გლენ რეიდის რარიტეტული მინიატურული მოტორიზებული ავტომანქანების კოლექცია ნამდვილი სამოთხეა ტექნიკური სიახლეების მოყვარულთათვის.
გასული საუკუნის შუა პერიოდის მანქანის ტარების კურსებზე ერთობ ინტენსიურ საინჟინრო სწავლებას ჰქონდა ადგილი. ვიდრე საჭესთან დაჯდომის ნებას დაგრთავდნენ, კარგად უნდა გცოდნოდა, თუ როგორ მუშაობს გადაცემისა და ძრავას ბლოკები, რაც სრულად ფუნქციონალური მინიატურების შესწავლით მიიღწეოდა. ამ მაგიდაზე დასაწყობ ავტომანქანებში ფეხის მუხრუჭი და ფარებიც კი მუშაობს; მათში სპეციალურად არის ამოღებული სექციები, რათა ყველა მექანიზმი კარგად გამოჩნდეს.
დღესდღეობით გერმანული სასწავლო მოდელები დიდ იშვიათობას წარმოადგენს – ისინი უფრო იშვიათიც კია, ვიდრე მძღოლები, რომელთაც დიფერენციალის განმარტება შეუძლიათ – კოლექციონერებს ამ მინიატურების ხელში ჩაგდება ალბათ იმავე მიზეზის გამო სურთ, რის გამოც კლასიკური მანქანები უყვართ. “ეს მინიატურები მეტად მაღალი სტანდარტების ეპოქის დასასრულს წარმოადგენს, – ამბობს Heritage Auctions- ის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლას დოუისი. – ძალიან რთულია ინჟინრული თვალსაზრისით ხარისხიანი პროდუქციის პოვნა და ადამიანებს მოსწონთ საილუსტრაციოდ მოსახერხებელი მექანიკური ნივთების ფლობა”.
ადამიანი, რომელიც ვერაფრით ვერ დაკმაყოფილდა ასეთი მანქანებით, მიჩიგანელი მეწარმე გლენ რეიდი გახლდათ. მართვის კურსების სასწავლო მოდელების გარდა, იგი აგრეთვე ორთქლმავლების, ტრაქტორების, მატარებლებისა და გემების მოდელებსაც აგროვებდა – მას, ფაქტობრივად, მთელი საწარმოო რევოლუცია ჰქონდა წარმოდგენილი მინიატურაში – და ამგვარად ავსებდა თავის კერძო კოლექციას, რომელსაც Flexible Products Co.-თან ერთად ფლობდა; ეს გახლდათ კომპანია, რომელიც აწარმოებდა ხმის ჩამხშობის რეზინის საკიდებსა და მექანიზმების სხვა შიდა დეტალებს დეტროიტის მანქანათმშენებელი ქარხნებისთვის. მეოთხედი საუკუნის განმავლობაში რეიდმა რამდენიმე ათასი მინიატურული მოდელი შეაგროვა – უმრავლესობა ხელით ნაკეთები – ბევრი მათგანი საწვავზე მუშაობს, სრული ზომის ორიგინალი მოდელების მსგავსად. (“ერთხელ რომ დავიწყე, ვეღარ გავჩერდი”, – თქვა მან დეტროიტის გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში 2011 წელს). გასულ წელს რეიდი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა და მისი მუზეუმი მაისში დალასის Heritage-ის აუქციონზე იქნება გამოტანილი.
ეს სრული დეტალებით დაკომპლექტებული კოლექცია ბაზარზე გამოდის, როგორც მექანიკური მოდელები და მექანიკური სიახლეების მოყვარულთათვის სასურველი საკოლექციო ნივთები. ძირითადი აუდიტორიის ყურადღების მოზიდვა სატელევიზიო პროგრამებისა (მაგ. American Pickers) და ე.წ. “მანტიკური” მაღაზიების (ეს არის ძველი ნივთების მაღაზია, სადაც, როგორც წესი, მამაკაცებისათვის განკუთვნილი ნივთები იყიდება, მაგ. ანკესები, უნაგირები) მეშვეობით ხდება მანჰეტენიდან მილუოკიმდე. მთელი ეს პროცესი ფასებზეც მოქმედებს; დოუისის თქმით, ფასები იზრდება ოცსა და ოცდაათ წელს გადაცილებული ახალგაზრდა კოლექციონერების ახალი ტალღის ზემოქმედებით, რომელთაც მოდელების ვიზუალურ მხარესთან ერთად მათი ხელმისაწვდომობაც იზიდავს.
“ეს ისეთი ნივთებია, რომელთაც საწერ მაგიდაზე ან შენს “ბუნაგში” დაალაგებ და ყველა, ვინც მათ ნახავს, იტყვის “რა მაგარია”, – ამბობს იგი. – მათი ფასი იშვიათად აღემატება 5000 აშშ დოლარს”. მაგალითად, რეიდის ერთ-ერთი უსაყვარლესი მოდელი, სავარაუდოდ, რამდენიმე ათასად გაიყიდება. თუმცა კი, ამ ფასში მართვის სწავლების საფასური არ შედის.
(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Life Georgia-ს ოქტომბრის ნომერში)
დატოვე კომენტარი