შრი-ლანკა, 22 მილიონი ადამიანით დასახლებული კუნძულოვანი ქვეყანა, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის წინაშე დგას. მსგავსი ტიპის ეკონომიკური კრიზისი ქვეყანას 1948 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობის შემდგომ არ ახსოვს. იმ პერიოდში მაღალმა ინფლაციამ სამხრეთ აზიის სახელმწიფოში ძირითად საქონელზე ფასების არნახული ზრდა გამოიწვია. თუმცა ამჟამად სიტუაცია უფრო მძიმეა. მომიტინგეები საპროტესტო აქციებს არ წყვეტენ, ხოლო მინისტრები დაკავებულ თანამდებობებს ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ. კვირების განმავლობაში მოსახლეობაში დაგროვებული ბრაზი ბოლო პერიოდში ძალადობრივ პროტესტშიც გადაიზარდა, ხოლო სამთავრობო რიგებში არეულობამ იმატა.
რამ გამოიწვია შრი-ლანკის ეკონომიკური კრიზისი?
ექსპერტების განცხადებით, კრიზისი წლების განმავლობაში მწიფდებოდა, რასაც ერთგვარი უიღბლობა და მთავრობის არასწორი მენეჯმენტი განაპირობებდა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში შრი-ლანკის მთავრობამ, საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, უცხოელი კრედიტორებისგან დიდი რაოდენობით თანხა ისესხა.
მთავრობის მხრიდან სესხის აღებას ეკონომიკაზე გავლენის მომხდენი სხვა ფაქტორები დაერთო. მათ შორის იყო როგორც ბუნებრივი (ძლიერი მუსონები), ასევე ადამიანების მიერ გამოწვეული კატასტროფები, ამას დაემატა ხელისუფლების მხრიდან ქიმიურ სასუქებზე აკრძალვის დაწესება, რის შედეგადაც ფერმერების მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურდა.
შრი-ლანკისთვის შემდგომი წლებიც საკმაოდ რთული გამოდგა. 2018 წელს პრეზიდენტის მიერ პრემიერ-მინისტრის გადაყენებამ კონსტიტუციური კრიზისი გამოიწვია. მომდევნო წელს ქვეყნის მასშტაბით ეკლესიებსა და სასტუმროებში აფეთქებები განხორციელდა, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ტერორისტულ აქტებზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. 2020 წელს კი მსოფლიოში კოვიდ-19-ის პანდემია დაიწყო, რამაც მძიმე ეკონომიკური გავლენა, რა თქმა უნდა, შრი-ლანკაზეც იქონია.
მასობრივი დეფიციტის პირობებში, ქვეყნის პრეზიდენტმა გოტაბაი რაჯაპაქსამ ეკონომიკის სტიმულირებისთვის გადასახადების შემცირება გადაწყვიტა, თუმცა ეკონომიკის სტიმულირების გეგმამ საპირისპირო შედეგი გამოიღო. მთავრობის შემოსავალმა მნიშვნელოვანი დარტყმა განიცადა, სარეიტინგო სააგენტოებმა შრი-ლანკა დეფოლტის დონემდე დაიყვანეს და ქვეყანამ საზღვარგარეთის ბაზრებზე წვდომა დაკარგა.
მთავრობას სახელმწიფო ვალის დასაფარავად სავალუტო რეზერვების დათმობა მოუწია. შედეგად, შრი-ლანკის რეზერვები 2018 წელს არსებული $6.9 მილიარდიდან, მიმდინარე წლის მონაცემებით, $2.2 მილიარდამდე შემცირდა. ამან იმოქმედა საწვავისა და სხვა ძირითადი საქონლის იმპორტზე და ფასების ზრდა გამოიწვია.
მიმდინარე წლის რვა მარტს მთავრობამ ამერიკულ დოლართან მიმართებით შრილანკური რუპიის დევალვაცია მოახდინა და მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმზე გადავიდა. შედეგად, მისი ფასის განსაზღვრა სავალუტო ბაზრების მოთხოვნისა და მიწოდების შესაბამისად განისაზღვრებოდა. როგორც ჩანს, მთავრობის მხრიდან სახელმწიფო ვალუტის დევალვაციას ორი მიზანი ჰქონდა: საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან (IMF) სესხის მიღება და ფულადი გზავნილების წახალისება. თუმცა დოლართან მიმართებით რუპიის დაცემამ შრილანკელებისთვის ცხოვრება ბევრად გაართულა.
შრი-ლანკის მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრება უკვე საჭირო საკვების მისაღებად რიგებში დგომას გულისხმობს. გასულ კვირებში დაიხურა მაღაზიებიც. მომხმარებელთა შესაკავებლად ბენზინგასამართ სადგურებზე ჯარისკაცები არიან მობილიზებულნი, ამას ერთვის ელექტროენერგიის ხშირი გათიშვაც, რომელიც ხანდახან საათობითაც კი გრძელდება.
როგორ მიმდინარეობს საპროტესტო აქციები?
მომიტინგეები, რომლებიც მთავრობას მოქმედებისა და პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებდნენ, კოლომბოში მარტის ბოლოს გამოჩნდნენ. 31 მარტს აქციები ძალადობრივ პროტესტში გადაიზარდა, დემონსტრანტებმა პრეზიდენტის კერძო რეზიდენციის მიმდებარედ აგურის სროლა დაიწყეს და ცეცხლი გააჩინეს. აქციის მონაწილეები წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის საშუალებით დაშალეს, რის შემდგომ ქვეყანაში 36-საათიანი კომენდანტის საათი ამოქმედდა.
პრეზიდენტმა რაჯაპაქსამ პირველ აპრილს ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. პოლიციას, ორდერის გარეშე, ადამიანთა დაკავების უფლება მიენიჭა, დაიბლოკა სოციალური მედიაპლატფორმები. მეორე დღესვე კომენდანტის საათის გასაპროტესტებელი აქციები გაიმართა, პოლიციამ ასობით დემონსტრანტი დააკავა.
დემონსტრაციები მშვიდად მიმდინარეობდა, თუმცა ხუთშაბათს სტუდენტებმა ალყა შემოარტყეს პრეზიდენტის რეზიდენციას და მისი გადადგომა მოითხოვეს. საგანგებო მდგომარეობა 5 აპრილს გაუქმდა.
რა ხდება და რას აცხადებენ მთავრობაში?
უმაღლესი მინისტრების მასობრივი გადადგომის გამო, მთავრობის მთელი კაბინეტი 3 აპრილს, ფაქტობრივად, ჩამოიშალა. მინისტრთა კაბინეტიდან თანამდებობა დატოვა 26-მა პირმა, მათ შორის – პრეზიდენტის ძმისშვილმა, გადადგა ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელიც.
პრეზიდენტმა რამდენიმე სამთავრობო ცვლილების განხორციელება სცადა. ოთხი მინისტრი, მათ შორის ფინანსთა მინისტრი, მთავრობის დროებით მმართველად დანიშნა. „სრული კაბინეტის დანიშვნამდე“, მთავრობის ფუნქციონირების შესანარჩუნებლად რამდენიმე სხვა პირს ახალი თანამდებობებიც გადასცა. თუმცა რამდენიმე დღეში ფინანსთა მინისტრი ახალი თანამდებობიდან გადადგა და აღნიშნა, რომ მთავრობის მართვის ვალდებულება მხოლოდ „ბევრი მოთხოვნის“ გამო აიღო, სიტუაციის გაცნობიერების შემდგომ კი მალევე პოსტის დატოვება გადაწყვიტა.
შრი-ლანკის სახალხო ფრონტის კოალიციამ (მმართველი კოალიცია), რამდენიმე პარტიის დამოუკიდებელ ჯგუფებად გასვლის შემდგომ 41 ადგილი დაკარგა. შედეგად, კოალიცია პარლამენტში მხოლოდ 104 მანდატით დარჩა და უმრავლესობა ვერ შეინარჩუნა.
4 აპრილს პრეზიდენტმა რაჯაპაქსამ განცხადება გამოაქვეყნა და მხარეებს, მოქალაქეებისა და მომავალი თაობისთვის, ერთად მუშაობისკენ მოუწოდა. განცხადების თანახმად, მიმდინარე კრიზისი რამდენიმე ეკონომიკური ფაქტორისა და გლობალური განვითარების შედეგია, შრი-ლანკა კი აზიის ერთ-ერთი წამყვანი დემოკრატიული ქვეყანაა და სიტუაციის ნორმალიზებაც დემოკრატიულ ჩარჩოებში უნდა მოხდეს. გასულ თვეში, მოსახლეობისადმი მიმართვაში, რაჯაპაქსამ აღნიშნა, რომ „ეს კრიზისი მის მიერ შექმნილი არაა“.
როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?
შრი-ლანკა ამჟამად ფინანსურ დახმარებას საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან (IMF) ელის და მხარდაჭერისთვის რეგიონულ ძალებსაც მიმართავს. პრეზიდენტის განცხადებით, IMF-თან მუშაობის დადებითი და უარყოფითი მხარეების შედარების შემდგომ, მან ფონდისთვის მიმართვა გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ მის მთავრობას ეს არ სურდა.
შრი-ლანკამ დახმარებისთვის ჩინეთსა და ინდოეთსაც მიმართა. მარტში ნიუ-დელიმ უკვე გასცა $1 მილიარდის საკრედიტო მოცულობა, თუმცა ანალიტიკოსთა ნაწილი თვლის, რომ ეს დახმარება შესაძლოა, პირიქით, კრიზისის გახანგრძლივების გამომწვევიც კი გახდეს.
ქვეყნის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, ეროვნული სამომხმარებლო ფასების ინფლაცია თითქმის გასამმაგდა, სექტემბრის 6.2%-დან თებერვალში 17.5%-მდე გაიზარდა. შრი-ლანკამ წლის დასრულებამდე $4 მილიარდის ვალი უნდა დაფაროს, მათ შორის $1 მილიარდის საერთაშორისო სუვერენული ობლიგაციებია, რომელთა დაფარვის ვადაც ქვეყანას ივლისამდე აქვს.
არსებულმა სიტუაციამ და შრი-ლანკის ოფიციალურმა პასუხმა საერთაშორისო დამკვირვებლების შეშფოთებაც გამოიწვია. 5 აპრილს, გაეროში გამართულ ბრიფინგზე, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისიის წარმომადგენელმა, ლიზ თროსელმა განაცხადა, რომ მთავრობის მიერ კომენდანტის საათის დაწესებით, სოციალური მედიის აკრძალვითა და აქციების დაშლით, შესაძლოა, ქვეყანაში ადამიანთა უფლებების მასობრივად დაირღვეს. ამასთან, მან განაცხადა, რომ გაერო განაგრძობს შრი-ლანკაში მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებას.
მთავარი ფოტო: REUTERS/Dinuka Liyanawatte
დატოვე კომენტარი