში, თბილისთან ახლოს კი ვაშლისა და ქლიავის ბაღებს. ფეროშენადნობთა ქარხნის ბაზაზე ამოქმედებული სასათბურე მეურნეობა ქარხნიდან მიღებულ სითბოს იყენებს.   

ბატონო დავით, თქვენ პირველი ქართველი ინვესტორი ხართ, რომელმაც ყაზახეთის პრეზიდენტისგან ქვეყნის საინვესტიციო გარემოსა და ინდუსტრიალიზაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მეგობრობის ორდენი“ მიიღო. პირველ რიგში, გილოცავთ! როგორ ფიქრობთ, რატომ გადაწყდა თქვენი დაჯილდოება და რას ნიშნავს ეს ორდენი თქვენთვის?

უპირველეს ყოვლისა, მადლობა მოლოცვისთვის, მეგობრობის ორდენის მიღება ყაზახეთის პრეზიდენტისგან ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია.

2019 წელს ყარაგანდის ფეროსილიციუმის ქარხნის საზეიმო გახსნას ყაზახეთის პრემიერ- მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები ესწრებოდნენ, ხოლო მიმდინარე წლის ნოემბერში ქვეყნის პრეზიდენტის, ბატონ კასიმ- ჟომართ ტოკაევის მიერ ჩვენი ქარხნის წარმოების პროცესის პირადად გაცნობის შემდეგ, როგორც ჩანს, მან მეგობრობის ორდენით ჩემი დაჯილდოების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ჩემთვის, როგორც ინვესტორისთვის და როგორც საქართველოს მოქალაქისათვის, ძალიან მნიშვნელოვანია უმაღლესი შეფასების მიღება ყაზახეთის მთავრობისაგან იმ საქმიანობისათვის, რასაც ყაზახეთში ჩემს პარტნიორებთან ერთად ვეწევი.

                    

YDD Corporation-ის ფეროსილიციუმის მწარმოებელი ქარხნის შესახებ გვითხარით – რით არის გამორჩეული ახალი წარმოება და რამდენად დიდია ყაზახეთის ეკონომიკის ამ სექტორში კონკურენცია?

ყაზახეთში კონკურენცია ამ დარგში დიდია, თუმცა ჩვენი ქარხნის უპირატესობა მის მაღალტექნოლოგიურობასა და ეკოლოგიურობაში მდგომარეობს. მოგეხსენებათ, ჩვენი ქარხანა მაღალი მარკის ფეროსილიციუმს, FeSi-75-ს აწარმოებს. ქარხანა წლიურად 180,000 ტონა პროდუქციას აწარმოებს და 550 ადამიანს ასაქმებს.

ამასთან, ქარხანა თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რასაც გარემოზე მავნე ზემოქმედება მინიმუმამდე დაჰყავს. ამ დანადგარების მეშვეობით წარმოებისას გამოყოფილი გამონაბოლქვი მავნე აირებისგან 99.8%-ით იწმინდება. მავნე აირების გამწმენდი სისტემა სამრეწველო მტვერს ფილტრავს და აქცევს მას პროდუქტად, კონკრეტულად კი – მიკროკაჟმიწად, რომელიც სამშენებლო ინდუსტრიაში მაღალხარისხიანი ცემენტის წარმოებაში გამოიყენება.

წარმოების პროცესი სრულ თანხვდენაშია ყაზახეთის სახელმწიფო პროგრამა “ინდუსტრია 4.0”-თან, რომლითაც მაღალტექნოლოგიური წარმოების კრიტერიუმები განისაზღვრება.

ბაზარზე არსებულ სხვა კომპანიებთან შედარებით ჩვენი ქარხნის დიდი უპირატესობაა ისიც, რომ წარმოებაში 95%-ით ადგილობრივი ნედლეული გამოიყენება. მხოლოდ ელექტროდული მასის იმპორტირება ხორციელდება ჩინეთიდან.

წარმოება ექსპორტზეა ორიენტირებული – რომელი ქვეყნებია საექსპორტო ბაზრები?

ფეროსილიციუმის ექსპორტს მსოფლიოს 37 ქვეყანაში ვახდენთ. პროდუქციას ევროპის, აზიის, ჩრდილო ამერიკის, ცენტრალური ამერიკის, სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის ქვეყნები მოიხმარენ.

პროექტს ყაზახ ინვესტორებთან, ერლან ნიგმატულინთან და ჟარმუჰამედ აპაზთან ერთად ახორციელებთ. შეგიძლიათ გვითხრათ, როგორ ნაწილდება პარტნიორების მიერ პროექტის ინვესტირება და ჯამში რა მოცულობის ფინანსური რესურსი ჩაიდო მსოფლიოში სიდიდით მეხუთე ფეროსილიციუმის მწარმოებელი ქარხნის ამოქმედებისთვის?

პროექტი ჩემი და პარტნიორების მონაწილეობით, ასევე ყაზახეთის განვითარების ბანკიდან მიღებული კრედიტით განხორციელდა. საწარმოებში ჩადებული ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 95 მლნ აშშ დოლარია; სამივე პარტნიორის ფინანსური თანამონაწილეობა თანაბარია. პროექტის დაფინანსება ეტაპობრივად ხორციელდებოდა და მისი ღირებულების 70% ყაზახეთის განვითარების ბანკიდან მიღებული კრედიტით დაფინანსდა.

თქვენ საქართველოშიც ხართ მსგავსი პროექტებით წარმოდგენილი…

საქართველოში ფეროშენადნობთა საწარმოები მაქვს. 2008 წლიდან ბაზარზე აქტიურად ოპერირებს ჩემი კომპანია “ჭიათურმანგანუმ ჯორჯია”, რომლის უახლესი პროექტებიდან აღსანიშნავია აგლომერაციის ფაბრიკა წლიური 240,000 ტონა წარმადობით. ის 2019 წლიდან ამოქმედდა. კომპანიაში 550 ადამიანი მუშაობს.

გარდა ამისა, ყარაგანდის ფეროსილიციუმის ქარხანა გარკვეულწილად დაკავშირებულია საქართველოსთან. YDD Corporation- ის ტვირთების მოძრაობა საქართველოს რკინიგზისა და პორტების გავლით ხდება, რაც ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისათვის, ძალიან მნიშვნელოვანია.

ყაზახეთსა და YDD Corporation-ს რომ დავუბრუნდეთ, როგორ მიიღეთ ყარაგანდაში ინვესტირების გადაწყვეტილება?

ფეროსილიციუმის ქარხნის პროექტის ყაზახეთში განხორციელების იდეა ჩემს პარტნიორს ერლან ნიგმატულინს ეკუთვნის. მას შემდეგ, რაც ყაზახეთში არსებულ საინვესტიციო კლიმატს და პროექტისთვის ხელსაყრელ პირობებს გავეცანი, გადავწყვიტეთ, წარმოება ყარაგანდის რაიონში განხორციელებულიყო.

როდესაც საინვესტიციო კლიმატზე საუბრობთ, კონკრეტულად რა პირობებს გულისხმობთ – რა იყო თქვენთვის, ქართველი ინვესტორისთვის, მიმზიდველი?

პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ყაზახეთში საინვესტიციო პროექტებს ძალიან დიდი ყურადღება ექცევა. ასეთი პროექტების წარმატებით განხორციელებისათვის შექმნილია საკანონმდებლო ბაზა და სპეციალური საგადასახადო რეჟიმი მოქმედებს. ასევე ყაზახეთი მდიდარია ნედლეულით, რაც ფეროშენადნობთა წარმოებისათვისაა საჭირო.

აღსანიშნავია ისიც, რომ თქვენთვის და ერლან ნიგმატულინისთვის ეს არ არის პირველი თანამშრომლობა. მანამდე იყო ყაზ კარბონი“, რომელიც 2018 წელს წამოიწყეთ. რა პროექტების განხორციელებას გეგმავთ ყაზახ ბიზნესმენთან თანამშრომლობით მომავალში ყაზახეთში და როგორია თქვენი საინვესტიციო გეგმები რიცხვებში?

კომპანია “ყაზ კარბონი” სულ მალე, 2021 წლის მარტში, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური ქვანახშირის გამამდიდრებელ ფაბრიკას აამოქმედებს, რომელიც საათში 300 ტონა ქვანახშირის გადამუშავებას შეძლებს. პროექტის ღირებულება დაახლოებით 30 მილიონი აშშ დოლარია.

ასევე მიმდინარეობს 57,000 ტონა წლიური წარმადობის ფეროშენადნობთა და 240,000 ტონა წარმადობის აგლომერაციის ახალი ფაბრიკის მშენებლობა. პროექტის ღირებულება 80 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ახალი ფეროშენადნობთა ქარხანა ექსპლუატაციაში 2021 წლის ბოლოსათვის შევა. ორივე პროექტი ყაზახეთის განვითარების ბანკის დაკრედიტებით ხორციელდება. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *