ხუთი წლის, 278 შოუსა და ხუთმილიონიანი აუდიტორიის შემდეგ, ელტონ ჯონის Farewell Yellow Brick Road-ი ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან მუსიკალურ ტურნედ იქცა. აღნიშნული ტურნეს შემოსავალმა, Billboard-ის მონაცემებით, $817 მილიონს მიაღწია და გახდა პირველი ისტორიაში, რომელმაც $800-მილიონიანი ნიშნული გადალახა.
შედეგად, ელტონ ჯონის Farewell Yellow Brick Road-მა ისეთი მომღერლებისა და ჯგუფების მუსიკალურ ტურნეებს გადაუსწრო, როგორებიც არიან ედ შირენი, U2 და Rolling Stones-ი. მუსიკოსმა თავისი უკანასკნელი საკონცერტო ტურნე, როგორც თავად დააანონსა, 2018 წელს დაიწყო. Farewell Yellow Brick Road-მა 2023 წლის ივლისის ბოლომდე გასამართი 51 ევროპული კონცერტის ჩათვლით, ჯამში 278 შოუ და 5.3 მილიონი გაყიდული ბილეთი მოიცვა.
საინტერესოა, რომ ელტონ ჯონი Boxscore-ის ისტორიაში, ყველა დროის ყველაზე მაღალი კარიერული შემოსავლის მქონე სოლო-შემსრულებელიცაა. Billboard-ის ანგარიშით, 1986 წლის შემდეგ ელტონ ჯონის მიერ გამართული მუსიკალური ტურნეების საერთო შემოსავალმა, 19 მილიონი გაყიდული ბილეთით და 1,573 გამართული შოუთი, $1.863 მილიარდს მიაღწია.
თუმცა აღსანიშნავია, რომ ერთი საკონცერტო ტურნეს განმავლობაში გაყიდული ბილეთების რაოდენობით ლიდერი კვლავ ედ შირენია. მომღერლის Divide-ის ფარგლებში, რეკორდული 8.9 მილიონი ბილეთი გაიყიდა. ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან მუსიკალურ ტურნეებს შორის მოხვდნენ ისეთი ლეგენდარული როკჯგუფების შოუები, როგორიცაა U2, The Rolling Stones-ი და Guns N’ Roses-ი.
საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი მუსიკალური ტურნეების ათეულს შორის არ ვხვდებით არცერთ ქალ სოლო-შემსრულებელს, თუმცა ეს მონაცემები, სავარაუდოდ, წელს შეიცვლება. ამ დრომდე ყველაზე შემოსავლიანი ტურნე, $407 მილიონით, მადონას 2008-2009 წლების Sticky and Sweet-ი გახლდათ, თუმცა წელს მისი რეკორდის გაუმჯობესებას ტეილორ სვიფტის Eras Tour-ი შეეცდება. Billboard-ის შეფასებით, სვიფტის ტურნეს ბილეთების გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა $591 მილიონს მიაღწია, რაც მომღერალს ყველაზე შემოსავლიან ტურნეებს შორის მეოთხე პოზიციას უწინასწარმეტყველებს.
ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი საკონცერტო ტურნეების ათეული ასე გამოიყურება:
- ელტონ ჯონი – Farewell Yellow Brick Road: $817.9 მილიონი (2018-მიმდინარე)
- ედ შირენი – Divide Tour: $776.4 მილიონი (2017-2019)
- U2 – U2 360º: $736.4 მილიონი (2009-2011)
- Guns N’ Roses – Not In This Lifetime…: $584.2 მილიონი (2016-2019)
- The Rolling Stones – A Bigger Bang: $558.3 მილიონი (2005-2007)
- The Rolling Stones – No Filter: $546.5 მილიონი (2017-2021)
- Coldplay – A Head Full Of Dreams: $523 მილიონი (2016-2017)
- როჯერ უოტერსი – The Wall Live: $459 მილიონი (2010-2013)
- AC/DC – Black Ice World: $441 მილიონი (2008-2010)
- Metallica – WorldWired: $416.9 მილიონი (2016-2019)