მალე საქართველოს პირველ არხზე „შარქ თენქ საქართველო“ დაიწყება. სატელევიზიო რეალითი შოუს გენერალური პარტნიორი საქართველოს ბანკია.
SONY Pictures-ის Shark Tank ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეალითი შოუა, რომელმაც 5 კონტინენტი მოიცვა. ის უკვე 12 სეზონია მაყურებლების ერთ-ერთ ფავორიტ გადაცემად რჩება. 4 ემის მფლობელი შოუ კი საქართველოში პირველად გაიმართება. შოუს მიზანია, საინტერესო, გამორჩეული, ეკონომიკური პოტენციალის მქონე ბიზნესების დაფინანსება.
შოუს ქართულ პრემიერამდე კი წარმოგიდგენთ ყველა იმ დეტალს, რაც რეალითი შოუს შესახებ უნდა ვიცოდეთ.
Shark Tank ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეალითი შოუა აშშ-ში, რომელიც უკვე 12 სეზონია ახერხებს მაყურებლისა და ანტრეპრენერების დაინტერესებას. შოუს მთავარი გმირი 5 საზოგადოებისთვის ცნობილი ინვესტორია, რომელიც Pitch-ის მოსმენის შემდეგ ანტრეპრენერს საკუთარ შეთავაზებას უკეთებს. თავდაპირველად პროექტის მონაწილე აღწერს საკუთარ ბიზნესს და ასახელებს სასურველ თანხას, შემდეგ კი იწყება შოუს ყველაზე საინტერესო ნაწილი – მოლაპარაკება, რომელიც ცოცხალი პროცესია და კომპანიის ბედი, ფაქტობრივად წამებში წყდება.
2009 წლიდან დღემდე შოუ ყველანაირ მოლოდინს აჭარბებს, რასაც რიცხვებიც ადასტურებენ. 222 ეპიზოდი, 895 Pitch, 499 წარმატებული შეთანხმება (55%) და $143.8 მილიონი დოლარის ინვესტიცია. 12 სეზონის განმავლობაში დაფინანსებული კომპანიების ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია კი უკვე $1 მილიარდს აჭარბებს.
რაც ყველაზე მთავარია, შოუს არ გააჩნია კონკრეტული ჩარჩოები ან მიმართულებები. მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიუხედავად მისი სქესის, ასაკის თუ პროფესიისა.
როგორც The Hustle-ის მიერ დამუშავებული მონაცემებიდან ირკვევა, 1 გარიგების საშუალო ღირებულება $286,000-ს შეადგენს, რასაც მონაწილეები საკუთარი კომპანიის დაახლოებით, 27%-ის გაყიდვით იღებენ. როგორც მონაცემებიდან ვიგებთ, კვების (20%) და მოდის (19%) ინდუსტრია ყველაზე პოპულარული მიმართულებებია, რაოდენობრივად ყველაზე მეტი გარიგება კი Dallas Mavericks-ის მფლობელმა, მილიარდერმა მარკ კუბანმა დადო (151 გარიგება 12 სეზონში).
უფრო კონკრეტულად რომ მივყვეთ ინდუსტრიებს, მათი პროპორცია შემდეგნაირად გამოიყურება:
- კვების ინდუსტრია (20%)
- მოდა (19%)
- სახლის ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები (16%)
- განათლება (10%)
- ფიტნესი (10%)
- ტექნოლოგიური კომპანიები (7%)
- ცხოველები (6%)
- ჯანდაცვა (4%)
- მედია (3%)
- სხვა (6%).
Shark Tank-მა ასობით მცირე თუ საშუალო ბიზნესს მოტივაცია მისცა გაფართოებულიყო და საკუთარი პროდუქტი თუ სერვისი, უფრო ფართო აუდიტორიისთვის შეეთავაზებინა.
საინტერესოა, რომ რეალითი შოუმ ინვესტორების ქცევაზეც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. The Hustle-ის ანალიტიკიდან ირკვევა, რომ დროის გასვლასთან ერთად ინვესტორები 26%-ით უფრო მეტ გარიგებას დებენ, რაც მონაწილეების ხარისხის გაუმჯობესებასაც უკავშირდება.
შოუს პირველ 3 სეზონში ინვესტორები შედარებით ფრთხილი და მათთვის გაცილებით უფრო მომგებიანი გარიგებებით გამოირჩეოდნენ, თუმცა დროის გასვლასთან ერთად იმატა ე.წ Deal-ის ღირებულებამ და იკლო კომპანიის გაყიდული წილის პროცენტულმა მაჩვენებელმა.
მიუხედავად იმისა, რომ საშუალოდ ინვესტორები $286,000 ღირებულების გარიგებას დებდნენ, ჯამში 12 სეზონის განმავლობაში 22 – $1 მლნ+ შეთანხმება შედგა. ყველაზე დიდი თანხა კი Aircar-ის დამფუძნებლებმა მიიღეს – $5 მლნ.
შეჯამებისთვის, Shark Tank-ს არამხოლოდ ფინანსური, სატელევიზიო რეიტინგის მაჩვენებლებიც საკმაოდ შთამბეჭდავი აქვს, რადგან მისი ერთ-ერთი ბოლო ეპიზოდი 4.4 მილიონმა ადამიანმა ნახა.
დატოვე კომენტარი