ტურიზმი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია. 2018 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულთა რაოდენობამ 71,574 ადამიანი შეადგინა, რაც 4,353 ადამიანით (6.5%) მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. ტურიზმის ინდუსტრიაში შრომის ბაზრის კვლევა ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით ჩატარდა და ამისთვის 1000 საწარმო გამოიკითხა.
ინდუსტრიაში დასაქმებულთა განაწილება ეკონომიკურ საქმიანობათა მიხედვით შემდეგია:
- საკვებით მომსახურება – 26 645 (37%)
- ტრანსპორტი – 23 165 (32%)
- განთავსების საშუალებები – 18 235 (26%)
- ტურისტული მომსახურება – 3528 (5%)
გამოკითხული საწარმოების 7%-ს ჰყავს უცხო ქვეყნის მოქალაქეები დასაქმებული, ჯამში 1,661 ადამიანი. მათგან 72% (1189 ადამიანი) დასაქმებულია თბილისში, ხოლო 28% (472 ადამიანი) საქართველოს სხვა დანარჩენ რეგიონებში. აღსანიშნავია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების 60% მენეჯერულ პოზიციებს იკავებენ.
ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე მაღალი ანაზღაურება მენეჯერულ პოზიციაზეა და ის საშუალოდ 1525 ლარს შეადგენს, ყველაზე დაბალი ანაზღაურება კი სწრაფი კერძების მომამზადებლების შემთხვევაში ფიქსირდება – 340 ლარი. ამასთან, საშუალო ანაზრაურება განსხვავდება თბილისისა და საქართველოს სხვა რეგიონების შემთხვევაში.
დასაქმებულთა საშუალო ხელფასები შემდეგნაირად ნაწილდება:
რაც შეეხება სექტორში მოთხოვნად პროფესიებს, კვლევის მიხედვით, 2017 წლის 1 სექტემბრიდან 2018 წლის 1 სექტემბრამდე მდგომარეობით, 884 (11%) საწარმოს ჰქონდა გამოცხადებული 4,449 ვაკანსია. არსებული ვაკანსიების 58% მცირე ზომის საწარმოებზე მოდის, ხოლო 18% და 24%, შესაბამისად, მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებზე ნაწილდება.
ვაკანსიები შემდეგნაირად ნაწილდება:
- საკვებით მომსახურება – 48%
- განთავსების საშუალებები – 33%
- ტრანსპორტი – 14%
- ტურისტული მომსახურება – 5%
ყველაზე მეტი ვაკანსია გამოცხადებული იყო შემდეგ პროფესიულ ჯგუფებზე: მომსახურებისა და გაყიდვების სფეროში დასაქმებული პირები – 58,9%; დამწყები კვალიფიკაციის მქონე მუშახელი – 16,5%; ოფისის დამხმარე პერსონალი – 12%; მენეჯერები – 6,7%.
მენეჯერულ პოზიციებზე არსებულ ვაკანსიებზე შეთავაზებული საშუალო ხელფასის სიდიდით სასტუმროს მენეჯერები უპირატესობენ 1333 ლარიანი ანაზღაურებით, მას მოსდევს რესტორნის მენეჯერები 661 ლარით და მომსახურების მენეჯერები 600 ლარით.
ყველაზე პრობლემატურად დასახელდა შემდეგი პროფესიული ჯგუფების ვაკანსიების შევსება: მზარეულები, მიმტანები და გიდები. ასევე პრობლემები დაფიქსირდა სასტუმროების, საცალო ვაჭრობისა და სხვა მომსახურებების მენეჯერების პოზიციებზე ვაკანტური პოზიციების შევსების მხრივ. ვაკანტური პოზიციების შეუვსებლობის მიზეზთაგან ყველაზე ხშირად დასახელდა აპლიკანტთა არაკვალიფიციურობა, გამოცდილების ნაკლებობა და ასევე, აპლიკანტთა მხრიდან უფრო მაღალი ანაზღაურების მოლოდინი.
ტურისტული მომსახურების სააგენტოები ახალი კადრების მოსაძიებლად ყველაზე მეტად იყენებენ ინტერნეტსა (45%) და კერძო დასაქმების სააგენტოებს (28%); საკვები მომსახურების ობიექტები – პირად ნაცნობებსა (47%) და ინტერნეტს (16%); განთავსების საშუალებები – ინტერნეტსა (32%) და პირად ნაცნობებს (23%), ასევე დასაქმების კერძო სააგენტოებს (22%); ტრანსპორტი – ინტერნეტსა (37%) და პირად ნაცნობებს (36%).
აპლიკანტთა შეფასების ძირითად მეთოდს გასაუბრება (52%) და სამუშაო გარემოში გამოცდა (26%) წარმოადგენს, ხოლო საწარმოთა 12% იყენებს ტესტირებას.
კვლევამ აჩვენა, რომ საწარმოები არც თუ ისე აქტიურად მიმართავენ ზომებს ვაკანსიის შევსებასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად, ხოლო ვინც მიმართავს უფრო მეტად ააქტიურებენ ძიების პროცესს (28.8%), დროებით ქირაობენ მუშახელს (25.6%) ან ასრულებინებენ დასაქმებულს ზეგანაკვეთურ სამუშაოს (23.4%).
კვლევის მიხედვით კომპანიების 4% (317 კომპანია) აპირებს მუშახელის რაოდენობის გაზრდას და მათგან ყველაზე მეტი 37% (118 კომპანია) საკვების მომსახურების სფეროს წარმოადგენს.
დატოვე კომენტარი