აზია მდიდრებისთვის კვლავ ყველაზე ძვირი რეგიონია. ამის შესახებ საუბარია ახალ ანგარიშში, რომელიც შვეიცარიულმა საბანკო ორგანიზაცია Julius Baer-მა მოამზადა. დოკუმენტით ირკვევა, რომ პანდემიის მიუხედავად, აზიაში მაღალი ფასები მაინც შენარჩუნდა. ამიტომაც ამ რეგიონის ქვეყნები ადამიანებისთვის, რომელთა აქტივები $1 მილიონს სცდება, კვლავ ძვირადღირებული დარჩა.
Julius Baer-ის ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს მდიდრებისთვის ყველაზე ძვირადღირებული ქალაქების რეიტინგი შემდეგნაირად გამოიყურება:
- შანხაი
- ტოკიო
- ჰონკონგი
- მონაკო
- ტაიპეი
- ციურიხი
- პარიზი
- ლონდონი
- სინგაპური
- ნიუ-იორკი
- ბანგკოკი
- დუბაი
- მილანი
- სიდნეი
- ბარსელონა
- მანილა
- ფრანკფურტი
- მოსკოვი
- მაიამი
- ჯაკარტა
- სან-პაულუ
- მუმბაი
- მეხიკო
- ვანკუვერი
- იოჰანესბურგი.
გასულ წელს პირველ ადგილს ჰონკონგი იკავებდა, წელს კი აღნიშნულმა ქალაქმა, როგორც ვხედავთ, რეიტინგში მესამე ადგილას გადაინაცვლა. სამაგიეროდ, დაწინაურდა შანხაი და პირველი ადგილი მოიპოვა. ტოკიოს კი სტაბილურად მეორე პოზიცია უკავია. მონაკო და ტაიპეი წელს ხუთეულს ასრულებენ.
რეიტინგი ზემოთ ჩამოთვლილ 25 ქალაქში ძვირად ღირებული ნივთების ფასების მიხედვით შედგა. წელს პროდუქციის ჩამონათვალში ფასის ძირითადი ცვლილება რამდენიმეზე აისახა. ამასთან, პანდემიის პერიოდში ისეთი პროდუქტები და სერვისები, როგორიცაა საქორწილო ბანკეტები, პერსონალური ტრენერები, ბოტოქსი და ფორტეპიანოები ჩანაცვლდა ველოსიპედებით, ჯანმრთელობის დაზღვევით, ტექნოლოგიებით – მაგალითად, ლეპტოპით და სმარტფონებით.
„გლობალური ლოქდაუნის პერიოდში მდიდრებს შორის ტექნოლოგიები და სარბენი ბილიკები უფრო მოთხოვნადი გახდა, მაშინ როდესაც მაგალითად ქალის ფეხსაცმლის ფასი შემცირდა“, – აღნიშნულია ანგარიშში.
საერთო ჯამში, ძვირად ღირებული პროდუქტები, რომელთა ფასი პანდემიის დროს ყველაზე მეტად შემცირდა, არის ქალის ფეხსაცმელი (-11.7%), სასტუმრო სერვისები (-9.3%), და ღვინო (-5.3%). ხოლო ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა ბიზნესკლასის ავიაბილეთებზე (11.4%), ვისკიზე (9.9%) და საათებზე (6.6%).
ანალიტიკოსები ელოდებიან, რომ აზია მსოფლიოში მდიდრებისთვის ყველაზე ძვირად ღირებული რეგიონის სტატუსს მომდევნო წლების განმავლობაშიც შეინარჩუნებს, ვინაიდან ეკონომიკური ზრდა ამ რეგიონში კვლავ მყარია.
„ინდოეთის ეკონომიკური ზრდის დონე მოიმატებს. ეს ქვეყანა კიდევ უფრო ძვირად ღირებული გახდება“, – აღნიშნა Julius Baer-ში აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის მკვლევარმა, მარკ მათეუსმა.
ჩინეთი კი მსოფლიოში ძვირად ღირებული პროდუქტების ბაზრის სტატუსს შეინარჩუნებს. 2025 წლისთვის მოსალოდნელია, რომ ჩინეთი ძვირად ღირებული პროდუქციის ბაზრის 47-49%-ს დაიკავებს, მაშინ როდესაც აშშ-ის წილი 16-18% იქნება, ხოლო ევროპის – 12-14%.
დატოვე კომენტარი