უკანასკნელი მონაცემებით, სახელმწიფოებმა COVID-19-ის ვაქცინის 8.6 მილიარდი დოზის შესყიდვაზე გააფორმეს კონტრაქტები მწარმოებლებთან. ცნობისთვის, ვაქცინების წარმოების პოტენციალი 2021 წლისთვის მხოლოდ 12 მილიარდი დოზაა. აღნიშნული ინფორმაცია დუკის გლობალური ჯანმრთელობის ინოვაციების ცენტრმა (Duke Global Health Innovation Center, USA) გაავრცელა. ამასთან, მათივე ცნობით, თუკი ამ რაოდენობის ვაქცინის წარმოება იქნება მიღწეული და მისი ეფექტიანი გავრცელება მოხერხდება, მსოფლიო ე.წ. „ჯოგურ იმუნიტეტს“ 2021 წელსვე მიაღწევს.
აღმოჩნდა, რომ კორონავირუსის ვაქცინების ნახევარზე მეტი მდიდარმა ქვეყნებმა შეიძინეს, ყველაზე პოპულარული კი ასტრაზენეკას მიერ წარმოებული ვაქცინაა.
2021 წლის აპრილის მონაცემებით, ვაქცინების ყველაზე დიდი რაოდენობა შემდეგ ქვეყნებს და გაერთიანებებს აქვთ დარეზერვებული:
- ევროკომისია (ევროკავშირის 27 ქვეყანა) – 1.8 მილიარდი დოზა
- აშშ – 1.2 მილიარდი დოზა
- აფრიკის კავშირი – 680 მილიონი დოზა
- დიდი ბრიტანეთი – 457 მილიონი დოზა
- ბრაზილია – 370 მილიონი დოზა.
ყველაზე მეტი შეკვეთა ვაქცინებზე კი შემდეგმა მწარმოებლებმა მიიღეს:
- AstraZeneca – 4 მილიარდი დოზის შეკვეთა
- Pfizer/BioNTech – 6 მილიარდი დოზის შეკვეთა
- Janssen – 1 მილიარდი დოზის შეკვეთა
- Moderna – 803 მილიონი დოზის შეკვეთა
- Sinovac – 480 მილიონი დოზის შეკვეთა
- Novavax – 419 მილიონი დოზის შეკვეთა
- Sputnik V – 304 მილიონი დოზის შეკვეთა
Duke GHIC-ის კვლევით ირკვევა, რომ დარეზერვებული ვაქცინების უმრავლესობა, 53% მაღალი შემოსავლების ქვეყნებზე მოდის, 17% საშუალოზე მაღალი შემოსავლების ქვეყნებზე, ხოლო 16% საშუალოზე დაბალი შემოსავლების ქვეყნებზე. დანარჩენი კი გაეროს COVAX პლატფორმის საშუალებით ნაწილდება. ცნობისთვის, მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით, მაღალი შემოსავლების ქვეყნებში მშპ ერთ სულ მოსახლეზე $12,500-ზე მეტია. ასეთი ქვეყნებია აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, ჰონკონგი და ა.შ. საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებად კი მიიჩნევიან სახელმწიფოები, სადაც მშპ ერთ სულ მოსახლეზე $4000-ზე მეტი და $12,500-ზე ნაკლებია. ასეთი ქვეყნების რიგებში ვხვდებით ჩინეთს, ბრაზილიას, რუსეთს, ბელარუსს. ამ კატეგორიაში გვხვდება საქართველოც (2020 წელს, წინასწარი შეფასებით, მშპ ერთ სულ მოსახლეზე $4,275 იყო).
Duke GHIC-ის ცნობით, ზოგიერთმა ქვეყანამ იმაზე მეტი ვაქცინა შეიძინა, ვიდრე სინამდვილეში სჭირდებოდა – ამ ქვეყნების რიგებში ვხვდებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, დიდ ბრიტანეთსა და კანადას. მაგალითისთვის, ევროკავშირმა 375 მილიონი მოქალაქის ასაცრელად 1.8 მილიარდი დოზა დაარეზერვა.
ვაქცინების არათანაბარი განაწილების ფონზე, კვლავ პრობლემად რჩება ვაქცინაციის ტემპები. Bloomberg-ის ცნობით, ამ დროისთვის მსოფლიოს 151 ქვეყანაში ვაქცინის 685 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული და დღეში საშუალოდ 16.5 მილიონი ადამიანი იცრება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა კი რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ შეშფოთებულია ევროკავშირში ვაქცინაციის ნელი ტემპით – გაერთიანებაში შემავალი ქვეყნების მოსახლეობის მხოლოდ 12.6-მა პროცენტმა მიიღო ვაქცინის სულ მცირე 1 დოზა. ვაქცინაციის დაბალი ტემპი არც საქართველოსთვის არის უცხო – 5 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში მხოლოდ 11,603 ადამიანი იყო აცრილი, დღიური საშუალო რაოდენობა კი მხოლოდ 1,000 ადამიანია. ამ მხრივ მსოფლიოში ისრაელი (მოსახლეობის 60.9%), დიდი ბრიტანეთი (46.4%), ჩილე (36.3%) და აშშ (31.8%) ლიდერობენ.
სტატიის დასაწყისში ვახსენეთ, რომ მსოფლიო „ჯოგური იმუნიტეტს“, პროცესების ეფექტურად მართვის შემთხვევაში, 2021 წლის ბოლოსთვის მიაღწევდა. თუმცა, ვაქცინის წარმოების ტემპების, მისი არათანაბარი გადანაწილების, ვაქცინაციის ტემპებისა და მიწოდების ჯაჭვებში არსებული პრობლემების ფონზე, ამ შედეგის მიღწევა მიმდინარე წლისთვის დიდი ალბათობით ვერ მოხერხდება.