ყველაფერი მშენებლობისთვის

ყველაფერი მშენებლობისთვის

2003 წელს ქართულ ბიზნესსექტორში ახალი კომპანია გამოჩნდა, ამბიციით, მოიპოვოს სამშენებლო სექტორის უპირობო ნდობა და იქცეს ინდუსტრიის წამყვან მოთამაშედ. სამშენებლო მასალების მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანია GRC-ის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ჯანყარაშვილი Forbes-თან კომპანიის ინოვაციის 20-წლიან ისტორიას აჯამებს.

ბა­ტო­ნო ლე­ვან, და­ვიწყოთ თა­ვი­დან. რო­გორ და­ფუძნ­და GRC და რა არის ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი შე­დე­გე­ბი, რასაც კომ­პა­ნი­ის ოც­წ­ლი­ა­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა აერ­თი­ა­ნებს?

ჩვენ დეკემბერში საქართველოს სამშენებლო სექტორში ტრანსფორმაციული განვითარების ორ ათწლეულს აღვნიშნავთ. 2003 წელს GRC ახალბედა მოთამაშიდან მალევე იქცა ინდუსტრიის წამყვან კომპანიად, რომელიც, ვფიქრობ, სექტორში სტრატეგიული გაფართოების, ინოვაციებისა და მდგრადობის საუკეთესო მაგალითია.

2003 წელს კომპანიამ ოპერირება ბაზარზე გადახურვისა და ჰიდროსაიზოლაციო მასალების შეთავაზებით დაიწყო. მცირე ზომის იმპორტიორიდან ოც წელიწადში კომპანია სტაბილურ და ლიკვიდურ კორპორაციად ჩამოყალიბდა, რომელიც 400-მდე ადამიანს ასაქმებს და გარდა იმპორტისა, თავადაც აწარმოებს რამდენიმე ხაზის სამშენებლო მასალებს და ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი მიმწოდებელია.

2006-2008 წლებში GRC-სთან ფინანსური დირექტორის სტატუსით ვთანამშრომლობდი. 13 წლის შემდეგ აქ აღმასრულებელი დირექტორის როლში დავბრუნდი და სრულიად ახალი მასშტაბებისა და ამბიციების კომპანია დამხვდა. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ სრულფასოვნად ვპასუხობთ ბრენდის დაპირებას – აქ ყველაფერია მშენებლობისთვის.

ვი­სა­უბ­როთ იმ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებ­სა და ნა­ბი­ჯებზეც, რა­მაც GRC-ის ზრდა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან­წი­ლად განსაზღ­ვ­რა…

2006 წელს კომპანია გაფართოვდა სამშენებლო ქიმიის მიმართულებით და გახდა BASF-ის ბრენდის ექსკლუზიური პარტნიორი, ამჟამად – Sika ბრენდის პარტნიორი. 2009 წელს კომპანიამ შეიძინა ფინური მეტალოკრამიტის დანადგარი და დაიწყო სახურავის ხაზის წარმოება, რითაც არა მხოლოდ გააფართოვა თავისი პორტფელი, არამედ შეცვალა წარმოების ხარისხი და სტანდარტი საქართველოში. მიზანმიმართული გაფართოების შემადგენელი ნაწილი იყო პროფილირებული ფენილის დანადგარის შეძენა და ე.წ. „პროფნასტილის“ ტიპის სახურავის წარმოება. მკითხველისთვის შესაძლოა ეს ნაბიჯები ცოტათი ბუნდოვანი იყოს, თუმცა ინდუსტრიის მოთამაშეები დამეთანხმებიან, რომ ეს სექტორისთვის მაშინ ინოვაციური და დროული გადაწყვეტილებები იყო.

2012 წლიდან GRC ფართოვდება გეოგრაფიულადაც – ბათუმში იხსნება ჩვენი პირველი რეგიონული ფილიალი. რამდენიმე წელიწადში ჩვენი ბრენდი მრავალფუნქციური ფილიალით ჩნდება ქუთაისშიც.

გეოგრაფიული ექსპანსიის პარალელურად, კომპანიის გუნდი აქტიურად მუშაობდა წარმოების მიმართულების გაფართოებაზეც. 2013 წელს თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე აშენდა GRC-ის სახურავების ახალი ქარხანა. 2014 წელს საწარმოო ხაზს დაემატა თაბაშირმუყაოს პროფილებიც. 2015 წელს სახელმწიფოს მხარდაჭერით რუსთავში გაიხსნა ჩვენი კიდევ ერთი ახალი საწარმო, სადაც ხანძარმედეგ ქვაბამბის სენდვიჩპანელებს ვაწარმოებთ. 2019 წელს სწორედ „ჯი არ სი“ იყო პირველი, ვინც ამიერკავკასიაში სტრუქტურული რკინის წარმოება დაიწყო. პანდემიის პერიოდშივე დავიწყეთ პრემიუმ-კატეგორიის, ორმხრივად შეღებილი თუნუქისგან დამზადებული Rainline-ის წყალსაწრეტი სისტემების წარმოება.

დამეთანხმებით, მოკლე ვადაში ამ შედეგის მიღწევას მკაფიო სტრატეგიული ხედვა და ძლიერი გუნდის მხარდაჭერა სჭირდება. დარწმუნებული ვარ, რომ GRC-ის ისტორია მესამე ათწლეულში უფრო მნიშვნელოვან მიღწევებს გააერთიანებს.

დღეს რო­გორ პო­ზი­ცი­ო­ნი­რებთ ბა­ზარ­ზე?

დღეს GRC საქართველოს სამშენებლო ბიზნესის ბაზარზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტით გამოირჩევა.

პირველი და უმთავრესი – ინოვაცია და ხარისხზე ფოკუსირებაა, ამ მიმართულებით ინდუსტრიაში ჩვენი რეპუტაცია საკმაოდ მყარია. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის არჩევანი, რასაც ბაზრის სხვადასხვა სეგმენტს პროდუქციის ასორტიმენტის თვალსაზრისით ვთავაზობთ.

ჩვენს რეპუტაციაზე დადებითი გავლენა აქვს საერთაშორისო სტრატეგიულ პარტნიორობებს. GRC საქართველოში ოფიციალურად წარმოადგენს ისეთ გლობალურ ბრენდებს, როგორიცაა Sika, Samsung-ი, Dongbu, SSAB-ი და სხვა.

ამავდროულად, 20 წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება გვეხმარება, მდგრადობის ტენდენციებს შევესაბამებოდეთ, იქნება ეს ენერგოეფექტიანობის, ეკომეგობრულობის თუ სხვა ასპექტები.

გადაჭარბებული არ იქნება, თუკი ვიტყვით, რომ GRC-ის პოზიციონირებაზე ყველაზე დიდ გავლენას თავად მომხმარებლები ახდენენ. მოხარულები ვართ, რომ გვყავს ლოიალური მომხმარებლების დიდი ჯგუფი, რომელიც GRC-ის პროდუქციის მრავალფეროვნების, ინოვაციების, სტრატეგიული პარტნიორობის, მდგრადობისა და ხარისხისადმი ერთგულებას ოცი წელია, ინარჩუნებს.

ბა­ტო­ნო ლე­ვან, GRC-ს უკ­ვე 14 წე­ლი­ა, სა­კუ­თა­რი წარ­მო­ე­ბაც აქვს. რო­გორ ნა­წილ­დე­ბა თქვე­ნი საქმი­ა­ნო­ბის მო­ცუ­ლო­ბა იმ­პორ­ტ­სა და ად­გი­ლობ­რივ წარ­მო­ე­ბას შო­რის?

მიმდინარე წელს ადგილობრივად წარმოებული პროდუქციისა და იმპორტული პროდუქციის რეალიზაციის თანაფარდობა თითქმის თანაბარია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ GRC კომპანია “ჯეოსტილის” მიერ საქართველოში წარმოებული არმატურის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრეიდერია. შესაბამისად, კომპანიის რეალიზაციის ძირითადი წილი სა­ქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე მოდის.

რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა თქვე­ნი პორ­ტ­ფე­ლი დღეს?

ჩვენი კლიენტების პორტფელი კორპორაციულ, ინფრასტრუქტურულ, საბითუმო და საცალო სეგმენტებადაა დაყოფილი. GRC-ის პორტფელი ათასობით მომხმარებელს აერთიანებს. ამ პორტფელშივეა მოქცეული როგორც საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები, ასევე წარმატებული ადგილობრივი კომპანიები.

რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს საწარმოო და სარეალიზაციო საქმიანობას, მნიშვნელოვნად არის გაფართოებული როგორც ჩვენი პროდუქციის ხელმისაწვდომობა, ისე თავად წარმოების ხაზი. GRC საწყობებითა და შოურუმებით წარმოდგენილია რამდენიმე რეგიონში. აქ საცალო და საბითუმო მომხმარებლები 11 მიმართულების 4000-ზე მეტ უნიკალურ ნომენკლატურულ ერთეულს იპოვიან. კორპორაციულ და ინფრასტრუქტურულ კლიენტებს ჩვენი კომერციის გუნდი ემსახურება.

აქ აუცილებლად უნდა გაესვას ხაზი იმ მნიშვნელოვან ინვესტიციას, რომელიც GRC-ს არა მხოლოდ კომპანიის, არამედ სექტორის ინტელექტუალურ განვითარებაში აქვს ჩადებული. კომპანია 2000-იანი წლებიდან იღებს ლოკალიზებულ გადაწყვეტილებებს და ქმნის სახელმძღვანელო პრინციპებს. უწყვეტ რეჟიმში ჩამოგვქონდა ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა ქვეყანაში. დღესაც ამ მიდგომებით ვმუშაობთ – ბიზნესის განვითარებისა და კომერციის მენეჯერების უშუალო ჩართულობით ხდება ინოვაციური და მდგრადი მიდგომების ლოკალიზება, გაიდლაინების შემუშავება, ვავითარებთ სათანადო ქართულ ტერმინო­ლოგიას და ა.შ.

სწორედ ამ ყველაფრის ერთობლიობას ეფუძნება ჩვენი კომპანიის მრავალფეროვანი პორტფელი.

უწყ­ვე­ტი გან­ვი­თა­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, კომ­პა­ნიას რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კრი­ზი­სის პი­რო­ბებში მო­უ­წია საქ­მი­ა­ნო­ბა. რა ძი­რი­თა­დი გა­მოწ­ვე­ვე­ბი გხვდე­ბო­დათ და რო­გორ არ­თ­მევ­დით თავს ამო­ცანებს?

სამშენებლო სექტორში კომპანიის წარმატება დიდწილად მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზეა დამოკიდებული. ჩვენ გავიარეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიზისი – 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისი, COVID-19-ის პანდემიის პერიოდი; 2008 წელს საქართველოში და მიმდინარედ რეგიონში განვითარებული საომარი მოქმედებები. ყველა ეს ფაქტორი კრიტიკულ გავლენას ახდენს ბიზნესის სტაბილურობაზე.

მნიშვნელოვანია, რომ GRC-იმ ყველა ეს გამოწვევა თანამშრომლებისთვის, მომხმარებლებისა და მომწოდებლებისთვის გაცემული დაპირებების სრულად შესრულებით დაძლია.

ჩვენი მთავარი მიზანი – კომპანიის ზრდა და განვითარებაა, თუმცა გარე ფაქტორები კორელაციაშია ჩვენი მიზნების მიღწევადობასთან. აღსანიშნავია, რომ ჩვენი საქმიანობა საკმაოდ კაპიტალინტენსიურია.

ამ ეტაპზე გვაქვს მოლოდინი, რომ ქვეყანაში ეკონომიკის სტაბილური ზრდა შენარჩუნდება. პოზიტიურ მოლოდინს აძლიერებს სხვადასხვა მონაცემიც: იქნება ეს მშენებლობის ნებართვების გაზრდილი რაოდენობა თუ იმპორტირებული და წარმოებული საქონლის რიცხვითი მაჩვენებლების ტრენდი, რომელიც ბაზრის წილის ზრდაზე მიანიშნებს.

რაც შეეხება თავად კომპანიას, GRC საკმაოდ სტაბილური კომპანიაა, მათ შორის ლიკვიდურობის თვალსაზრისითაც. ჩვენი კაპიტალის სტრუქტურის ძირითადი წილი კომპანიაში დაგროვილი გაუნაწილებელი მოგებიდანაა დაფინანსებული. ამავდროულად, საჭიროების შემთხვევაში, გვაქვს შესაძლებლობა, ავითვისოთ სხვადასხვა ფინანსური რესურსი, იქნება ეს ლოკალური თუ საერთაშორისო ბანკებიდან. ჩვენი ფინანსური შედეგები ინვესტორებისა და საფინანსო ინსტიტუციებისთვის საკმაოდ მიმზიდველ პარტნიორად გვაქცევს.

რამ­დენ თა­ნამ­შ­რო­მელს ასაქ­მებს GRC დღეს?

ამჟამად კომპანიაში 400-მდე პროფესიონალია დასაქმებული. 220 თანამშრომელი საოპერაციო მიმართულებით მუშაობს, 100 თანამშრომელია კომერციის გუნდში, 60 – ადმინისტრაციაში, 20-მდე კი ლოგისტიკაში. ამავდროულად, ვთანამშრომლობთ ათასობით ინდივიდუალურ კონტრაქტორთან, აუტსორსზე გვემსახურება სხვადასხვა ზომისა და მიმართულების კომპანიებიც.

კომპანიის გუნდი დაკომპლექტებულია ისეთი პროფესიონალებით, რომლებიც გამოირჩევიან როგორც ფორმალური განათლების ხარისხით, ისე ათწლეულების პრაქტიკული გამოცდილებით. სწორედ ეს სინთეზი ქმნის GRC-ის კონკურენტულ უპირატესობას საოპერაციო საქმიანობაში.

რო­გორ და­ა­ხა­სი­ა­თებ­დით მარ­თ­ვის თქვე­ნე­ულ სტილს?

პირველ რიგში ვიტყვი, რომ მართვის სტილზე, რომლითაც მე ვხელმძღვანელობ, ძალიან დიდი გავლენა აქვს თავად კომპანიის ფილოსოფიასა და ღირებულებებს. GRC ადამიანური კაპიტალის განვითარებას დაფუძნების დღიდან გრძელვადიან პერსპექტივაში უყურებს, შესაბამისად, ტრანსფორმაციული ლიდერობა კომპანიის მართვის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია.

GRC-ში წახალისებულია ლიდერობა, გუნდური მუშაობა. დიდი რესურსია მიმართული თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებზე, რომელთა მთავარი ფოკუსიც საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება და გუნდში ინოვაციების წახალისებაა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის ექსპერტიზაც, რომელსაც ჩვენი გუნდის წევრები სამშენებლო სექტორის სხვადასხვა მიმართულებაზე ფლობენ.

სწორედ ამგვარი კომპლექსური ხედვისა და საერთაშორისოდ სერტიფიცირებული ცოდნის მქონე თანამშრომლების ერთობლიობა გვაქცევს ისეთ კომპანიად, რომელსაც ქვეყნის საიმიჯო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში ენდობიან.

რაც შეეხება უშუალოდ ჩემს, როგორც აღმასრულებელი დირექტორის, როლს, ვიტყოდი, რომ ჩემი უმთავრესი ამოცანაა, გუნდს წარვუდგინო GRC-ის ზრდის მკაფიო და გრძელვადიანი ხედვა, რომელიც მდგრადობასა და სტრატეგიულ გაფართოებაზეა ფოკუსირებული. ჩემი მიზანია, თანაგუნდელები გრძნობდნენ, რომ მათი წვლილი და როლი კომპანიის განვითარებაში დაფასებულია.

მნიშვნელოვანი იქნება, წარმატებით გავართვა თავი მუდმივად და სწრაფად ცვალებადი ბაზრის მოთხოვნებს, პროდუქციისა და მომსახურების მაღალი სტანდარტების დაცვით შევინარჩუნო და გავაფართოო ის ნდობა და კმაყოფილება, რასაც GRC დღეს მომხმარებლებისგან იღებს. დარწმუნებული ვარ, რომ კომპანიის დიდ გუნდთან ერთად ყველა ამ ამოცანას წარმატებით შევასრულებ.

რო­გორ უზ­რუნ­ველ­ყოფთ ხა­რისხს GRC-ში?

ხარისხის კონტროლი ჩვენთან ორ მიმართულებას აერ­თიანებს: ხარისხის კონტროლი წარმოებისა და დასაწყობების მიმართულებით და მომხმარებელთა ხარისხიანი პროდუქტით უზრუნველყოფა. პირველ შემთხვევაში, GRC-ში ვხელმძღვანელობთ ხარისხის საერთო კონტროლის კონცეფციით (Total Quality Control), რა დროსაც სრული საოპერაციო პროცესის თითოეული ეტაპი იდენტიფიცირებულია და 100%-ით ფარავს ჩვენ მიერ წარმოებული თუ იმპორტული პროდუქციის მოთხოვნებთან შესაბამისობის ასპექტებს. ხოლო მომხმარებელთა კმაყოფილების ნაწილში, შესაბამისი მეთოდოლოგიის დახმარებით, მუდმივ ჭრილში ხდება კლიენტების კმაყოფილების დონის შერჩევითი შეფასება. აღნიშნულ პროცესებში პერიოდულად ჩართულები არიან დაქირავებული საკონსულტაციო ფირმებიც.

რაც შეეხება თავად ხარისხის უზრუნველყოფის მიზნებს, ჩვენი მთავარი ამოცანაა, სამშენებლო მასალების ინდუსტრიაში არსებული სტანდარტები და რეგულაციები სრულად შესრულდეს. ამ მიზნით განხორციელებულ აქტივობებს შორის არის პროდუქციის რეგულარული ტესტირება სპეციფიკაციებთან მიმართებით; მომწოდებლების მიერ მასალების პერმანენტული შეფასება; ხარისხის ტესტებისა და მაკორექტირებელი ქმედებების დეტალური დოკუმენტირება და ა.შ.

ამავდროულად, აქტიურად ვმუშაობთ შესაბამისი სერტიფიკატების ძიების მიმართულებით, წარმოება გადის პერიოდულ აუდიტს ხარისხის შესაბამისობის დასადასტურებლად.

სწორედ ეს მიდგომები უზრუნველყოფს GRC-ის სამშენებლო მასალებისა და მომსახურების მაღალი სტანდარტების დაცვას.

რას გეგ­მავს GRC უახ­ლო­ეს წლებ­ში, რა არის ძი­რითა­დი სა­მიზ­ნე ნიშ­ნუ­ლე­ბი?

ძირითადი ფოკუსი უახლოეს წლებში წარმოებისა და პროდუქციის ხაზის გაფართოება იქნება. სტრატეგიული ამოცანაა, მოწინავე და მდგრადი სამშენებლო მასალების წამყვანი მიმწოდებელი ვიყოთ რეგიონში. ამისთვის კი აუცილებელი იქნება წარმოების უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა GRC-ში. ჩვენი სამოქმედო გეგმის მნიშვნელოვანი ასპექტი იქნება კომპანიის ციფრული ტრანსფორმაციაც.

გვაქვს ამბიცია, კიდევ უფრო გავფართოვდეთ გეოგრაფიულად – ამ შემთხვევაში ვგულისხმობ როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ექსპორტის მიმართულებით განვითარებას. შესაბამისად, დიდი აქცენტი იქნება საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორობების გაფართოებასა და გაძლიერებაზე.

რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას, ჩვენ გვინდა, მაქსიმალურად დავუახლოვდეთ ევროკავშირის სტანდარტებსა და მოთხოვნებს, რათა კომპანია მზად იყოს იმ პერსპექტივისთვის, რომელსაც კანდიდატის სტატუსთან ერთად ვიღებთ.

S

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *