სოციალური მომსახურების სააგენტომ, ევროკავშირის დახმარებით, პირველად ჩაატარა ვაკანსიების მონიტორინგი. კვლევის შედეგებით ჩანს, რომ როგორც თბილისის, ისე რეგიონების მასშტაბით ძირითადი მოთხოვნა არის დაბალი და საშუალო კვალიფიკაციის მქონე კადრებზე. ფაქტიურად ყველა რეგიონში გასული, მიმდინარე და მომავალი ვაკანსიების ჩამონათვალში რაოდენობით ლიდერობს მშენებლობისა და მომსახურების სექტორებში არაკვალიფიციური მუშების ვაკანსიები. ერთადერთი განსხვავება ამ თვალსაზრისით არის მასშტაბში – თბილისში ვაკანსიების რაოდენობა გაცილებით მაღალია, ვიდრე რეგიონებში მთლიანად.
ვაკანსიების 58%-ის შემთხვევაში დამსაქმებლები ითხოვენ ბაზისურ განათლებას, 25%-ის შემთხვევაში პროფესიულ განათლებას, 9%-ის შემთხვევაში უმაღლეს განათლებას, ხოლო 8%-ის შემთხვევაში განათლებას მნიშვნელობა არა აქვს.
კვლევის მიხედვით, კადრის აყვანისას დამსაქმებელი ხშირად აყენებს გადაჭარბებულ მოთხოვნებს, როგორც განათლების ცენზის, ასევე ზოგადი უნარების ფლობის თვალსაზრისით. მაგალითად, ითხოვს უმაღლეს განათლებას და ლიდერობის/კრიტიკული აზროვნების უნარებს არაკვალიფიციური მუშების შემთხვევაში. ამასთანავე, სპეციფიკური უნარები, რომლებიც ამოსავალია კადრის რელევანტურობის შესაფასებლად, უმრავლეს შემთხვევაში განუსაზღვრელია.
პროფესიული განათლების მქონე სპეციალისტებზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია თითოეული რეგიონის შემთხვევაში და განსხვავდება რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე. დეფიციტურ პროფესიებში ჭარბობს სწორედ პროფესიული განათლების მქონე პოზიციები.
“აღსანიშნავია, რომ ვაკანტური პოზიციების შევსების პრობლემა ძირითადად ორი ტიპის დეფიციტით არის განპირობებული. არსებობს პოზიციები, რომლებიც ვერ ივსება შესაბამისი განათლების/პროფესიის მქონე კადრის ნაკლებობის ან არარსებობის გამო (მაგ. გურიაში ქიმიკოსის შემთხვევა) ან იმის გამო რომ კადრი დაბალკვალიფიციურია (მაგ. მიმტანები და ბუღალტრები). თუმცა, ამავდროულად არსებობს პოზიციები, რომელთა შევსება ვერ ხერხდება დამსაქმებლის მიერ შეთავაზებული მძიმე სამუშაო პირობების გამო (დაბალი ხელფასი უმთავრესი მიზეზია). ეს უკანასკნელი, როგორც წესი, მოიცავს დაბალი და საშუალო კვალიფიკაციის მქონე პოზიციებს, როგორიცაა სანიტრები, ბარმენები, არაკვალიფიციური მუშები და სხვა“, – ნათქვამია კვლევაში, სადაც ასევე ვკითხულობთ, რომ მიუხედავად იმისა. რომ დაბალი ანაზღაურების გამო დამსაქმებლებს უჭირთ გარკვეული პოზიციების შევსება, ისინი არ გეგმავენ ხელფასის გაზრდას და პრობლემის მოგვარებას უფრო დაბალკვალიფიციური კადრის აყვანით ან მათი სხვა რეგიონიდან ჩამოყვანით ცდილობენ.
თბილისში ბოლო 6 თვის განმავლობაში გამოცხადებულ ვაკანსებს შორის (ჯამში 5674 ვაკანსია) რაოდენობრივად ჭარბობდა პოზიციები არაკვალიფიციურ და დაბალკვალიფიციურ კადრებზე – გამყიდველებსა და პროდუქციის დემონსტრატორებზე (1524 ვაკანსია), არაკვალიფიციურ მუშებზე (880 ვაკანსია), მომხმარებლებთან მომუშავე პერსონალზე (448 ვაკანსია), ვაჭრობის სფეროს არაკვალიფიციურ მუშებზე (316 ვაკანსია) და ა.შ. მოთხოვნილ კადრებს შორის გვხვდება ასევე სპეციალური განათლების საჭიროების პროფესიები – შემდუღებლები, მჭედლები, ზეინკალ-მეხელსაწყოეები, სამრეწველო საწარმოს ოპერატორები, მზარეულები, მექანიკური მოწყობილობების ტექნიკოსები, ელექტრული და ელექტრონული მოწყობილობების მექანიკოსები. მაღალკვალიფიციური კადრიდან მოთხოვნა იყო მენეჯერებსა და ექიმებზე.
თბილისში გამოკითხული ორგანიზაციებიდან 38 მომდევნო 6 თვის განმავლობაში 2129 ახალი თანამშრომლის აყვანას გეგმავს. აღნიშნული ვაკანსიების ანალიზი აჩვენებს, რომ სამომავლოდ თბილისში მოთხოვნა კვლავ იქნება დაბალ და არაკვალიფიციურ მუშაკებზე ძირითადად სამშენებლო კომპანიებში (არაკვალიფიციური მუშების 487 ვაკანსია), საცალო ქსელურ ვაჭრობასა (მაღაზიის გამყიდველების და საქონლის დემონსტრატორების 695 ვაკანსია) და მომსახურების სფეროში (მომხმარებლებთან მომუშავე მოსამსახურეების 422 ვაკანსია).
დატოვე კომენტარი