ლიზ ელტინგი “სელფ-მეიდ” ქალბატონია, რომელიც თავისი წარმატების წყალობით ჟურნალ Forbes-ის ამერიკის უმდიდრეს “სელფ-მეიდ” ქალთა რეიტინგში აღმოჩნდა. იგი არის მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი სათარჯიმნო ფირმა TransPerfect-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. ლიზ ელტინგი ასევე პოლიგლოტია – 25 წლისამ მან ხუთ სხვადასხვა ქვეყანაში (პორტუგალია, ესპანეთი, კანადა, ვენესუელა და აშშ) ცხოვრება მოასწრო, სადაც ოთხ უცხო ენას ეუფლებოდა. 26 წლის ასაკში, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ბიზნესადმინისტრირების მაგისტრის დიპლომით შეიარაღებულმა ელტინგმა იპოვა ის “იდეალური” სამსახური, რომელიც საბოლოოდ არცთუ ისე იდეალური გამოდგა. სწორედ ამ დროს იწყება მისი რომანტიკული სამეწარმეო ისტორია: მან ნიუ-იორკის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის ოთახში, თავის შეყვარებულთან ერთად, ყოველგვარი დაფინანსების გარეშე კომპანია TransPerfect-ის დააარსა. დღეს კომპანიის ღირებულება ერთ მილიარდ დოლარს აღემატება, მაგრამ წარმატებისკენ მიმავალი მისი გზა ია-ვარდით მოფენილი როდი იყო.
გთავაზობთ ლიზ ელტინგის რჩევა-დარიგებებს, მისივე სიტყვებით გადმოცემულს:
“რასაკვირველია, ჩემი პირადი ცხოვრებისა და კარიერის მანძილზე იყო მომენტები, რომლებიც გადამწყვეტი აღმოჩნდა – მაგრამ მსურს, ერთი განსაკუთრებული მომენტი გამოვყო, როდესაც ძალიან რთული გადაწყვეტილების წინაშე დავდექი. ამ გადაწყვეტილებამ საბოლოოდ უდიდესი გავლენა იქონია ჩემს ცხოვრებაზე და იმაზე, ვინც ვარ დღეს.
26 წლის ვიყავი, ნიუ-იორკში ვცხოვრობდი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ბიზნესადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ახალი დამთავრებული მქონდა. იმ დროს საოცრად მოწადინებული ვიყავი, საერთაშორისო კორპორაციულ ფინანსებში დამეწყო კარიერა და დაუყოვნებლივ დავთანხმდი შემოთავაზებას თანამდებობაზე, სადაც ინვესტირებისა და აქციებით ვაჭრობის არბიტრაჟი მევალებოდა. ეს იყო მანჰეტენის ცენტრში განლაგებული ფრანგული ბანკის საკუთრებით ვაჭრობის განყოფილება. სიხარულით მეცხრე ცას ვეწიე – მე ხომ წინ გამოწვევებით სავსე და სტიმულის მომცემი სამუშაო მელოდა. ერთი სული მქონდა, როდის შევუდგებოდი ჩემი მოვალეობების შესრულებას.
ბანკში მუშაობის დაწყებიდან სულ რამდენიმე კვირაში არასასიამოვნო რეალობამ იჩინა თავი: ვიყავი რა ოფისში ერთადერთი ქალი, მე მალევე შევამჩნიე შემაშფოთებელი ტენდენცია. არ ჰქონდა მნიშვნელობა, სად ვიყავი ან რით ვიყავი დაკავებული, ყოველი ტელეფონის ზარის ხმაზე გაისმოდა ჩემი მისამართით ჩემი კოლეგების ბრძანებლური ტონის გადა
ძახილი: “ლიზ, ტელეფონს უპასუხე!” ვიცოდი, რომ სამსახურში იმისათვის არავის ავუყვანივარ, რომ მდივნის, ოფის-მენეჯერის ან ნებისმიერი სხვა ადმინისტრაციული მოვალეობები შემესრულებინა. ასე რომ ყოფილიყო, ჩემთვის ალბათ უფრო გასაგები იქნებოდა, რატომ მიაჩნდათ ჩემს კოლეგებს, რომ ტელეფონის ზარზე პასუხი ჩემს მოვალეობებში შედიოდა, თან არც რანგით ვიყავი ყველაზე უმცროსი თანამშრომელი, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, ამან სისტემატური სახე მიიღო. სამწუხაროდ, ერთადერთი ახსნა, რომელიც ამგვარ საქციელს მოვუძებნე, სულაც არ მაკვირვებდა, თუმცა მაინც მტკივნეული და გულსატკენი იყო. ვიცოდი, რომ ეს სულაც არ ხდებოდა იმის გამო, რომ ჩემს კოლეგებზე ნაკლები ცოდნა, უნარები და კვალიფიკაცია მქონდა, არამედ იმის გამო, რომ ქალი ვიყავი და ამ რეალობის წინაშე მე სრულიად უძლური აღმოვჩნდი.
ჩემი ინტელექტის, გამოცდილების, კვალიფიკაციის, ამბიციებისა და სამუშაო ეთიკის მიუხედავად, კოლეგები მაინც ნაკლებად კომპეტენტურ მუშაკად აღმიქვამდნენ. ალბათ წარმოგიდგენიათ, რაოდენ შემაძრწუნებელი და გამანადგურებელი იყო გენდერული უთანასწორობისა და სამსახურში სექსიზმის მწარე რეალობის წინაშე ყოფნა – თანდათანობით რაღაც დანაშაულის გრძნობაც კი დამეუფლა, თითქოს ის, რაც იქ ხდებოდა, ჩემი ბრალი იყო. ცუდად ნუ გამიგებთ, მე დიდ პატივს ვცემ მდივნებსაც და ოფის-მენეჯერებსაც, მაგრამ მე ამისთვის არავის ავუყვანივარ სამსახურში. ისიც კარგად ვიცოდი, რომ იმისათვის არ გავისარჯე ამდენი წელი უნივერსიტეტში, რომ შემდეგ ყავა მომედუღებინა და თანამშრომლების მაგივრად ტელეფონის ზარებზე მეპასუხა. მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს ცხოვრებაში არაფერი მიმიტოვებია შუა გზაში, რადგან ყოველთვის ღრმად მწამდა, რომ ლიდერობას ვიმსახურებდი, მე მაინც დავწერე განცხადება სამსახურიდან წამოსვლის თაობაზე.
მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ეს ძალზე სარისკო ნაბიჯი იყო, სწორედ ამ გადაწყვეტილებამ მიბიძგა TransPerfect-ის შექმნისაკენ. ჩვენ ვართ ის, ვინც გვსურს რომ ვიყოთ – ეს ჩვენი არჩევანია. ვიცოდი, რომ თუკი იმ სივრცეში საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების რეალიზების საშუალება არ მომეცემოდა, მაშინ თავად უნდა შემექმნა საკუთარი სივრცე, სადაც თვითრეალიზაციას მოვახერხებდი. ეს იყო სრული თვითგაცნობიერების მომენტი – როდესაც მე დავძლიე საკუთარ თავში ყველანაირი ეჭვი და კრიტიკა და ბოლომდე ვირწმუნე საკუთარი შესაძლებლობების. მე სათანადოდ დავაფასე საკუთარი თავი და უარი ვთქვი ბოდიშის მოხდაზე ყველას წინაშე იმის გამო, რომ ვარ ის, ვინც ვარ. აღსანიშნავია, რომ ხასიათის ის თვისებები, რომლებიც მამაკაცების შემთხვევაში აღიქმება როგორც სიმტკიცე, დამაჯერებლობა და ამბიცია, ქალების შემთხვევაში მბრძანებლობად, აგრესიულობად და რთულ ხასიათად აღიქმება. როგორც ქალი და ნოვატორი, რომელიც 25 წელი მოღვაწეობს ენებისა და ტექნოლოგიური ინდუსტრიის სფეროში, მე უკვე მივეჩვიე ამ ეპითეტების სიამაყით ტარებას. ეს არის ხასიათის თვისებები, რომლებიც უნდა წახალისდეს და რომელთაც პატივი უნდა ვცეთ და არა გავაკრიტიკოთ და ჩავახშოთ. ვფიქრობ, ამ გადამწყვეტმა მომენტმა კიდევ ერთხელ დამანახვა, რომ როდესაც მბრძანებლობის მოყვარულ, პირში მთქმელ და ზედმეტად ამბიციურქალად აღგიქვამენ, ესე იგი სწორ გზას ადგახარ და სწორ არჩევანს აკეთებ. როდესაც არ გაძლევენ საშუალებას, ითანამშრომლო, წინ გაუძღვე, ფრთები გაშალო და საკუთარი ნიჭის რეალიზება მოახდინო, მაშინ აუცილებლად პოულობ იმ გარდამტეხ მომენტს, რომელიც გიბიძგებს, თავად გაიკაფო გზა, თვალი გაუსწორო იმას, რაც ყველაზე მეტად გაშინებს და მიიღო ის, რაც გეკუთვნის.
არავინ იცის თქვენი ამბიციების შესახებ ისე კარგად, როგორც თქვენ თავად, და თქვენსავით არავის დასწყდება გული, თუკი ვერ მოახერხებთ ყოველგვარი მობოდიშებისა და რიდის გარეშე, თავდაუზოგავად თქვენი მიზნების მიღწევისაკენ სვლას. ასე რომ, თუკი სივრცე, სადაც მოღვაწეობთ, არ გაძლევთ იმის საშუალებას, რომ ლიდერის თვისებები გამოამჟღავნოთ, თავად შექმენით ეს სივრცე. თუკი გზად დაბრკოლებები შეგხვდათ, აუცილებლად გადალახეთ, ხოლო საზღვრები გადაკვეთეთ.
ჩვენ ყველას გვაქვს პოტენციალი, ვიყოთ წარმატებული, მაგრამ წარმატების მიღწევა შემთხვევით არ ხდება – წარმატებას ვაღწევთ მიზანდასახულობისა და უდრეკობის წყალობით იმ მომენტებში, როდესაც უგულებელვყოფთ ტრადიციებს, გამოვდივართ კომფორტის ზონიდან, არ ვღალატობთ საკუთარ პრინციპებს და თავდაუზოგავად ვმუშაობთ.
საკუთარი სივრცის შექმნით, მე შევძელი ჩემი საქმის მიმართ მგზნებარე ენთუზიაზმის შენარჩუნება, ინდუსტრიაში არსებული საზღვრების გადაწევა, საკუთარი პროფესიულიუნარების რეალიზება და რაც ყველაზე მთავარია, მე დავრჩი საკუთარი პრინციპების ერთგული.
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ერთი კონკრეტული ინდიკატორი, რომელიც მიგანიშნებს, ადგახარ თუ არა წარმატებისაკენ მიმავალ სწორ გზას, ყველაზე გარდამტეხი მომენტები ჩემს ცხოვრებაში მაშინ დგებოდა, როდესაც უარს ვამბობდი სტატუს-კვოზე, ეჭვქვეშ ვაყენებდი იმას, რასაც ჩემგან ყველა ელოდა, იოლად მივდიოდი რისკზე, მეშინოდა და შეცდომებსაც კი ვუშვებდი. შესაძლოა, მაშინ ვერც კი ვაცნობიერებდი იმას, რომ სწორედ ჩემი საკუთარი არჩევანი მიბიძგებდა, გავსულიყავი კომფორტის ზონიდან და ეჭვებსა და გაურკვევლობას ჩემი მიზნის მიღწევაში ხელი არ შეეშალა. საბოლოოდ სწორედ ჩემ მიერ გაკეთებულმა არჩევანმა განსაზღვრა ჩემი კარიერა, ცხოვრება და ის, ვინც ვარ დღეს.
დატოვე კომენტარი