ქართულ სპორტულ სამყაროში 2017 წელი თითქმის არაფრით განსხვავდებოდა გასული წლებისგან. ტრადიციულად, ბევრი ვიტირეთ და ვიჩხუბეთ ფეხბურთზე, რაღაც პერიოდი გვიხაროდა, თუმცა საქმე ბოლომდე კარგად არც კალათბურთში გამოგვსვლია, ასევე ტრადიციულად – მოლოდინს გადააჭარბა საქართველოს რაგბის ნაკრებმა და მთელი წლის განმავლობაში გულშემატკივრების აღფრთოვანება დამსახურებულად მიიღო. ჰო, და მთავარი მოვლენა მავიწყდებოდა, რომელიც არა რომელიმე დისციპლინას ან გუნდს უკავშირდება, არამედ კონკრეტულ პიროვნებას გულისხმობს და მისი სახელია – ლაშა ტალახაძე. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან ყველა სხვა სპორტული გამარჯვება თუ იმედგაცრუება ერთიანად გადაფარა. 2016 წელს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე მოგებულ ოქროს მედალს 2017 წელს მან მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მიამატა და გზად ახალი მსოფლიო რეკორდიც დაამყარა – ჯამურად 477 კილოგრამი დაძლია. ამ შედეგების დაფიქსირების შემდეგ გასაკვირი არავისთვის იყო ალბათ, რომ გოლიათ ქართველ ძალოსანს მსოფლიო სპორტული პრესის მთავარ გვერდებზე მიუჩინეს ადგილი. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ 2017 წელს, რაგბის ნაკრებთან ერთად, ლაშა ტალახაძემ ქართული სპორტი სრული კრახისგან პირადად გადაარჩინა.
გამორჩეულად უიღბლო და წარუმატებელი იყო სპორტის ის დისციპლინა, სადაც სახელმწიფო ყველაზე მეტ ფულს ხარჯავს – ცხადია, საუბარი ფეხბურთს შეეხება, რომელიც დოტაციის სახით ბიუჯეტიდან 250 მილიონ ლარს მიიღებს (2021 წლამდე). ნაკრებმა კვლავ გაიმეორა ანტირეკორდი და ციკლი ისე დაასრულა, რომ ვერც ერთ გამარჯვებას ვერ მიაღწია. არადა, ბევრი ოპტიმისტი თავიდან იმასაც კი ამბობდა, რომ ქვეჯგუფიდან გასვლის რეალური შანსები გვქონდა, თუმცა რაზეა საუბარი, როდესაც გამარჯვება მოლდოვასთანაც სანატრელი გიხდება. ეროვნული ნაკრების მსგავსად, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგი დააფიქსირეს ქართულმა კლუბებმა, რომლებმაც ევროპულ სარბიელზე თამაშის შანსი პირველივე საკვალიფიკაციო რაუნდში დაკარგეს. მხოლოდ იანვარ- ივნისის პერიოდში, ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე ქართულმა კლუბებმა ფეხბურთის განვითარების ფონდიდან, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის, 7 მილიონამდე ლარი მიიღეს, თუმცა აღნიშნული თანხები მათ შედეგებზე ნამდვილად არ ასახულა. მეტიც, ევროპულ სარბიელზე გასულმა ოთხმა გუნდმა – “სამტრედიამ”, “ჩიხურამ”, ბათუმის “დინამომ” და “ტორპედომ”, ჯამში 8 გოლის გატანაც ვერ მოახერხეს, სანაცვლოდ კი აურაცხელი რაოდენობის ბურთები მიიღეს საკუთარ კარში. რამდენადაც არ უნდა გაზარდო დაფინანსება, მთლიანად სახელმწიფოს ფულზე ჩამოკიდებული საფეხბურთო სეგმენტი რომ არაეფექტიანია, ამას ახალგაზრდული ნაკრების მაგალითიც ამტკიცებს, სადაც ფეხბურთელების უმრავლესობა ორი ქართული კერძო საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. საქმე თბილისის “დინამოსა” და სკ “საბურთალოს” ეხება, სახელმწიფოს ბალანსზე არსებული გუნდებიდან კი იშვიათად თუ მოჰკრავთ თვალს ვინმეს.
საფეხბურთო კრიზისის კიდევ ერთი მარტივ ილუსტრაციას შემდეგი ფაქტი წარმოადგენს – თორმეტი ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ლეგიონერი ფეხბურთელი და ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე ათი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის ჯამური ღირებულება უფრო ნაკლებია, ვიდრე სომხეთის ნაკრების ერთი მოთამაშის – ჰენრიხ მხითარიანის საბაზრო ღირებულება, რომელიც, დღეის მონაცემებით, 35 მილიონ ევროს შეადგენს.
ფეხბურთის ფედერაციის სურვილისა და მტკიცების მიუხედავად, საფეხბურთო სეგმენტის განკერძოება კვლავაც ძალიან ნელი ტემპებით მიმდინარეობს, შესაბამისად, აღნიშნულ მდგომარეობაში, სერიოზული წარმატებების დაგეგმვა ძალიან ოპტიმისტური და არარეალისტური ნაბიჯი იქნება. მიუხედავად კეთილი სურვილისა, დღევანდელი დინამიკით, ეჭვი მაქვს, რომ მომავალ წელს კვლავაც მსგავსი შინაარსის მქონე ტექსტის დაწერა მომიწევს, როდესაც განვლილ საფეხბურთო წელს შევაფასებ. ცხადია, არასწორია პასუხისმგებლობის მხოლოდ ფეხბურთის ფედერაციაზე გადანაწილება და ის თანაბრად უნდა გაიზიარონ კონკრეტული კლუბების მესვეურებმა და სხვადასხვა სუბიექტებმა, რომლებიც ამ საქმეში არიან. დღეის მდგომარეობით, ერთი მხრივ, ბიუჯეტიდან ჩადებული ფული საქართველოსთვის საკმაოდ დიდ რიცხვს წარმოადგენს, მეორე მხრივ კი თანამედროვე ფეხბურთისთვის ეს თანხა საკმარისი არ არის, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც კლუბების წარმომადგენლების უმრავლესობას ამ ფულის ყაირათიანად და სწორად განაწილება უჭირს.
ფეხბურთისგან განსხვავებით, გასული წელი ძალიან კარგი აღმოჩნდა ქართველი რაგბისტებისთვის. სპორტული შედეგების აღწერაზე თქვენს ყურადღებას აღარ შევაჩერებ, ვინაიდან, ეჭვი მაქვს, ყველამ ძალიან კარგად იცით და აქცენტებს ფინანსურ მხარეზე დავსვამ. ქართული რაგბი კარგი და იშვიათი მაგალითია სპორტის ნაწილობრივი კომერციალიზაციისა და კერძო სექტორის დახმარებით წარმატების მიღწევის. 2008 – 2017 წლებში რაგბის განვითარებაში სახელმწიფომ 60 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, რაც დაახლოებით 50 მილიონი ლარით ჩამორჩება კერძო სექტორის მიერ ჩადებულ ფულს. საქართველოში, სადაც სპორტი თითქმის მთლიანად ბიუჯეტისა და გადასახადების გადამხდელების ფულზეა ჩამოკიდებული, რაგბი ამ მხრივ უპრეცედენტო და გამორჩეული შემთხვევაა.
ცხადია, რომ სპორტული წარმატებები და კერძო ფულის გაჩენა ერთმანეთისგან ავტონომიურ რეჟიმში არ მიმდინარეობს და ჯაჭვურ რეაქციას წარმოადგენს. ამის ნათელი დადასტურება გასულ წელს საქართველოში გამართული რაგბის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი გახლავთ, რომელიც ერთი მხრივ, ჩვენი მორაგბეების მიერ გასულ წლებში ნაჩვენები შედეგებითა და მსოფლიო რაგბის რუკაზე საქართველოს სტაბილურად დამკვიდრებითაა გამოწვეული, მეორე მხრივ კი სწორედ კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით, ვინაიდან მის გარეშე ამ ჩემპიონატის უზრუნველყოფა წარმოუდგენელი იქნებოდა. მაგალითისთვის, ფონდმა “ქართუმ”, რომელიც ქართული რაგბის ყველაზე ახლო პარტნიორია კერძო სექტორიდან და ბოლო 7 წლის მანძილზე სახელმწიფოზე რამდენიმე ათეული მილიონი ლარით მეტი დახარჯა, უზრუნველყო რაგბის ახალი სტადიონისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა, რის გარეშეც ჩემპიონატი საქართველოში ვერ გაიმართებოდა. გასათვალისწინებელია ასევე ისეთი დიდი და ფინანსურად სტაბილური ორგანიზაციის დაინტერესება, როგორიც თიბისი ბანკია, რომელიც ბოლო წლებია, რაგბის კავშირთან ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ რაგბის კლუბების განკერძოების პროცესიც აქტიურად დაიძრა და უკვე არაერთი კლუბია კერძო მეპატრონის ხელში. უკანასკნელი შედეგების გათვალისწინებით, ეჭვი მაქვს, რომ კერძო სექტორის წარმომადგენლების დაინტერესება კიდევ უფრო გაიზრდება და ქართულ რაგბიში ფულადი ნაკადების შედინება გაცილებით უფრო მსხვილ მასშტაბზე გადავა. რომელი კომპანია იტყოდა უარს ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის პარტნიორობაზე, რომელიც არაერთ ქვეყანაში პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და რამდენიმემილიონიანი აუდიტორია ჰყავდა? სხვათა შორის, 2014 წელს რაგბის საერთაშორისო საბჭომ ფონდი “ქართუ” სპეციალური პრიზით დააჯილდოვა სპორტის ამ სახეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. მსგავსი პრიზის გადაცემის პრეცედენტი რომელიმე კერძო კომპანიისთვის, ფაქტობრივად, არ ფიქსირდება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოში რაგბისა და კერძო სექტორის თანამშრომლობასა და პერსპექტივებს.
ლაშა ტალახაძისა და რაგბის ნაკრების გარდა, იყო რამდენიმე წარმატება, გამონაკლისის სახით, თუმცა სისტემური ხასიათის პროგრესი რომელიმე დისციპლინაში გასულ წელსაც იშვიათი იყო. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ხომ არ ღირს კითხვის დასმა იმის შესახებ, რომ ხომ არ ჯობია, სახელმწიფომ ყურადღება “ნიშურ” და დაბალბიუჯეტიან სპორტის სახეობებზე გაამახვილოს, სადაც ჩვენი წარმატება ბევრად უფრო ხელშესახებია, ვიდრე გადასახადების გადამხდელების ჯიბიდან ამოღებული ფული, თანაც საკმაოდ მოზრდილი რაოდენობის, იხარჯოს თუნდაც ფეხბურთზე, სადაც რაიმე პოზიტიურის პერსპექტივა კვლავაც შორეული მომავლის ზღურბლზე თუ ჩანს. იქნებ 2018 წელი აღმოჩნდეს გარდატეხის მომტანი, როდესაც სახელმწიფო სპორტულ პრიორიტეტებსა და სამუშაო გეგმას განაახლებს და ბაზარზე არსებული გარემოებებიდან, უახლესი პერიოდის შედეგებიდან და სამომავლო პერსპექტივებიდან გამომდინარე მიიღებს დაფინანსებისა და სხვადასხვა სახით მხარდაჭერის გადაწყვეტილებებს.
იმედი ვიქონიოთ, რომ პრაგმატული შეხედულებები გაიმარჯვებს და 2019 წლის დამდეგს ბევრად უფრო პოზიტიური მიმოხილვის დაწერა მომიწევს. გილოცავთ ახალ წელს.
დატოვე კომენტარი