ამერიკული გამოცემა Forbes-ის დათვლებით, 2021 წელს, Christie’s-ის Sotheby’s-ისა და Phillips-ის აუქციონებზე გაყიდული ხელოვნების ნიმუშების ჯამურმა ღირებულებამ 15 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი არა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ წელს პანდემიურ პერიოდთან შედარებით უფრო დიდი შედეგი დაფიქსირდა, არამედ ის პანდემიამდელ მონაცემებსაც მნიშვნელოვნად აჭარბებს. შეგახსენებთ, რომ 2018 წელს აღნიშნულ სამ უდიდეს აუქციონზე ჯამურად 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ხელოვნების ნიმუშები გაიყიდა.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ გაყიდვების ამგვარი მატების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ახალი ინდუსტრია, NFT ანუ არაჩანაცვლებადი ტოკენი გახლავთ. NFT-ები 2021 წელს განსაკუთრებით პოპულარული გახდა და მისით ბევრი მდიდარი ახალგაზრდა დაინტერესდა.
ყველაზე მეტი რაოდენობის შემოსავალი Sotheby’s-ის აუქციონმა მიიღო. მან თავისი არსებობის 277 წლის განმავლობაში რეკორდული თანხის ხელოვნების ნიმუშები გაყიდა. „სოტბის“ აუქციონზე გაყიდული ნიმუშების საერთო ღირებულებამ 2021 წელს 7.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. საინტერესოა, რომ ახალი მომხმარებლების წილმა წელს 44% შეადგინა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
წარმოგიდგენთ 2021 წელს სამ მთავარ აუქციონზე გაყიდულ რამდენიმე ყველაზე ძვირად ღირებულ ნიმუშს:
- აუქციონი Christie’s-ი, პაბლო პიკასო, „ფანჯარასთან მჯდომი ქალი“, 103,4 მილიონი აშშ დოლარი.
- აუქციონი Sotheby’s-ი, ბოტიჩელი, „ახალგაზრდა მამაკაცის პორტრეტი, რომელსაც ხელში მედალიონი უჭირავს“, 5 მილიონი აშშ დოლარი
- აუქციონი Phillips-ი, ფრენსის ბეკონი, „პაპი ბუებთან ერთად“, 33 მილიონი აშშ დოლარი
- აუქციონი Sotheby’s-ი, ბენქსი, „სიყვარული ნაგვის ყუთში“, შრედერში გატარების შემდეგ ნახევრად დაზიანებული ხელოვნების ნიმუში, 25.4 მილიონი აშშ დოლარი
- Christie’s-ის აუქციონი, ამერიკელი ხელოვანი მეტსახელით Beeple, “პირველი ხუთი ათასი დღე“, NFT, რომელიც 69 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა