ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობით საქართველო სრულ ასიმეტრიაში მოდის ევროპის რეგიონის ქვეყნებთან, რადგან თითქმის ორჯერ მეტი ექიმი ჰყავს, ვიდრე საშუალოევროპულ ქვეყანას და თითქმის ორჯერ ნაკლები ექთანი, ანუ შუა რგოლის სამედიცინო პერსონალი. თუ გავითვალისწინებთ, რომ განვითარებულ ქვეყნებში სამედიცინო დაწესებულების ხარჯის დაახლოებით 60-70% დასაქმებულთა ხელფასზე მოდის, იკვეთება, რომ ღარიბი საქართველო ჯანდაცვაში გაცილებით ძვირად ღირებულ ადამიანურ რესურსს იყენებს (ნაცვლად ექთნებისა) და ამით ჯანდაცვის მომსახურებას მნიშვნელოვნად აძვირებს, რაც ფინანსურ ტვირთად მოსახლეობას აწვება. ექიმების სიჭარბისა და მოსახლეობის მხრიდან სამედიცინო მომსახურების დაბალი მოხმარების ფონზე, ექიმების პროდუქტიულობა დაბალია როგორც ჰოსპიტალში, ასევე ამბულატორიაში. საქართველოს ჯანდაცვის სექტორის შრომით ბაზარზე დღეს შექმნილი ვითარება ალბათ ათწლეულების მანძილზე გრძელვადიანი და კოორდინირებული სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობის შედეგია.
დატოვე კომენტარი