ყაზახეთის პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა $15 მილიარდამდე დაჯდება

ყაზახეთის პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა $15 მილიარდამდე დაჯდება

სააქციო საზოგადოება „ყაზახეთის ატომური ელექტროსადგურების“ ხელმძღვანელის, ტიმურ ჟანტიკინის განცხადებით, ყაზახეთის პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა 15 მილიარდ დოლარამდე დაჯდება.

2021 წლის სექტემბერში ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა გარემოსთვის უსაფრთხო ბირთვული ელექტროსადგურის ასაშენებლად კვლევის დაწყების განკარგულება გასცა. მოგვიანებით, ყაზახეთში ატომური ინდუსტრიის განვითარებაში დახმარების სურვილი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გამოთქვა.

2023 წლის სექტემბერში თოყაევმა განაცხადა, რომ ახალი სადგურის აშენების საკითხი რეფერენდუმის საშუალებით გადაწყდება, თუმცა თარიღი ჯერ უცნობია. მშენებლობა, სავარაუდოდ, 2035 წელს დასრულდება.

ოპოზიცია 1949-1989 წლებში ჩატარებულ კვლევაში ხაზგასმულ გარემოსთვისა და ჯანმრთელობისთვის ნეგატიურ ეფექტებზე ამახვილებს ყურადღებას. მიუხედავად ამისა, მთავრობამ კონსტრუქციისთვის ბალკაშის ტბის ნაპირას მდებარე სოფელი ულკენი აარჩია.

სერვისის მიმწოდებლად რამდენიმე კომპანია განიხილება, მათ შორისაა: China National Nuclear Corporation-ი, Korea Hydro & Nuclear Power-ი,  Électricité de France-ი და რუსული Rosatom-ი.

მსოფლიოს ბირთვული ასოციაციის 2023 წლის აგვისტოს მონაცემებით, ყაზახეთი ურანის რესურსების 12%-ს ფლობს. 2022 წელს ქვეყნის მაღაროებში ყველაზე მეტი ურანი მოიპოვეს – მსოფლიო მიწოდების 43%.

ყაზახეთში ამჟამად 20,500-დან 21,500 ტონამდე ურანს მოიპოვებენ, მიზანი კი ამ მაჩვენებლის 30,000 ტონამდე გაზრდაა 2025 წლისთვის.

2023 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით ყაზახეთმა რუსეთს 1.2 მილიარდი დოლარის ღირებულების ურანი მიაწოდა, ჩინეთს კი – 923 მილიონი დოლარის. აღსანიშნავია, რომ ჩინეთისთვის მიწოდება წლიურად 2.2-ჯერ გაიზარდა.

საქმე ისაა, რომ მიუხედავად დიდი რესურსისა, ყაზახეთში ურანი არ მდიდრდება. გამდიდრებული ურანის ექსპორტით პირველ ადგილზე რუსეთია, რომელიც ამ ქიმიურ ელემენტს ყაზახეთისგანაც იღებს და სხვა ქვეყნებს, მათ შორის, ევროპას აწვდის.