ათწლეულებია, დონალდ ტრამპი გარიგებების დროს შემდეგი დევიზით ხელმძღვანელობს: “მე ვიგებ, შენ აგებ”. არ არის გასაკვირი, ამ ფილოსოფიას დედამიწის ყველაზე ძლევამოსილი ქვეყნის მმართველობაშიც რომ ნერგავს.
თუ ტრამპმა ერთ დროს მართლაც “სანაგვედ” მოიხსენია თეთრი სახლი, ახლა იმავე აზრზე აღარ არის. დასავლეთ ფრთის პატარა კაბინეტში, სადაც ქაღალდებს ინახავს და საკვებს იმ მაგიდასთან მიირთმევს, რომელსაც “სამუშაო მაგიდას” უწოდებს, პრეზიდენტი თავს არ ზოგავს მის მიერ დაკიდებულ ჭაღსა და ლინკოლნისა და ტედი რუზველტის ზეთის ტილოებზე საუბრისას. გაკრიალებული პირადი სააბაზანოს კარსაც გვიხსნის – სააბაზანოსი, რომელიც მიკრობების ფობიით შეპყრობილი ხელმძღვანელისთვის ზედგამოჭრილია. გარეთაც გავყავართ, კამკამა საცურაო აუზი რომ გვაჩვენოს. ხოლო ახლად გარემონტებულ ოვალურ კაბინეტში, რომლის ფარდებში, ნოხებსა და სხვა საყოფაცხოვრებო დეტალებში ოქროს ფერები ჭარბობს, იმ მე-19 საუკუნეში დამზადებულ სამუშაო მაგიდაზე, Resolute-ზე ავლებს ხელს, რომლიდანაც ჯ.ფ. კენედი კარიბის კრიზისს უმკლავდებოდა, რეიგანი კი ცივ ომს ებრძოდა, და რომლის დეკორაციასაც მხოლოდ ორი ტელეფონი და ერთი დასარეკი ღილაკი წარმოადგენს. “მშვენივრად გამოიყურება”, – ამბობს პრეზიდენტი.
თავისუფლად შეიძლება, იფიქროთ, Trump Tower-ის პენტჰაუზს ან Doral Golf Club-ის წევრობას უწევს რეკლამასო. მართლაც, ოვალურ კაბინეტში მიმდინარე ლამის ერთსაათიანი ინტერვიუს მანძილზე, პრეზიდენტი ტრამპი იმავე “მოქალაქე ტრამპის” ერთგული რჩება, Forbes-ს რომ 35 წელია, ახსოვს.
ტრაბახობს და თან ისე ჰიპერბოლიზებულად, რომ რუზველტის ან თვით ობამას ნებისმიერი შეგირდი უმალ დაუკარგავდა მის სიტყვებს ფასს: “ცხრა თვეში იმაზე მეტი საკანონმდებლო აქტი მივიღე, ვიდრე ნებისმიერმა სხვა პრეზიდენტმა. დაახლოებით 50 კანონპროექტი დავამტკიცეთ. მხოლოდ საპრეზიდენტო დადგენილებებზე არ ვლაპარაკობ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კანონპროექტები მაქვს მხედველობაში”.
კონტრშეტევაზე გადადის. ამ შემთხვევაში, სამიზნე სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონია, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, თავის ბოსს ბრიყვი უწოდა: “ჩემი აზრით, ყალბი ინფორმაციაა, მაგრამ თუ მართლა ასე თქვა, მაშინ ალბათ IQ ტესტების ქულათა შედარება მოგვიწევს. და შემიძლია, გითხრათ, ვინ დარჩება გამარჯვებული”.
და რაც მთავარია, გაყიდვები არ ავიწყდება: “კიდევ ერთი კანონპროექტი მაქვს… ეკონომიკური განვითარების კანონპროექტი, რომელიც, ვფიქრობ, ფანტასტიკური იქნება. ჯერ არავინ იცის ამის შესახებ. პირველად ახლა, თქვენ გაიგებთ. …ეკონომიკური განვითარების წამახალისებლები კომპანიებისთვის. წამახალისებლები კომპანიებისთვის, რათა აქ იყვნენ”. კომპანიები, რომელთაც სამუშაო ადგილები ამერიკაში აქვთ, დაჯილდოვდებიან; ისინი, ვისაც ოპერაციები ქვეყნის გარეთ გააქვს, “მკაცრად დაჯარიმდებიან”. “ნამცხვრისა და მათრახის პოლიტიკაა, – ამბობს პრეზიდენტი. – ეს ახალისებს კომპანიას, რომ აქ დარჩეს. მაგრამ ამაზე მეტსაც შვრება… თუ ქვეყნიდან გახვალ, ძალიან გაგიჭირდება, რომ პროდუქტი კვლავ ჩვენთან გაყიდო”.
მოკლედ, აი, ისიც: პირველი პრეზიდენტი, რომელიც ექსკლუზიურად კერძო სექტორიდანაა და წარმოადგენს პარტიას, რომელიც საუკუნეზე მეტია, მთავრობისგან ჩაურეველ კაპიტალიზმსა და თავისუფალ ვაჭრობას ქომაგობს მაშინ, როცა ტრამპს განუზრახავს, მთავრობამ კომპანიები დასაჯოს და დააჯილდოოს იმისდა მიხედვით, თუ სად აქვთ ქარხნები და ოფისები გახსნილი. ეს იდეა პრეზიდენტს კომფორტს უქმნის?
“დიდ კომფორტს, – გახლავთ მისი პასუხი. – ის, რისი გაკეთებაც მინდა, ორმხრივია. ჩემი აზრით, ეს რეციპროკულობის იდეა ძალიან კარგი იდეაა. ვინმე თუ 50%-ს გვახდევინებს, ჩვენც 50% უნდა გადავახდევინოთ. ამწუთას ისინი ჩვენგან 50%-ს იღებენ, ჩვენ კი მათ არაფერს ვართმევთ. ჩემთან ეს არ გამოუვათ”.
არც არასდროს გამოსვლიათ. დონალდ ტრამპი ბიზნესის შექმნით როდი გამდიდრდა, მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე, “შეგირდის” მეშვეობით, ბრენდის პოპულარიზებას ეწეოდა და მილიონობით ხმა მიიღო იმ ადამიანებისგან, რომლებიც სწორედ ამ გამოცდილებას ესწრაფოდნენ. ნაცვლად ამისა, მისი სიძლიერე ტრანზაქციებშია, კერძოდ, ყიდვა-გაყიდვასა და იმ გარიგებების გაჩარხვაში, რომლებიც მას გამარჯვებით უზრუნველყოფდნენ და სულ ერთი იყო, რა შედეგები დადგებოდა სხვებისთვის. ეს საკვანძო ნიუანსია. ანტრეპრენიორები და ბიზნესმენები ქმნიან და მართავენ ორგანიზაციებს, რომლებშიც ნებისმიერი რაოდენობის დაინტერესებული მხარეა წარმოდგენილი, – მეწილეები, კლიენტები, დაქირავებულები, პარტნიორები, მშობლიური ქალაქები – წარმატება კი, თეორიულად, ამ მხარეთა შორის ნაწილდება. ასე, მაგალითად, სტივ ჯობსისა და ტიმ კუკის პირობებში, Apple-ის დახმარებით, პირველ მეწილეებს თითქმის 400-ჯერ გაუზრდიათ დაბანდებული კაპიტალი, საოპციო ხელშეკრულებით აღჭურვილი ათასობით თანამშრომელი მილიონერად ქცეულა (და გაუბერავს ადგილობრივი საგადასახადო ბაზა), იგივენაირი საოცრებები მომხდარა ტაივანური მომმარაგებლის, Foxconn-ის შემთხვევაში, ხოლო მომხმარებლები იმდენად აღგზნებულები და ბედნიერები ყოფილან, რომ ღამეები უთენებიათ და ასობით დოლარი დაუხარჯავთ იმ პროდუქტებში, რომლებიც ლამის მომდევნო წელს უკვე დრომოჭმული გამხდარა.
გარიგებებში ჩართული ხალხი იშვიათად ესწრაფვის ამგვარ, ყველა ჩართული მხარისთვის სარგებლის მომტან სიტუაციას. იქნება ეს აქციებით ვაჭრობა, ბეისბოლის მოთამაშეთა გაცვლა თუ უძრავი ქონების ნაკვეთის ოპციონის გაყიდვა, გარიგებაში, როგორც წესი, ორი მხარეა ჩართული და პროცესი თითქმის ყოველთვის ერთის უპირატესობით სრულდება (ამდენად, “ორმხრივი სარგებელი” ერთგვარ იშვიათობას წარმოადგენს). “ადამიანი ყველა ცხოველზე ულმობელია, – უთხრა ტრამპმა People-ს 1981 წელს (და ეს ფრაზა Forbes-შიც აღმოჩნდა, როცა მომდევნო წელს ის ჟურნალში პირველად გამოჩნდა). – სიცოცხლე ბრძოლათა სერიაა, ფინალში კი ან გაიმარჯვებ, ან დამარცხდები”. აზროვნების ეს მანერა პრეზიდენტ ტრამპის თანშობილ მახასიათებლად რჩება.
ათწლეულების ყველაზე გასაოცარი არჩევნებიდან თითქმის ერთი წლის თავზე, ექსპერტები კვლავ არ მალავენ, რომ პრეზიდენტი ტრამპი მათში შოკს იწვევს. არადა, არ უნდა იწვევდეს: მისი მსოფლმხედველობა ხომ ერთობ თანამიმდევრულია. ნაცვლად იმისა, შესაძლებლობა გამოეყენებინა და იდეოლოგია პოლიტიკად ექცია, სახელმწიფოს მართვას ის ისევე აღიქვამს, როგორც ბიზნესს – როგორც გარიგებათა უსასრულო სერიას, რომელიც ან უნდა მოიგო, ან წააგო, და სულ ერთია, სად ხდება ეს გარიგება – მოლაპარაკებათა მაგიდასთან თუ საზოგადოებრივი აზრის სამსჯავროზე. თუ მისი მოღვაწეობის პირველ წელიწადს ამ პრიზმაში შევხედვათ, ყველაფერი უფრო გასაგები გახდება. მეტიც, ეს პირველი წელი მიგვანიშნებს, როგორი იქნება მისი მომდევნო სამი – ან შვიდი – წელიწადი.
ჰკითხეთ პრეზიდენტ ტრამპს, თუ ერთობა თავისი ახალი სამსახურით და ის პასუხსაც არ დააყოვნებს: “ვერთობი. სიამოვნებას ვიღებ. ბევრი მიღწევა გვაქვს. საფონდო ბირჟა ყველა დროის საუკეთესო ნიშნულზეა. ბოლო 17 წელიწადში უმუშევრობის დონე ყველაზე დაბალი გვაქვს. ფანტასტიკურ სტატისტიკას ვდებთ”.
ფანტასტიკური სტატისტიკა, ჩვეულებრივ, არაა ის, რითაც ადამიანთა უმეტესობა “გართობას” ზომავს. მაგრამ ტრამპისთვის ყოველთვის ასე იყო და ასე არის. “სხვები არაჩვეულებრივად ხატავენ ტილოებზე ან არაჩვეულებრივ ლექსებს წერენ, – წერდა ის 30 წლის წინ გარიგების ხელოვნებაში. – მე გარიგებები მომწონს, სასურველია – დიდი გარიგებები. ესაა ჩემი სიამოვნების წყარო”.
რიცხვებს ტრამპისთვის ვალიდაციის ფუნქცია აქვს. სწორედ რიცხვები განსაზღვრავს ამა თუ იმ გარიგების გამარჯვებულსა თუ დამარცხებულს და ინდუსტრიის იერარქიას ადგენს. ამიტომაა, რომ ტრამპს – გაცილებით მეტად, ვიდრე იმ დაახლოებით 1,600 ადამიანს, ვინც Forbes 400-ში მოხვედრილა – ბევრი დრო აქვს დახარჯული ლობირებასა და Forbes-ის დარწმუნებაში, რომ უფრო მაღალი ღირებულების შესატყვისი პოზიცია მოეპოვებინა… და ვალიდაციაც, შესაბამისად.
როცა ოვალურ კაბინეტში ვეუბნები, რომ მისი პრეზიდენტობისას ბაზრები 20%-ით მომძალვრდა, ის ათვლის წერტილად უფრო შორეულ დროს იღებს, რიცხვი უფრო ბრჭყვიალა რომ გამოჩნდეს. “არა, 25-ით – არჩევნების შემდეგ. არჩევნებიდან პერიოდი უნდა აიღოთ”.
ეს, რა თქმა უნდა, ინდექსზეა დამოკიდებული (ის მისთვის მოსახერხებელი ინდექსით, ტრამპთან ყველაზე მეტად დამეგობრებული Nasdaq-ით ხელმძღვანელობს), მაგრამ პრეზიდენტი ამგვარი დეტალებით არ იწუხებს თავს. “არჩევნების დღიდან მოყოლებული 25% გახდა. არჩევნების დღიდან $5.2 ტრილიონზე ავიდა. $5.2 ტრილიონზე. ჰილარი კლინტონს რომ გაემარჯვა, ბაზრები მნიშვნელოვან ვარდნას აჩვენებდა”.
არანაკლებ ამაყია მშპ-ით. “გასულ კვარტალში მშპ 3.1% იყო. ხალხის უმეტესობა, ვინც ბიზნესშია ან სულაც სხვა სფეროში, ამბობდა, ამ ნიშნულს კარგა ხანს ვერ მივაღწევთო. მოგეხსენებათ, ობამა ამ მაჩვენებლამდე არასდროს მისულა”.
როცა ვაწვდით ინფორმაციას, რომ მის წინამორბედს ამ ნიშნულისთვის მიუღწევია და თანაც, რამდენჯერმე, ტრამპი უმალ გვეწინააღმდეგება. “წლიურად არასდროს შეუნარჩუნებია. მთელი წლის მანძილზე არც ერთხელ არ შეუნარჩუნებია. რვა წელზე გვაქვს ლაპარაკი. ვფიქრობ, ამ ნიშნულს საგრძნობლად ავცდებით. ჩემი აზრით, ქარიშხლები რომ არა, ეს კვარტალი ფენომენალური იქნებოდა”.
და ამ შტორმებზე რას იტყვის? “ქარიშხლებისთვის ძალიან მაღალი ქულები მივიღე”, – ამბობს ის ორი დღით ადრე, სანამ Twitter-ზე დაწერს, რომ მის პირად დამსახურებაზე საკმარისად არ ლაპარაკობენ. პრეზიდენტის ერთობ გაკრიტიკებული Twitter-ის სტრიმი მას თვითვალიდაციის თანამედროვე ფორმით უზრუნველყოფს. რაც უნდა დაწეროს, ათასობით მოწონებას, გადატვიტვასა და, დროთა განმავლობაში, მილიონობით მიმდევარს იმკის. და მისი ზოგიერთი მიმდევარი თუ ყალბი მომხმარებელია? მერე რა. ტრამპისთვის სიზუსტე არაა მთავარი, მთავარი – დიდი რიცხვებია. Trump Tower-ი უფრო გრძელი რომ გამოჩენილიყო, მან შენობის სართულები დანომრა, შეპყრობილი იყო თავისი ,,შეგირდის” რეიტინგებით და ტყუილი თქვა თავისი პენტჰაუზის კვადრატული ფუტების თაობაზე. ეს ყველაფერი ამ აუხსნელ ფენომენს ხსნის – ვნებას, გადაჭარბებულად შეაფასოს შეკრებილი ხალხის რაოდენობა ან თავს დაესხას შიკრიკს, რომელიც საზოგადოებრივი აზრის კვლევათა არასახარბიელო შედეგებს აცნობს.
ტრამპისთვის რიცხვები იოლად სამართავი იარაღიცაა. ამერიკულ ბიზნესს გულში ჰყავს ჩაკრული დიდი მონაცემები, Moneyball-ის სტილის ანალიტიკა და მანქანური სწავლება, სადაც რიცხვები მოქმედების საუკეთესო კურსს მიგვითითებს. მაგრამ ტრამპი ათწლეულებია, თავის იმით იწონებს, რომ საკუთარ კვლევას (დიდწილად, მეცნიერულად გაუმართავს) თავად ატარებს და მერე, ინსტინქტზე დაყრდნობით, ყიდის ან ყიდულობს. რიცხვები კი ამის შემდეგ გამოიყენება – როგორც მისი ინსტინქტის გასამართლებელი საბუთი.
ქვეყანასაც ზუსტად ასე მეთაურობს და კამპანიის ყველაზე ალოგიკური დაპირებების შესრულებასაც კი ცდილობს – ისეთი რამეების, სხვა პოლიტიკოსები, რეალური პოლიტიკური გადაწყვეტილებების წინაშე აღმოჩენილები, უმალ უკან რომ დაიხევდნენ. მაგრამ ტრამპი უკან არ იხევს, იქნება ეს მექსიკისთვის საზღვრის კედელში ფულის გადახდევინება მაშინ, როცა იმიგრაცია ისტორიულად ყველაზე ქვედა ნიშნულზეა, თუ აშშ-ის გამოყვანა პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან იმ პირობებში, როცა შეთამხმებათა შესრულება ისედაც ნებაყოფლობითია. ტრამპი, ასეთ დროს, თავისი პოზიციის გასამართლებად რაიმე სტატისტიკას იპოვის. როცა არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე ვეკითხებით, აღნიშნავს, რომ მან 306 საარჩევნო ხმა მოიპოვა და ამატებს, რომ დემოკრატებმა “ბოდიში უნდა მოიხადონ, არჩევნებში რომ დამარცხდნენ, რომელიც, თეორიულად, უნდა მოეგოთ”. გაყიდვების ყველაზე დიდი ამერიკელი კაცისათვის (დიახ, პ.ტ. ბარნუმის გათვალისწინებითაც) სტატისტიკას მარკეტინგული ინსტრუმენტის ფუნქცია აქვს.
რიცხვებს ის ბერკეტადაც იყენებს – პარამეტრების დადგენისა და, ბოლოს, გამარჯვების გამოცხადების საშუალებად. ჯერ კიდევ 1984-ში, როცა United States Football League-ის New Jersey Generals-ი იყიდა, გავრცელებული ცნობებით, ფასის შეთავაზების მისეული სტილი ასე განუმარტავს კოლეგა-მფლობელებისთვის: “როცა ვინმეს რაიმეს ვუშენებ, ფასს $50 მილიონს ან $60 მილიონს ვამატებ. ჩემი ხალხი შემოდის და მეუბნება, $75 მილიონი დაჯდებაო. მე ვეუბნები, $125 მილიონი დაჯდება-მეთქი, და $100 მილიონად ვაშენებ. რეალურად, საზიზღრად ვიმუშავე, თუმცა, მათი აზრით, მაგარი საქმე გავაკეთე”.
ტრამპის თანახმად, სწორედ ამ ხრიკით იხსნება ამჟამინდელი შეთავაზება კორპორაციული გადასახადის ტარიფის 20%-მდე შემცირებასთან დაკავშირებით მაშინ, როცა თვეების მანძილზე ამბობდა, უფრო დაბალი, 15%-იანი ტარიფი მინდაო. “15-ს სპეციალურად ვამბობდი, რომ 20 მომეპოვებინა”, ამბობს, და ამატებს: “როგორც იცით, ეს მომდევნო ერთი თვის მოლაპარაკებათა საგანი იქნება. მაგრამ 15 20-ის მოსაპოვებლად მჭირდებოდა”.
როგორც ჩანს, ეს თვისება დიდი ხანია, აღაფრთოვანებს პრეზიდენტებში. ის ჯერ კიდევ 1980-იანებში იხსენებდა, როგორ მიიღო $5–მილიონიანი განკარგულება ჯიმი კარტერისგან საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის აშენების თაობაზე. “ჯიმი კარტერს სითამამეც ეყო, შეუპოვრობაც და ყვერებიც, რაღაც ექსტრაორდინარული რომ ეთხოვა, – წერდა თავის “გარიგების ხელოვნებაში”. – ყველაზე მეტად სწორედ ეს უნარი დაეხმარა მას, პრეზიდენტად აერჩიათ”.
ასეა თუ ისე, ფასის ერთჯერადი შეთავაზება არ კმარა. როცა მოლაპარაკების მაგიდაზე მჯდომი პირი არა პარტნიორი, არამედ მეტოქეა, ტრანზაქციული მსოფლაღქმის თანახმად, საუკეთესო პირობები ფასის რამდენიმე შემთავაზებლის უზრუნველყოფით ხდება. სწორედ ამით იხსნება ტრამპის უეცარი სიმპათია ნენსი პელოსისა და ჩაკ შუმერის მიმართ, იქნება ეს სესხის ლიმიტის გაზრდასთან, “მეოცნებეებისთვის” საიმიგრაციო შეთავაზებებსა (თუნდაც მოკლე დროით) თუ ჯანდაცვასთან დაკავშირებით. “ვფიქრობ, დემოკრატებს გარიგება უნდათ, – ამბობს ტრამპი და Obamacare-ი აქვს მხედველობაში. – ამავე დროს, ვფიქრობ, რესპუბლიკელებთანაც მაქვს გარიგება. ამდენად, ორივე სამყაროდან საუკეთესოს ვიღებ. ეს, გარკვეული აზრით, ბიზნესია. …თუ საჭიროა, მზად ვარ, დემოკრატებთან გარიგება ვაწარმოო”. ამგვარი თამაშის აჩრდილი გადასახადთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებსაც დასთამაშებს. “ყველაფერზე ვილაპარაკებთ. მოგეხსენებათ, უახლოეს მომავალში ძალიან სერიოზული მოლაპარაკებების სერია გაიმართება”.
ცხადია, მათ, ვინც პრეზიდენტს არ ეთანხმება, მისი Twitter-ის მათრახის გამოცდა მოუწევთ. ჰკითხეთ ეს რაიანს (“არაფერს აკეთებს!”), მაკქონელს (“საქმეს დაუბრუნდი”), შუმერს (“მტირალა ჩაკი”), ლინდსი გრემს (“ბრიყვი აპოლოგეტი”), ელიზაბეთ უორენს (“ძალიან რასისტული”), ჯონ მაკქეინს (“სულელი!”) ან დაახლოებით ათას ადამიანს, რომელთაც გასულ წელს ეყოთ სიმამაცე და პრეზიდენტს შეეწინაღმდეგნენ. მართალია, ეს დამცინავი კომენტარები პირად შეურაცხყოფებს ჰგავს, სინამდვილეში, ტრამპისთვის ეს უბრალოდ ბიზნესტაქტიკაა, რასაც უკვე ამდენი წელია, იყენებს. და კვლავ ციტატა ,,გარიგების ხელოვნებიდან”: “სრულებით არ მიჭირს იმის აღიარება, რომ შეჯიბრი მიყვარს და რომ გამარჯვებისთვის, სამართლებრივ ფარგლებში, თითქმის ყველაფერს გავაკეთებ. მეტოქის უსამართლო კრიტიკა ხანდახან გარიგების ნაწილად იქცევა”.
ან საკუთარი გუნდის უსამართლო კრიტიკა. ნებისმიერ შემთხვევაში, ტრამპი ალფა-ძაღლი უნდა იყოს. დელეგირება მისი ძლიერი მხარე არ არის. გაიხსენეთ, რა მოხდა, როცა ტილერსონმა, როგორც ცნობილია, განაახლა ჩრდილო კორეასთან დიალოგი. “დროს კარგავდა”, – ამბობს დღეს ტრამპი. მაგრამ თავისი წამყვანი დიპლომატის ქილიკი ამ დიპლომატს ხომ წარმატებით ანეიტრალებს? “ამით კი არ ვაკნინებ, ამბობს ტრამპი. – პირიქით, ვფიქრობ, ავტორიტეტს ვაძლიერებ”. ძნელი სათქმელია, ვის ავტორიტეტს აძლიერებს, მის საკუთარს თუ არ ჩავთვლით.
დონალდ ტრამპის ორბიტაზე, ცხადია, გარკვეულ ზღვარს არავინ გადადის. ათი წლის წინ დონალდ ტრამპ უმცროსმა Forbes-ს აწ უკვე პრეზიდენტი მამის შესახებ ასეთი რამ უამბო: “5-6 წლის რომ ვიყავი, მამაჩემთან ვაპირებდი მუშაობას. …გარდა იმისა, რომ მეუბნებებოდა, არ დამელია, არ მომეწია და არ ავდევნებოდი ქალებს, სულ მეუბნებოდა, არასდროს არავის ენდოო. მერე შემეკითხებოდა, ვინმეს თუ ვენდებოდი. არა-მეთქი, ვპასუხობდი. მე მენდობიო – მკითხავდა. კი-მეთქი, ვპასუხობდი.
და ასე მეტყოდა: “არა! მეც კი არ უნდა მენდო!”
“შეგირდის” წყალობით, ადამიანების უმეტესობა თვლის, რომ დონალდ ტრამპი დიდ კომპანიას მართავდა. ამ დროს, არა. Trump Organization-ს უძრავი ქონების 22 აქტივი აქვს, თავისი მენეჯმენტ-გუნდებითურთ. ტრამპი თავისი ბრენდის ლიცენზიას ათზე მეტ ორგანიზაციას აძლევს, სანაცვლოდ კი საავტორო ჰონორარებს იღებს. საბოლოო ჯამში, ეს ღირებული კომპანიაა – შთამბეჭდავი უფრო ეფექტიანობის გამო, ვიდრე მასშტაბებისა. ტრამპმა სწორედ ეს ფილოსოფია გამოიყენა – და მარკეტოლოგისა და შოუმენის ბრწყინვალე უნარები – და ისტორიულად ეფექტურ პოლიტიკურ კამპანიას ჩაუდგა სათავეში. “ამაზე არავინ ლაპარაკობს, მაგრამ მე გაცილებით ცოტა ფული დავხარჯე და გავიმარჯვე”, – ამბობს ის და აბსოლუტურად მართალია.
მაგრამ Trump Organization-ის მართვის გამოცდილებას ძალიან, ძალიან ცოტა თუ აქვს საერთო ამერიკის უზენაესი ორგანიზაციის, აშშ-ის მთავრობის მართვასთან. Trump Organization-ში ის, პრაქტიკულად, ყველაფრის ბატონ-პატრონია. იქ არც დირექტორთა საბჭოა, არც გარეშე მეწილეები და არც რეალური სამომხმარებლო ბაზა, უძრავი ქონების ერთჯერად მყიდველებსა და გოლფის კლუბის წევრებს თუ არ ჩავთვლით. ეს საქმე უფრო საოჯახო ოფისის მართვას ჰგავს, ვიდრე Wal-Mart-ის მართვას. პრეზიდენტობის მოსურნე ბობოლებზე თუ მიდგება საქმე, ტრამპი შეგვიძლია, კერძო სექტორის ორ ლიდერს შევადაროთ, რომლებიც წარსულში ყველაზე მეტად მიუახლოვდნენ ოვალურ კაბინეტს. მხედველობაში გვყავს ვენდელ ვილკი, რომელიც ვიდრე 1940-ში რუზველტთან დამარცხდებოდა, გიგანტ საჯარო კომუნალურ ჰოლდინგს თაოსნობდა, და როს პერო, რომლის დონკიხოტური საპრეზიდენტო კამპანია, მესამე პარტიის წარმომადგენლის რანგში, ორ მსხვილ საჯარო კომპანიაზე დაფუძნებულ კარიერაზე იყო აგებული, ამ კომპანიათაგან უფრო აღსანიშნავი კი Electronic Data Systems-ია – გლობალური ფირმა, რომელსაც თავისი დე ფაქტო საგარეო პოლიტიკა ჰქონდა, რისი ნაწილიც გახლდათ ირანის მძევალთა გადარჩენის განთქმული საქმე.
ტრამპსაც აქვს საჯარო კომპანიების მართვის გამოცდილება, მაგრამ მაშინაც კი მხოლოდ ერთი მეწილის ბედი იყო მთავარი. როცა ტრამპი საჯარო ბაზარზე ბრუნვადი Trump Hotels & Casino-ს 40%-ს აკონტროლებდა, მან კომპანია მის პირად მფლობელობაში არსებული $ 500-მილიონიანი კაზინოს შესაძენად გამოიყენა, მიუხედავად იმისა, რომ, ერთი ანალიტიკოსის აზრით, კაზინო 20%-ით ნაკლები ღირდა. ერთხანს Resorts International-ის 10%-ზე მეტს ფლობდა. ამ კომპანიასთან გაჩარხულმა გარიგებამ, სხვა მფლობელთა ხარჯზე, ის მილიონებით აღჭურვა. არც ერთი ეს საქმე კარგად არ დასრულებულა: Trump Hotels-მა თავი გაკოტრებულად გამოაცხადა (პირველად) 2004-ში, Resorts-ი კი რამდენიმე წლის წინ გაკოტრდა მას მერე, რაც ტრამპმა თავისი წილი გაყიდა.
ამერიკის მთავრობის ტახტზე დაჯდომა General Electric-ის ან Microsoft-ის მართვის სადავეების გადაბარებას ჰგავს. უწყვეტობა, როგორც წესი, ამ საქმეში თავისთავად იგულისხმება. წინამორბედთა ღვაწლსა და მიღწევებს პატივი უნდა სცე და მაქსიმალურად კარგად უნდა მართო კომპანია/ქვეყანა, პარალელურად კი ახალი პრიორიტებები დასახო და ახალი პოლიტიკა აკეთო.
მაგრამ აი, ტრამპის ტრანზაქციული მსოფლმხედველობა ვითარებას სხვაგვარად აღიქვამს (ისევე, როგორც მისი მხარდამჭერების ბირთვი, რომლებიც ყველაზე მეტად რადიკალურ ცვლილებებს ელიან). თუ უწინდელი პოლიტიკა ცუდ გარიგებებს გულისხმობდა, ტრამპი ვერავითარ საფუძველს ვერ ხედავს, პატივი სცეს მას, თუნდაც რომ ეს ამერიკის რეპუტაციის ან სტაბილური ამერიკული პოლიტიკის იმიჯის ხარჯზე ხდებოდეს.
ავიღოთ, მაგალითად, Obamacare-ი. “სრული აბდაუბდაა”, – ამბობს ტრამპი. ვერ შეედავები. მაგრამ არა აქვს კი ტრამპს, როგორც ამერიკის აღმასრულებელ დირექტორს, ვალდებულება, კვლავ ამუშაოს ეს წესდება მანამდე, სანამ სხვა ალტერნატივას იპოვის, ნაცვლად იმისა, დაიმუქროს, სადაზღვევო კომპანიებისთვის გადახდებს შევაჩერებ, სარეგისტრაციო პერიოდს შევამცირებ და სარეკლამო ბიუჯეტს შევკვეცო?
“ძლივძლივობით ვაცოცხლებთ, იმიტომ რომ, სულს ღაფავს, – ამბობს ის. – სადაზღვევო კომპანიები გარბიან. ჩემს მოსვლამდეც გარბოდნენ. მაგრამ ასეა თუ ისე, Obamacare-ი ობამას ბრალია. სხვა არავისი”.
მაგრამ მისი ადმინისტრაციის პასუხისმგებლობა არ არის? “არის. მაგრამ მე სულ ვამბობდი, რომ Obamacare-ი ობამას ბრალია. ჩვენი ბრალი ვერასდროს გახდება”.
იგივე მიდგომა იჩენს თავს საგარეო პოლიტიკაშიც. კვლავ და კვლავ. და სულ ერთია, ეს ირანის გარიგებას ეხება, პარიზის კლიმატის შეთანხმებას თუ (განსაკუთრებით) თავისუფალი ვაჭრობის გარიგებებს. არ გრძნობს პრეზიდენტი პასუხისმგებლობას, პატივი სცეს წინა ადმინისტრაციების ხელშეკრულებებს?
პრეზიდენტ ტრამპს სწრაფი პასუხი აქვს: “არა”.
საშიში პრეცედენტია: ამერიკა, სადაც ყოველი მორიგი ადმინისტრაცია, ნაცვლად იმისა, წინამორბედების ხელშეკრულებებს ეფუძნებოდეს, ერთი მეორის გარიგებებს აუქმებს… და ეფექტიანად უთხრის ძირს ნებისმიერი ამერიკელი სახელმწიფო მეთაურის ავტორიტეტს. და ისევ – ტრამპი მხრებს იჩეჩს.
“ვფიქრობ ხოლმე, რომ NAFTA [ჩრდილო ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება] უნდა დასრულდეს, თუ გვინდა, რომ კარგი შედეგები მივიღოთ. სხვაგვარად, დარწმუნებული ვარ, კარგ გარიგებაზე მოლაპარაკება ვერ მოხერხდება. … [Trans-Pacific Partnership-ი] NAFTA-ს მსხვილმასშტაბიანი ვერსია იქნებოდა. ეს კატასროფა იქნებოდა. დიდი პატივია… ვთვლი, რომ დიდი მიღწევაა ამისთვის წერტილის დასმა. და უამრავი ხალხია, ვინც მეთანხმება. მე ორმხრივი გარიგებები მომწონს”.
რა თქმა უნდა, მოსწონს. ტრამპი მთელი ცხოვრებაა, ორმხრივ გარიგებებს აწარმოებს. მაგრამ ორმხრივი გარიგებები უბრალოდ ერთი-ერთზე ვაჭრობებია, რომლებიც საკუთარ თავში მოლაპარაკების პერსპექტივას მოიცავს, მოლაპარაკებისა, რომელიც მოგებულსა და წაგებულს გამოავლენს. ეს ხომ ჩვენი მრავალმხრივი სამყაროსთვის სილის გაწნაა?
“ორმხრივი გარიგებებით ბევრად მეტ საქმეს აკეთებ. და თუ ეს ქვეყანასთან არ გამოვა, ერთი თვე ვადას მისცემ და ან განაახლებ მოლაპარაკებებს, ან არა”.
ტრამპის ორმხრივი სამყარო, ცხადია, გასაგებს ხდის, რატომ მცირდება უცხოეთისთვის გაწეული დახმარება. ამ სამყაროს დიდი მინუსი აქვს. გარიგებებს ქულები მოაქვს, მაგრამ არ ქმნის გრძელვადიან ინვესტიციებს. ტრამპისეული თეთრი სახლიდან გამოსულმა, რთულია, იფიქრო რაღაც ისეთზე, როგორიც მარშალის გეგმა იყო, რომელიც 60-ზე მეტი წელი მშვიდობისა და კეთილდღეობის საფუძველად იქცა. ტრამპი ამჯერადაც მხრებს იჩეჩს.
“ჩემთვის პირველ ადგილას ამერიკაა. ამას იმდენი ხანია, ვაკეთებთ, რომ $20-ტრილიონიან ვალში ვართ”.
ტრამპი სხვა მხრივაც Trump Organization-ის მსგავსად აპირებს ქვეყნის მართვას. ბევრი იყო იმაზე ლაპარაკი, თუ როგორ ნელა წარმოადგინა საკვანძო თანამდებობებზე კანდიდატები. სახელწმიფო დეპარტამენტში, მაგალითად, ნახევარზე მეტი პოზიციებისთვის გვარები საერთოდ ვერ დაასახელა. ეს შემთხვევითობა როდია.
“ზოგადად, არ ვაპირებ ბევრი შეხვედრა დავნიშნო, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე… იმიტომ რომ, არ არის საჭირო, – ამბობს ის. – უყურებ ზოგიერთ უწყებას და ხედავ, როგორი სოლიდურები არიან. სრულიად ზედმეტია. ასობით ათასი ადამიანი ჰყავთ”.
ჰოდა, აბა, კაცი, რომელსაც ბოსი, რეალურად, არასდროს ჰყოლია, როგორ გრძნობს დღეს 300 მილიონი ბოსის ხელში თავს? ფაქტს აღიარებს, მაგრამ შემდეგ იდეალური, თანამიმდევრული ტრამპის პასუხს იძლევა: “ამას არა აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ, მე სწორ რამეს ვაკეთებ”.
დატოვე კომენტარი