მსოფლიოს წამყვანი ბიზნესსკოლები და მენეჯმენტის საგანმანათლებლო პროგრამები GMAT-ს აღიარებენ, როგორც მენეჯმენტის სწავლის ყველაზე ეფექტიან საზომს. GMAT-ის ტესტს მსოფლიოს 6,000-ზე მეტი ფაკულტეტი ითხოვს, მათ შორის ისეთ უნივერსიტეტებში, როგორიცაა Harvard-ი, Wharton-ი და Stanford-ი. შესაბამისად, GMAT-ის გამოცდას უმეტესად ის სტუდენტები აბარებენ, რომლებსაც სწავლა მსოფლიოს ყველაზე კონკურენტულ უნივერსიტეტებში სურთ. GMAT-ის საშუალო ქულით ქართველი სტუდენტები მსოფლიოს ოცეულში შედიან. საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყანაში, ტესტში მიღებული საშუალო ჯამური მაჩვენებელი უფრო დაბალია, ვიდრე უნივერსიტეტებში სტუდენტების მიერ გაგზავნილი ქულების საშუალო მაჩვენებელი, რადგან მსგავს სასწავლებლებს ხშირ შემთხვევაში თავად აქვთ მოთხოვნა მისაღებ მინიმალურ ქულასთან დაკავშირებით და იმ სტუდენტთა აკადემიური მაჩვენებელიც, რომლებიც განაცხადს აკეთებენ, მაღალია.
GMAT-სგან განსხვავებით, ქართველი სტუდენტების შედეგები არცთუ ისე სახარბიელოა ინგლისური ენის საერთაშორისო გამოცდებში. მაგალითად, TOEFEL-ის საშუალო ქულით საქართველოს ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა უსწრებს. TOEFL iBT-ის ტესტის ჩაბარება აუცილებელი მოთხოვნაა ამერიკის, ევროპის, კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის უნივერსიტეტების უმრავლესობაში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის. ტესტი ამოწმებს, რამდენად კარგად იცის სტუდენტმა ინგლისური ენა, როგორია მისი კითხვის, მოსმენის, წერისა და საუბრის უნარები.
დატოვე კომენტარი