სტარტაპი influence.ge, რომელმაც 2019 წელს 1,5 მილიონი ლარის ოდენობის დაფინანსება მიიღო სხვადასხვა გრანტისა და ინვესტორისგან, საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად ემზადება. მოლაპარაკებები დასრულებულია მოლდოვასა და რუმინეთში, უკვე ხელმისაწვდომია საიტი ამ ქვეყნის ენებზე და უახლოეს პერიოდში მობილური აპლიკაციაც მზად იქნება. პარალელურად, სტარტაპერები უკრაინაში შესასვლელადაც ემზადებიან და ადგილობრივი სანდო პარტნიორის მოძიებას ცდილობენ.
ამ დროისთვის influence.ge–ის კორპორაციული კლიენტები = ისეთი მსხვილი კომპანიები არიან, როგორიცაა „კოკა–კოლა“, „მაკდონალდსი“, „სამსუნგი“, „ლორეალი“, „ლიბერთი ბანკი“ და კიდევ არაერთი სხვა. პარალელურად, ემსახურებიან უცხოელ კლიენტებს ბელარუსსა და ყაზახეთში. ინფლუენს-მარკეტინგული კამპანიები ჩატარებული აქვთ აშშ–შიც.
influence.ge–ის 4-წლიანი ისტორია აქვს. ახალგაზრდა სტარტაპერებს ლადი გაბუნიასა და გიორგი თუშურაშვილს წიგნის Contagious – Why Things Catch On-ის კითხვის დროს გაუჩნდათ იდეა, რომ თავადაც შეექმნათ კომპანია, რომელიც ინფლუენსერებს კომპანიებთან დააკავშირებდა. წიგნში მოთხრობილია ვირუსული მარკეტინგის შესახებ და განხილულია ერთი კომპანიის მაგალითი, რომელიც ახალ პროდუქციას მსურველებს გამოსაცდელად უგზავნიდა. ეს ადამიანები კი საკუთარ გარემოცვაში აქტიურად ავრცელებდნენ ინფორმაციას პროდუქტის შესახებ. გაბუნიამ და თუშურაშვილმა კარგად შეისწავლეს საერთაშორისო გამოცდილება და ნახეს, რომ მსგავსი ინფლუენს-კამპანიები ბევრ ქვეყანაში წარმატებით მუშაობდა.
Forbes.ge–სთან საუბარში influence.ge–ის თანამდაფუძნებელი ლადი გაბუნია განმარტავს, რომ 2017 წელს ნულოვანი ბიუჯეტით მშობლების ოფისში, ერთ ოთახში დაიწყეს ინფლუენს-მარკეტინგის კეთება. გახსნეს სააგენტო, თუმცა საზოგადოების მხრიდან დაინტერესება იმდენად დაბალი იყო, რომ პირველი 8 თვე ორივე მხარის ცნობიერების ამაღლებას დასჭირდა. მუშაობდნენ ბრენდებთან და ეუბნებოდნენ, რომ მათ სარეკლამო კამპანიებში, ტელევიზიებისა და სოციალური ქსელის გარდა, ცნობილი ადამიანების ჩართვაც შეეძლოთ. პარალელურად, თავად ინფლუენსერებს ხვდებოდნენ და უხსნიდნენ, რომ მათ დამატებითი შემოსავლის მიღება შეეძლოთ. 8 თვის შემდეგ საქმე წარმატებით ამუშავდა.
„ერთი წლის შემდეგ უკვე მივხვდით, რომ, როგორც სააგენტო, ძალიან ბევრ ისეთ საქმეს ვაკეთებდით, რაც არ უნდა გაგვეკეთებინა. მათ შორის იყო: რეპორტების დაგზავნა, ინფლუენსერების მოძებნა, მათთან კომუნიკაცია, რაც რეალურად ჩვენი საკეთებელი არ იყო. ამიტომ გადავწყვიტეთ, შეგვექმნა პლატფორმა, რომელიც საქმეს მნიშვნელოვნად გაგვიმარტივებდა როგორც ჩვენ, ისე ბრენდებსა და ინფლუენსერებს“, – განმარტავს ლადი გაბუნია.
ცვლილების შედეგად, სტარტაპერებს დროისა და ენერგიის 70% გამოუთავისუფლდათ, რაც საქმის მეტად განვითარებას მოხმარდა. მათგრანტის მოძიებაზე მუშაობა დაიწყეს. 2017 წლის დეკემბერში იდეის საფუძველზე GITA–ს გრანტზე შეიტანეს განაცხადი, რომელიც მიიღეს კიდეც. თანხით პლატფორმის შექმნა უკრაინელ დეველოპერებს დაუკვეთეს. თუმცა მიღებული ფინანსებით მხოლოდ პროტოტიპის შექმნა შეძლეს, რომელიც არ მუშაობდა. პარალელურად, სააგენტო წარმატებულ საქმიანობას განაგრძობდა. პროტოტიპი კი უკვე უცხოელი ინვესტორების მოძიებაში დაეხმარა.
2019 წელს გლობალური სტარტაპ-ფონდის კონკურსში მიიღეს მონაწილეობა. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გამართულ ფიჩინგზე შეხვდნენ ისრაელიდან ჩამოსულ ინვესტორებს, რომელთაც მათი იდეა ძალიან მოეწონათ. შემდეგ GITA–ს მსხვილ გრანტზეც შეიტანეს განაცხადი და საბოლოოდ 1,5 მილიონ ლარამდე დაფინანსება მიიღეს. ფინანსები სრულად ტექნიკურ ნაწილზე დაიხარჯა. შეიქმნა ონლაინპლატფორმა, თებერვალში გამოვიდა მობილური აპლიკაცია ინფლუენსერებისთვის. მისი საშუალებით ინფლუენსერი ნახულობს ბრენდის დავალებას, მაგალითებსაც კი, რისი გაკეთებაც უნდა, და შეუძლია განაცხადი იქვე შევასოს.
„ფაქტობრივად, ყველაფერი ავტომატურ რეჟიმში ხდება, რაც საქმეს მნიშვნელოვნად ამარტივებს. ჩვენ, როგორც სააგენტო, დროს მათ შორის კომუნიკაციის დამყარებაზე აღარ ვხარჯავთ. ვერევით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კრეატიული მენეჯმენტი სჭირდებათ. შესაბამისად, ჩვენი რესურსი სამომავლო განვითარებასა და საზღვარგარეთ გასვლას ხმარდება“, – აღნიშნავს ლადი გაბუნია.
სტარტაპი რუმინეთსა და მოლდოვაში გასასვლელად უკვე მზადაა. აღნიშნულ ქვეყნებში გასვლა მათთვის რთული არ იყო, რადგან ერთ–ერთ საერთაშორისო ღონისძიებაზე გაცნობილ ადგილობრივი კრეატიული სააგენტოს წარმომადგენლებთან დაიწყეს თანამშრომლობა. რაც შეეხება უკრაინაში გასვლას, ეს სტარტაპისთვის შედარებით რთულია, რადგან არ ჰყავს ადგილობრივი სანდო პარტნიორი. გაბუნიას განმარტებით, თუ მსგავსის მოძიება ვერ მოხერხდება, influence.ge დამოუკიდებლად დაიწყებს საქმიანობას უკრაინაში, რაც მათთვის განვითარების კიდევ ერთი, ახალი საფეხური იქნება.
დატოვე კომენტარი