კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ სპეც.მართვის რეჟიმი 2019 წლის 3 მაისს გაუქმდა და კომპანიის მენეჯმენტის გადაბარება ქართულმა ბიზნესჯგუფმა დაიწყო, რომელმაც თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანიის აქციების 100% შეიძინა.
კომპანია რებრენდიგის პროცესს იწყებს, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება, რაც სახელის ცვლილების გარდა გულისხმობს ბრენდის ლოგოს, ფერის და აიდენტიკის სხვა ელემენტების სრულად განახლებას.
გაზგამანაწილებელი კომპანია დედაქალაქის მაცხოვრებლებს „თბილისი ენერჯის“ სახელით მოემსახურება.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს კომპანია WALTBAY LTD, რომელიც საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესჯგუფის – შპს “სი ბი ეს ჯგუფის” ნაწილს წარმოადგენს, შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისის” 100 %-იანი წილის მფლობელი გახდა. კომპანია WALTBAY LTD-ის მიერ ყაზახი ბიზნესმენებისთვის, შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისის” ნასყიდობათვის, წაყენებული წინაპირობა “ყაზტრანსგაზ-თბილისის” სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულებებისგან გათავისუფლება და ყაზახი კრედიტორების მხრიდან “ყაზტრანსგაზ-თბილისისთვის” ნასესხები 347 მილიონ ლარზე მეტი დავალიანების მოთხოვნის უფლების WALTBAY LTD -სათვის დათმობა გახლდათ, რაზეც ყაზახურმა მხარემ თანხმობა განაცხადა.
დატოვე კომენტარი