კატარში დაფუძნებული კომპანია QatarEnergy, რომელიც თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია მსოფლიოში, FIFA-ს ოფიციალური პარტნიორი გახდა. როგორც ცნობილია, მხარეები FIFA World Cup 2022-ის ფარგლებში ითანამშრომლებენ. აღსანიშნავია, რომ წელს მსოფლიო ჩემპიონატს სწორედ კატარი უმასპინძლებს. ტურნირი 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება.
„QatarEnergy მოხარულია, კიდევ ერთხელ ითანამშრომლოს FIFA-სთან, ამჯერად FIFA World Cup-ის მხარდასაჭერად, რომელიც პირველად ჩატარდება კატარსა და ახლო აღმოსავლეთში. ეს პარტნიორობა ასახავს ჩვენს მუდმივ მხარდაჭერას სხვადასხვა სპორტული აქტივობების მიმართ, განსაკუთრებით კი ფეხბურთის, როგორც სპორტული სამყაროს მთავარი მიმზიდველობის“, – განაცხადა ენერგეტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა და QatarEnergy-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, საად შერიდა ალ-ქააბიმ.
1974 წელს დაარსებული QatarEnergy ენერგოკომპანიაა, რომელიც სუფთა ენერგორესურსების განვითარებაზეა პასუხისმგებელი. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მონაცემებით, კომპანიის წლიურმა შემოსავალმა 30 მილიარდი აშშ დოლარი, წმინდა მოგებამ კი 12.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
დატოვე კომენტარი