ამბები მნიშვნელოვანია მარკეტინგისთვის. ცუდი ამბავი შეიძლება ბრენდს მთელი ქონება დაუჯდეს. კარგი ამბით შეიძლება დიდი მოგება ნახოს. წლების განმავლობაში საქართველო გლობალურ ტურისტულ ბაზარზე თავის დამკვიდრებას ასეთ მოგებულ ბრენდად ცდილობდა.
დღეს ორი ამბავი გვაქვს და დიახ, ორივემ საერთაშორისო ყურადღება უკვე მიიპყრო.
პირველი: BBC-იმ, Aljazeera-მ, IPI-მ და კიდევ ბევრმა გააშუქეს „ტვ პირველის“ ოპერატორის ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას ამბავი, რომელსაც ანტი- LGBTQ-აქციაზე მხეცურად გაუსწორდნენ, სახის ძვლები ჩაულეწეს და მანამდე სრულიად ჯანსაღი თვალი ქირურგის დანისთვის გაიმეტეს. ამ ამბიდან რამდენიმე დღეში ლექსო ლაშქარავა დედამ ლოგინში გარდაცვლილი იპოვა. როგორ მოექცა მის ცხედარს პოლიცია, ეს კიდევ ცალკე ამბავია, რომლის აღწერასაც ისევ მისი კოლეგები – ოპერატორები თუ შეძლებდნენ, თორემ სიტყვებით ამის გადმოცემა თითქმის შეუძლებელია.
მეორე: Independent-მა, VOA-მ, Eurasianet-მა და კიდევ ბევრმა გააშუქა, როგორ დაჭრეს იმავე აქციაზე ჰომოფობიურმა ძალებმა პოლონელი ტურისტი. თვითმხილველები ამბობდნენ, რომ თავდამსხმელებს ის გეი ეგონათ. საბედნიეროდ, დღეს პოლონელი ტურისტი თავს უკეთ გრძნობს და ლექსო ლაშქარავასგან განსხვავებით, რომელიც კრიტიკული მედიის ოპერატორი იყო, დაშავებული პოლონელი ტურისტი ეკონომიკის მინისტრმა მაინც მოინახულა და აღნიშნა, რომ ეს „იზოლირებული შემთხვევა“ იყო და ქვეყნის ზოგად განწყობებთან ტურისტების მიმართ საერთო არაფერი ჰქონდა.
ორივე ეს ამბავი აჩვენებს, რამდენად მოიცვა თბილისი სიძულვილის ჯგუფების ძალადობამ ამ დღეებში და რამდენად ვერ დაიცვა სახელმწიფომ ვერც თავისი მოქალაქეები და ვერც სტუმრები. ჯერ კიდევ ძალიან მკაფიო კითხვაა პასუხგაუცემელი, თუ რატომ არ იყო ამ აქციაზე მობილიზებული პროპორციული საპოლიციო ძალები.
ამასთან, ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური საკითხი. ეკონომიკური საკითხიც არის. როგორც კი საერთაშორისო მედიით პირველი ცნობები გავრცელდა თბილისში ძალადობრივი აქციის შესახებ, თითქმის მომენტალურად ჯავშნებმა გაუქმება დაიწყეს. პოსტი პოსტს ცვლიდა ფეისბუკზე – სასტუმროების მენეჯერები გაუქმებული ჯავშნების სქრინშოტებს ავრცელებდნენ. და ეს ყველაფერი მაშინ, როცა ლოკდაუნი თითქმის მოიხსნა, როცა ტურისტების ინტერესი ამ ქვეყნის მიმართ ისევ იღვიძებდა, როცა ეკონომიკამ აღდგენისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო და როცა ქვეყნის მშპ-ში ყველაზე დიდი წილი სწორედ ტურიზმს და ზოგადად, სერვისინდუსტრიას უჭირავს.
მაგრამ ამ ძალადობის უარყოფითი გავლენა უფრო ფართოა, ვიდრე მხოლოდ ტურიზმზე მიტანილი პირველი მძიმე დარტყმა. დააბანდებთ თუნდაც 1 თეთრს ქვეყანაში, რომელიც არასტაბილურია და რისკებს უმატებს COVID-19-ით გამოწვეულ გაურკვევლობას, მთელ მსოფლიოს ისედაც რომ აშინებს? ისწავლით საქართველოში, როცა იცით, რომ ძალადობრივი ჯგუფები უცხოელებს დევნიან? იმუშავებთ საქართველოდან, როცა იცით, რომ ქუჩაში დაცული არ ხართ? მხარს დაუჭერთ საქართველოს, როცა ხედავთ, რომ ის ცურდება დემოკრატიული ვექტორიდან, პატივს აღარ სცემს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, არ იცავს განსხვავებულ შეხედულებას და ღიად აცხადებს, რომ უმცირესობა უმრავლესობის დიქტატს უნდა დაექვემდებაროს?
დღეს ჩვენ – ნაცემი ჟურნალისტები – ზუსტად ასე აღვიქვამთ რეალობას.
ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვინდა!
ჩვენ გვინდა ამბები, რომლებსაც საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის ბილეთი მოაქვს!
ეს არის ჩვენთვის დიდი მოგება!
დატოვე კომენტარი