Visual Capitalist-მა იმ ძვირად ღირებული გარიგებების რეიტინგი შეადგინა, რომლებიც სპორტული გუნდების ყიდვა-გაყიდვის კუთხით ამ დრომდე გაფორმებულა. უნდა აღინიშნოს, რომ პროფესიონალურ სპორტში გუნდების შეფასება განსაკუთრებით სწრაფი ტემპით ბოლო წლებში იზრდება.
ამ მხრივ საყურადღებოა ნაციონალური საფეხბურთო ლიგის (NFL) გუნდი, Washington Commanders-ი, რომლის გაყიდვასთან დაკავშირებით გარიგება უკვე შეთანხმებულია. ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულება 6.05 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ შესყიდვის პროცესის საბოლოოდ დასრულების შემდეგ, ეს სპორტულ გუნდში ოდესმე გადახდილი ყველაზე დიდი თანხა იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ გარიგება ბოლომდე მიყვანილი არ არის, Visual Capitalist-მა ყველაზე ძვირად გაყიდული სპორტული გუნდების რეიტინგში Washington Commanders-ი მაინც შეიყვანა. შედეგად, ეს უკანასკნელი ჩამონათვალში პირველ ადგილს დაეუფლა. თუმცა გასათვალისწინებელია გარიგების ბოლო ეტაპზე ჩაშლის რისკიც. მით უფრო, რომ გავრცელდა ინფორმაცია, გუნდისთვის $7- მილიარდიანი შეთავაზების კვლავ თამაშში ყოფნასთან დაკავშირებით.
დენ სნაიდერი, Washington Commanders-ის ამჟამინდელი მფლობელი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია, რომელიც ბიზნესით სპორტთანაა დაკავშირებული. მან გუნდი 1999 წელს 800 მილიონ აშშ დოლარად იყიდა და, თუ $6.1-მილიარდიანი გარიგება წარმატებით დასრულდება, სნაიდერის მოგება 650%-ზე მეტი იქნება.
Visual Capitalist-ის რეიტინგში მეორე ადგილს ინგლისის პრემიერ-ლიგის კლუბი, „ჩელსი“ იკავებს, რომელიც გასულ წელს $5.3 მილიარდად გაიყიდა. ის ამერიკელმა ბიზნესმენმა, ტოდ ბოელიმ პარტნიორებთან ერთად შეიძინა. ბოელის კონსორციუმში მის გარდა ბეისბოლის გუნდ LA Dodgers-ის თანამფლობელი მარკ უოლტერი, შვეიცარიელი მილიარდერი ჰანსიორგ ვისი და საინვესტიციო ფირმა Clearlake Capital-ი ერთიანდებიან.
„ჩელსის“ ყოფილი მფლობელი რუსი ოლიგარქი, რომან აბრამოვიჩია, რომელმაც კლუბის გაყიდვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო საერთაშორისო საზოგადოებამ ოკუპანტი ქვეყნისთვის სანქციების დაწესება დაიწყო. მალევე დიდი ბრიტანეთის მთავრობამ შვიდ რუს ოლიგარქს, მათ შორის რომან აბრამოვიჩს ვლადიმირ პუტინის რეჟიმთან კავშირის გამო ქვეყანაში ყველა აქტივი გაუყინა. შედეგად, „ჩელსის“ მფლობელს კლუბის გაყიდვის უფლება ჩამოართვეს. „ჩელსის“ გაყიდვაზე პასუხისმგებლობა ბრიტანეთის მთავრობამ აიღო, პროცესის გაკონტროლება კი Raine Group-ს დაევალა.
არ არის გამორიცხული, რომ მიმდინარე წელს ეს რეიტინგი მნიშვნელოვნად შეიცვალოს. მაგალითად, Visual Capitalist-ის თქმით, NFL-ის გუნდების, Dallas Cowboys-ის ან Los Angeles Rams-ის გაყიდვის შემთხვევაში, შესაძლოა რომელიმე მათგანმა Washington Commanders-ს სიის ლიდერობა ჩამოართვას და რეიტინგის სათავეში მოექცეს.
ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს „ჩელსის“ კონკურენტები, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ლივერპული“. „იუნაიტედის“ მფლობელმა გლეიზერების ოჯახმა გასულ წელს კლუბის გაყიდვა გადაწყვიტა. გლეიზერებს მის სანაცვლოდ 5-დან 6 მილიარდ გირვანქა სტერლინგამდე ($6.3-დან $7.6 მილიარდამდე) თანხის მიღების იმედი აქვთ.
Visual Capitalist-ის მიხედვით, გთავაზობთ ყველაზე ძვირად გაყიდული სპორტული გუნდების ათეულს:
1 🏈 Washington Commanders – $6.1 მილიარდი (გაყიდვის წელი: 2023)
2 ⚽ Chelsea Football Club – $5.3 მილიარდი (2022 წელი)
3 🏈 Denver Broncos – $4.7 მილიარდი (2022 წელი)
4 🏀 Phoenix Suns – $4.0 მილიარდი (2023 წელი)
5 🏀 Milwaukee Bucks – $3.5 მილიარდი (2023 წელი)
6 ⚾ New York Mets – $2.4 მილიარდი (2020 წელი)
7 🏀 Brooklyn Nets – $2.4 მილიარდი (2019 წელი)
8 🏈 Carolina Panthers – $2.2 მილიარდი (2018 წელი)
9 🏀 Houston Rockets – $2.2 მილიარდი (2017 წელი)
10 ⚾ Los Angeles Dodgers – $2 მილიარდი (2012 წელი)