„ყავის ლაბორატორია“ სამი ახალი ფილიალის დამატებას გეგმას. ინვესტიციის საერთო მოცულობა დაახლოებით 2.6 მილიონ ლარს შეადგენს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, გიორგი აივაზიანმა Forbes Georgia-სთან საუბრისას განაცხადა, ორი ობიექტი წლის ბოლომდე გაიხსნება, ერთი ფილიალი კი ფუნქციონირებას მომავალი წლიდან დაიწყებს.
„ყავის ლაბორატორიის“ ახალი ფილიალები მომხმარებლებს წლის ბოლოდან საბურთალოზე მდებარე „სითი მოლში“ და ფალიაშვილის ქუჩის N24-ში მოემსახურება. აივაზიანის ინფორმაციით, პირველ ობიექტზე დახარჯული თანხა – დაახლოებით 1 მილიონ ლარს, მეორეზე კი 1.4 მილიონი ლარს შეადგენს. რაც შეეხება მესამე ობიექტს, რომელიც ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე Axis Towers-ში მომავალი წლიდან ამუშავდება, მასში საერთო ჯამში 200 ათასი ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდება.
ფალიაშვილის ქუჩაზე არსებულ „ყავის ლაბორატორიაში“ 80 დასაჯდომი ადგილი განთავსდება. სივრცის მთლიანად ათვისება კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების მოხსნის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
„ფალიაშვილის ფილიალი ორი სართულისგან შედგება. პირველ სართულზე იქნება ჩვეულებრივი „კოფი შოპი“, როგორიც ამჟამად ყაზბეგის ქუჩაზეა განლაგებული, მეორე სართულზე კი იქნება რესტორანი ღია სამზარეულოთი. სტუმრები შეკვეთილი კერძის მომზადების პროცესისთვის თვალის მიდევნებას დაახლოებით ნახევარი მეტრის მანძილიდან შეძლებენ“, – განმარტავს „ყავის ლაბორატორიის“ დამფუძნებელი.
აივაზიანის განცხადებით, „სითი მოლში“ მდებარე ფილიალი ძირითადად „გატანაზე“ იქნება ორიენტირებული, თუმცა მცირე რაოდენობის მომხმარებლების ადგილზე მიღებასაც შეძლებს. Axis Towers-ში არსებულ ობიექტში კი, რომელიც როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეს, ეზოსაც მოიცავს, საერთო ჯამში 60-70 ადამიანი განთავსდება.
გიორგი აივაზიანის თქმით, ახალი ფილიალების დამატების გადაწყვეტილება რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით მიიღეს:
„ჩვენი კომპანია მომხმარებლებს არა მხოლოდ კაფეში მომსახურებას სთავაზობს, არამედ ყავას სხვადასხვა რესტორანსა და სასტუმროსაც ვაწვდით. ვინაიდან პანდემიის დროს ამოქმედებული რეგულაციების გამო ასეთი დაწესებულებები დაიხურა, მომსახურების ეს მიმართულება კრიზისში აღმოჩნდა. ამის პარალელურად ჩვენი კაფე აქტიურად მუშაობდა. თავდაპირველად გაფართოებას არ ვგეგმავდით, რადგან აღნიშნული ბიზნესმოდელი ჩვენთვის მისაღები იყო, თუმცა შექმნილ ვითარებაში, ასევე, იქიდან გამომდინარე, რომ კაფეების გასახსნელად ხელსაყრელი ლოკაციები გამოჩნდა, ფილიალების დამატება გადავწყვიტეთ“.
როგორც აივაზიანი განმარტავს, პანდემიის დასაწყისში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ამოქმედებული შეზღუდვებისა და საზოგადოების მხრიდან გამოჩენილი სიფრთხილის გამო „ყავის ლაბორატორიას“ გაყიდვების თვალსაზრისით გარკვეული ჩავარდნები ჰქონდა. მისი ინფორმაციით, კომპანიისთვის მძიმე პერიოდი დაახლოებით ექვს თვეს გაგრძელდა. აივაზიანის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ გარკვეული შეზღუდვები ახლაც არსებობს, კომპანია მუშაობას აქტიურად განაგრძობს. მისი თქმით, ამას ისიც მოწმობს, რომ პანდემიამდელ პერიოდთან, 2019 წელთან შედარებით „ყავის ლაბორატორიის“ გაყიდვები საერთო ჯამში 40%-ით გაიზარდა.
„ყავის ლაბორატორია“ ქართულ ბაზარზე უკვე ხუთი წელია, ოპერირებს. ამ დროისთვის კომპანია ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის N27-ში მდებარე ობიექტით არის წარმოდგენილი.
დატოვე კომენტარი