2021 წელი Facebook-ისთვის ცვლილებების მხრივ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. კომპანია, ახლა უკვე როგორც Meta, ხელახლა დაიბადა და სახელი, 2005 წელს, პრეფიქს “The”-ის ჩამოშორების შემდგომ, პირველად შეიცვალა. ასევე დაიწყო ახალი მიმართულებით განვითარებაც და ყურადღება მეტავერსის, ციფრული სამყაროს შექმნაზე გადაიტანა. ამ ყველაფერთან ერთად კი რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება კომპანიის ხელმძღვანელობაშიც განხორციელდა.
გასულ წელს ტალანტების გადინებამ თითქმის მთელი კომპანია მოიცვა – Novi კრიპტოვალუტის განყოფილებით დაწყებული, Facebook-ის პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილებით დამთავრებული. საბოლოო ჯამში, ორგანიზაცია რამდენიმე მნიშვნელოვანმა კადრმა დატოვა, მათ შორის დებორა ლიუმ, Facebook Marketplace-ის ხელმძღვანელმა, რომელიც Ancestry.com-ის აღმასრულებელი დირექტორი გახდა.
მარტში თანამდებობის დატოვების შესახებ Facebook-ის შემოსავლების მთავარმა ოფიცერმა, დევიდ ფიშერმაც განაცხადა. ფიშერი კომპანიის სარეკლამო ბიზნესის ხელმძღვანელი და გლობალური გაყიდვების ორგანიზაციის მმართველი იყო. ფიშერმა ორგანიზაცია მას შემდეგ დატოვა, რაც Apple-ის iOs-ში კონფიდენციალურობის ცვლილებებმა, Facebook-ისთვის პერსონალიზებული რეკლამის მიწოდება უფრო მეტად გაართულა. როგორც ივნისში გახდა ცნობილი, ფიშერის ჩამნაცვლებლად გლობალური პარტნიორობის ვიცე-პრეზიდენტი და Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორის, შერილ სენდბერგის ახლო მეგობარი, მარნ ლევინი დაინიშნა. ლევინის დაწინაურებიდან მცირე ხანში კი კომპანიას კიდევ ერთი კადრი, გლობალური ბიზნესჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი კაროლინ ევერსონი გამოაკლდა, რომელმაც Facebook-ში ათი წელი გაატარა და სენდბერგის შემდგომ, ორგანიზაციის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აღმასრულებელი ქალი იყო.
Facebook-ის Novi კრიპტოვალუტის განყოფილების ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, კევინ ვეილმა, კომპანია მარტში დატოვა – – ის სატელიტური გამოსახულების კომპანია Planet-ს შეუერთდა. ვეილი, Facebook-ის მცდელობაში, შეექმნა კრიპტოვალუტა და საფულე, წამყვანი ფიგურა იყო. საფულე, სახელწოდებით Novi, Coinbase-ტექნოლოგიით, გასული წლის დასაწყისში გამოვიდა, ხოლო ვალუტა Diem-ი, რომელსაც ამჟამად დამოუკიდებელი ასოციაცია მართავს, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ჯერაც არ გამხდარა. ვეილის წვლილი Instagram-ში მუშაობისას, Stories-პროდუქტის განვითარებაშიც გადამწყვეტია.
კომპანია დატოვა ვირტუალური რეალობის ვიცე-პრეზიდენტმა უგო ბარამ. ბარამ, რომელიც მანამდე Xiaomi-სა და Google-ში Android-ის პროდუქტის ვიცე-პრეზიდენტად მუშაობდა, დეკემბრის დასაწყისში კოვიდ-19-ის ტესტირების სტარტაპ Detect-ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია დაიკავა. ათწლიანი მუშაობის შემდგომ Facebook-დან Instacart-ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე გადაინაცვლა ფიჯი სიმომ, რომელმაც ყოფილი კომპანიის მარკეტინგიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული აღმასრულებელი ქალი დირექტორის სტატუსი მოიპოვა. სიმოს როლი Facebook-ის ვიდეოკონტენტის, მათ შორის ავტომატური დაკვრის და პირდაპირი ტრანსლაციის პროდუქტების განვითარებაში უმნიშვნელოვანესია. მაიკ ვერდუ კი Facebook-ში გაფართოებული და ვირტუალური რეალობის ვიცე-პრეზიდენტი, ივლისში Netflix-ის თამაშების განვითარების ვიცე-პრეზიდენტი გახდა.
კომპანიის დატოვებისა და Felix Capital-ში გადასვლის შესახებ Facebook-ის Workplace ბიზნესკომუნიკაციების პროგრამული უზრუნველყოფის ხელმძღვანელმა, ჟულიენ კოდორნიუმ დეკემბერში განაცხადა. Facebook-იდან წამსვლელებს შორისაა ბრენდონ სილვერმენიც, CrowdTangle-ის დამფუძნებელი, რომელიც ორგანიზაციას 2016 წელს, ანალიტიკური ინსტრუმენტ CrowdTangle-ის შეძენასთან ერთად შეუერთდა. CrowdTangle-ი Facebook-ის პოპულარულ პოსტებზე დაკვირვებისთვის გამოიყენება.
ჯერჯერობით თანამდებობაზე რჩება, თუმცა 2022 წელს სამსახურის დატოვებას აპირებს ტექნოლოგიების მთავარი ოფიცერი მაიკ შროპფერი. თუმცა ის ნახევარგანაკვეთიანი სამუშაო გრაფიკით კვლავ ითანამშრომლებს Facebook-თან და კომპანიას ტექნიკური ტალანტების დაქირავებაში დაეხმარება, ასევე ხელს შეუწყობს კომპანიის ხელოვნური ინტელექტის პროექტების განვითარებას. ნოემბერში სამსახურის დატოვებაზე განაცხადა კრიპტოვალუტის პროექტების ხელმძღვანელმა დევიდ მარკუსმა, რომლის ამბიციებიც, 2020 წლისთვის, ბლოკჩეინის ვალუტა Libra-სა და ციფრული საფულე Calibra-ს გამოშვებასთან დაკავშირებით, მარეგულირებლებისა და კანონმდებლების მკაცრი რეაქციის გამო ვერ განხორციელდა. მარკუსის განცხადების შემდგომ კი, ძალიან მალე, კომპანიიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება Messenger-ის განყოფილების ხელმძღვანელმაც მიიღო. სტენ ჩუდნოვსკი Facebook-ს 2022 წლის მეორე კვარტალში, ორგანიზაციაში 7-წლიანი მუშაობის შემდგომ დატოვებს.
დატოვე კომენტარი