მართალია, პანდემიის გამო ადამიანები ბევრს ვერ მოგზაურობდნენ, თუმცა სამოგზაურო ადგილების ონლაინ მოძებნაში ამას მათთვის ხელი არ შეუშლია.
ტურისტული კომპანია Unforgettable Travel-ის (დაუვიწყარი მოგზაურობა), დაკვეთით ჩატარდა კვლევა, რომლის ფარგლებშიც შეირჩა მსოფლიოს 135 ყველაზე პოპულარული დანიშნულების ადგილი. შემდეგ კი ციფრული მარკეტინგის საშუალებებით დადგინდა, თუ რამდენ ადამიანს სურდა ამ ადგილების მონახულება.
კვლევის შედეგების დასადგენად, ანალიტიკოსებმა ძებნის მონაცემები 2020 წლის მაისიდან 2021 წლის მაისამდე ინტერვალში აიღეს. კვლევამ ცხადყო, რომ ყველაზე ხშირად მოძიებული ღირსშესანიშნაობა მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობის, ბურჯ-ხალიფას, მონახულება გახლდათ. როგორც ტურისტულ კომპანიაში აცხადებენ, მათთვის ეს შედეგი მოულოდნელი აღმოჩნდა.
კიდევ ერთი სიურპრიზი სიაში ევერესტის დალაშქვრის სურვილია. იგი სიაში მესამე ადგილს იკავებს და მას ყოველთვიურად 9000 ინტერნეტმომხმარებელი ნახულობს საძიებო სისტემებში. კვლევის შედეგების მიხედვით 10 საუკეთესო ადგილი გამოიკვეთა. რეიტინგი კი ასე გამოიყურება:
- ბურჯ-ხალიფას მონახულება დუბაიში – ყოველთვიურად 10 000 ძებნა
- თავისუფლების ქანდაკების ირგვლივ გაცურვა – ყოველთვიურად 9 300 ძებნა
- ევერესტის მთის დალაშქვრა ნეპალში – ყოველთვიურად 9 000 ძებნა
- ნილოსში კრუიზი – ყოველთვიურად 7 900 ძებნა
- ეიფელის კოშკის კენწეროზე ასვლა – ყოველთვიურად 7 900 ძებნა
- ლას-ვეგასში მოგზაურობა – ყოველთვიურად 7 400 ძებნა
- სან-ფრანცისკოს ოქროს კარიბჭის ხიდის გადაკვეთა – ყოველთვიურად 7 400 ძებნა
- Empire State Building-დან ნიუ-იორკის ხედის დანახვა – ყოველთვიურად 6 500 ძებნა
- ლუვრის მონახულება პარიზში – ყოველთვიურად 6 400 ძებნა
- რომის კოლიზეუმის მონახულება – ყოველთვიურად 6 400 ძებნა